ვაკეში 22 წლის გოგოს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა? – რა მოხდა ბარნოვის 77-ში

ვაკეში 22 წლის გოგოს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა? - რა მოხდა ბარნოვის 77-შიცოტა ხნის წინ, ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც imedinews-მა გაარკვია, გარდაცვლილი 1993 წელს არის დაბადებული. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის ზუსტდება, თუ ვის ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგო, რომელიც მოგვიანებით მოკლეს, დასთან იყო სტუმრად მისული, თუმცა არსებობს ვერსია იმის შესახებაც, რომ დები ერთად ცხოვრობდნენ ამ სახლში.

კიდევ ერთი დეტალი: imedinews-ისთვის ცნობილია, რომ მკვლელობის დროს სახლში, რომელიც ბარნოვის 77-ში, მეორე სართულზეა, ხალხი იყო, მათ შორის ბავშვებიც.

ამ დროისთვის, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ბარნოვის ქუჩაზე კი მოძრაობა გადაიკეტა.

რუსთავი 2-ის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, ბარნოვის ქუჩაზე 22 წლის გოგოს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლულის დედას და მის ყოფილ მეუღლეს სასამართლოში დავა ჰქონდათ, მამაკაცი ყოფილ ცოლთან შერიგებას ითხოვდა. მეზობლების ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე მას შვილის მოკვლით ადრეც დაემუქრა.

მოკლულ 22 წლის გოგოს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ცნობილია, ისინი დედის მკვლელობას შეესწრნენ.

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ.