ვახტანგ მაისაია: “ამერიკამ სირიაზე დარტყმით რუსეთს ძალა აჩვენა – სამხედრო თვალსაზრისით ეს შეტევა უშედეგო გამოდგა”

სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, გრძელვადიანი თვალსაზრისით, ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმას ეფექტი არ ჰქონია. რაც შეეხება ამ ფაქტზე საქართველოს გამოხმაურებას, ეს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე უნდა მომხდარიყო.
– ბატონო ვახტანგ, გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სამმა სახელმწიფომ ერთობლივი შეტევა განახორციელა სირიის ქიმიური იარაღის მწარმოებელ ობიექტებზე. შეგვიძლია შედეგზე ვისაუბროთ? 
– მოკლევადიანი თვალსაზრისით, ამ დარტყმას ეფექტი ჰქონდა. ამერიკამ რუსეთს ანახა თავისი პოტენციალი.
– რა პოტენციალი?
– ამერიკამ აჩვენა, რომ, რუსეთისგან განსხვავებით, თავის სიტყვას ასრულებს. რუსეთი აცხადებდა, რომ თუ მოხდებოდა დარტყმა, არამარტო ჩამოაგდებდნენ მოწინააღმდეგის რაკეტებს, არამედ იმ ქვეყანას დაუმიზნებდნენ, საიდანაც რაკეტები წამოვიდოდნენ.
– ჩამოაგდეს, მაგრამ, მგონი, ძალიან მცირე რაოდენობით.
– მცირე რაოდენობით ჩამოაგდეს, მაგრამ სირიის თავდაცვის სისტემებმა. ამ პროცესში რუსები საერთოდ არ მონაწილეობდნენ. მოკლევადიან ვარიანტში რუსეთს ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს. გრძელვადიანი ვარიანტში ამ დარტყმას ეფექტი არ მოჰყოლია და არაფრის მოტანა არ შეუძლია. ძალიან საინტერესოდ დასვა კითხვა დიდი ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, თუ ბაშარ ასადმა განახორციელა ქიმიური შეტევა და გინდათ დასაჯოთ, მაშინ რატომ არ სჯით მას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოშიო. ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ ეს დარტყმა არ იყო გათვლილი ბაშარ ასადის თანამდებობიდან გადასაყენებლად.
– ჰააგის სასამართლოში პროცესი რომ წარიმართოს და ასადი დაისაჯოს, ჯერ ხომ გამოძიება და მტკიცებულებებია საჭირო.
– ბუნებრივია, მაგრამ მის წინააღმდეგ დარტყმის განხორციელება ნიშნავს მის დადანაშაულებას ქიმიური იარაღის გამოყენებაში. როცა ურტყამ ასადის შეიარაღებულ ფორმირებებს და დედაქალაქ დამასკოს, რომელსაც ასადის რეჟიმი აკონტროლებს, ეს ნიშნავს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების მთავარი ორგანიზატორი ოფიციალური სირიის ხელმძღვანელობა და ბაშარ ასადია.
– ანუ სირიაზე დარტყმა განხორციელდა არა ასადის გადასაყენებლად, არამედ ვიღაცისთვის ჭკუის სასწავლებლად, ვთქვათ, რუსეთისთვის ან ირანისთვის, რომელიც მას უჭერს მხარს?
– ალბათ, ეს ასე იყო. ტრამპმაც დაწერა, რომ მისია შესრულებულია, რაც იმას ნიშნავს, ამ დარტყმამ არავითარი ზიანი არ მიაყენა ასადის რეჟიმს. საკითხავია, რამდენად განადგურდა ქიმიური ლაბორატორიები (ქიმიური იარაღი რომ იყო, საეჭვო არ არის). ამიტომ სირიაში ქიმიური იარაღისაგან თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩადიან, რომლებსაც გაერომ მიანიჭა უფლება ადგილზე გამოიძიონ და დაადგინონ, როგორ და რა ვითარებაში გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ფაქტობრივად, ასეთი ნაჩქარევი ქმედება, ძირითადად ამერიკის მხრიდან, სხვა ინტერპრეტაციას არ ტოვებს.
– ამბობთ, ეს დარტყმა შედეგის მომტანი არ იყოო, ამერიკას, ინგლისს და საფრანგეთს რომ მოენდომებინათ, სირიას და ასადის რეჟიმს ზიანს ვერ მიაყენებდნენ? 
– მე ანალიზს ვაკეთებ სამხედრო სტრატეგიული, სამხედრო გეოსტრატეგიული კუთხით. ამ დარტყმის შედეგი იყო 110 მილიონი დოლარი გადაყრილი წყალში. გეოსტრატეგიული კუთხით თუ შევაფასებთ, ამ დარტყმის შედეგად ასადის რეჟიმის სამხედრო სტრუქტურებს არავითარი ზიანი არ მიუღიათ, პირიქით, ასადის რეჟიმმა მეორე დღეს, ამ დარტყმებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, აღმოსავლეთ გუტას რაიონი მთლიანად გაწმინდა მოწინააღმდეგისაგან და თავისი პოზიციები გააძლიერა.
იმ ობიექტების ფუნქციონირებაც, რომელთაც დარტყმა მიაყენეს, ნომინალური იყო, რადგან ქიმიური იარაღი, დიდი ალბათობით, განთავსებულია რუსეთის ან ირანელების კონტროლირებად სამხედრო ბაზებზე. ეს დარტყმა მიმართული არ იყო ირანელების წინააღმდეგ, მით უმეტეს, არც რუსების წინააღმდეგ. როდესაც ასეთ სერიოზულ სამხედრო ოპერაციას ახორციელებ (ახდენ სარაკეტო დარტყმებს ჰაერიდან და ზღვიდან), ამას სჭირდება სულ მცირე ორკვირიანი მომზადება, სერიოზული დაჯგუფების მობილიზაცია. ორი  ნაღმოსნიდან და რამდენიმე სტრატეგიული ბომბდამშენიდან მოხდა დარტყმა. მივიდა დანიშნულების ადგილამდე თუ არა, შედეგები ჩანს.
ასადი მეორე დღეს გამოვიდა და შეხვდა ოფიციალურ პირებს. ასადის რეჟიმის სამხედრო შენაერთებმა ჩაატარეს წარმატებული ოპერაცია, გაწმინდეს გუტის რაიონი და ახლა აწარმოებენ შეტევით ოპერაციას ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ. ამერიკელებმა დაარტყეს შაითანის ბაზას და შაითანის ბაზის ფუნქციონირება 3 საათის შემდეგ აღადგინეს. სამხედრო კუთხით  მორალურ-ფსიქოლოგიური ზიანის გარდა, სამხედრო გეოპოლიტიკური კუთხით არავითარი შედეგი არ მიუღია, 110 მილიონი დოლარი გადაიყარა წყალში.
– ალბათ, უღირდათ იმ 110 მილიონის წყალში გადაყრა.
– იმ კონტექსტში უღირდათ, რომ ეს იყო გეოფსიქოლოგიური და გეოპოლიტიკური დარტყმის მიყენება პუტინის რეჟიმის მიმართ.
– მით უმეტეს, რომ პუტინმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს, ანუ რუსეთი ერთგვარად წაჩაგრეს.  
– დიახ, ჩავთვალოთ, რომ დაჩაგრეს მოკლევადიან ვარიანტში. ეს შედეგები იყო მოკლევადიანი. ფაქტობრივად, ამ დარტყმამ ვერ შეცვალა გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური სიტუაცია. სიტუაცია დარჩა იგივე. ახლო აღმოსავლეთში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ამერიკელებს აქვთYმძიმე მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. ამერიკელები, ფაქტობრივად, ვეღარ აკონტროლებენ, აღარ გააჩნიათ დასაყრდენი ძალა სირიაში, გარდა იმ მცირე მონაკვეთისა, სადაც 2.000 ამერიკელია განთავსებული. სირიის ტერიტორიას დღეს მთლიანად აკონტროლებს სამი რეგიონული ჰეგემონი – რუსეთი, თურქეთი და ირანი. რუსული გავლენა გაიზარდა. პროამერიკული კოალიცია სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო და მასში შემავალი სახელმწიფოები გახლეჩილი არიან და ერთმანეთს უპირისპირდებიან. საუბარია საუდის არაბეთსა და ყატარზე. თურქეთიც ანტიამერიკულ გეოპოლიტიკურ თამაშის წესებზე გადავიდა.
– თუმცა, თურქეთის პრემიერ მინისტრი სირიის წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციას მიესალმა. სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა საკმარისი არ არის, ასადის წინააღმდეგ ამერიკას უფრო მეტი უნდა გაეკეთებინაო.
– თურქეთი მიესალმებოდა იმ მიზეზის გამო, რომ პროთურქული ადგილობრივი ზომიერი და სხვა ტიპის ოპოზიციური დაჯგუფებები, როგორებიცაა სირიის ნაციონალური არმია, სირიის თავისუფალი არმია და კიდევ სხვა დაჯგუფებები, თურქეთის მხარეს იბრძვიან. ისინი პირდაპირ ასადის რეჟიმს ებრძვიან.
ფაქტობრივად, ასადის რეჟიმი ერდოღანის პირდაპირი მტერია, მაგრამ ერდოღანს ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ მას ჰქონდეს თანამშრომლობითი ურთიერთობა ირანთან და რუსეთთან. ერდოღანმა ფორმალურად თამაშის წესები არ დაარღვია და თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე განხორციელებული დარტყმები მიიღო ისე, როგორც უნდა მიეღო.
სამაგიეროდ, ერდოღანმა მიმართა სატელეფონო დიპლომატიას პუტინსა და ტრამპს შორის. სირიაზე სარაკეტო დარტყმის მეორე დღესვე დაურეკა პუტინს და ესაუბრა, ჩვენ არ ვიცით, მათ რა ისაუბრეს, რა მედიატორული როლი დაეკისრა თურქეთს. თურქეთმა თამაში ორმხრივად წარმართა. არც ამერიკას აწყენინა და არც მის ახალ მოკავშირეებს, რუსეთსა და ირანს.
– ამ პროცესში საქართველო სად არის? ამერიკის ქმედებებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა. ამ სიტუაციაში ჩვენ მხარდაჭერა რას ნიშნავს?
– ფორმალურად მხარი უნდა დავუჭიროთ. ფორმალურად ჩვენ ადრეც ვიყავით პროამერიკული კოალიციის წევრები, რომლებიც მოქმედებდნენ სირიაში. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ პროდასავლური, პროამერიკული საგარეო პოლიტიკური კურსი გვაქვს აღებული. უცნაური იქნებოდა, ამერიკის მხარდამჭერი განცხადება რომ არ გაგვეკეთებინა. თუმცა, ჩვენი ხმა არის ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მაგრამ ჩვენებმა ვალი მოიხადეს.
ერთია განცხადება და მეორეა ამ განცხადების უკან რა შინაარსი და ძალაა. საინტერესოა, რომ ამერიკის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია პრემიერ მინისტრს, პრეზიდენტს. განცხადება  და გააკეთა ისეთმა პიროვნებამ, რომლის სიტყვას თვითონ მთავრობაშიც არავინ აქცევს ყურადღებას და მისი წონა პოლიტიკურ სცენაზე საკმაოდ მსუბუქია.
თუ ქვეყანას უნდოდა წარმოეჩინა თავისი რეალური პოზიცია, ცოტა მძიმეწონოსან პოლიტიკოსს უნდა გაეკეთებინა განცხადება და არა – საგარეო საქმეთა მინისტრს. ამგვარი განცხადების გაკეთება საგარეო საქმეთა მინისტრის პრეროგატივაა, მაგრამ დღევანდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ქართულ პოლიტიკაზე, საერთაშორისო დონეზე, იმ სიტუაციაში, როცა საქართველო, საერთოდ, ამოვარდნილია საერთაშორისო პიარპროცესებიდან, მხარდამჭერი განცხადების გაკეთება პრემიერ მინისტრს ან პრეზიდენტს უფრო მართებდა, განცხადება სულ მცირე პარლამენტის თავმჯდომარეს რომ გაეკეთებინა უფრო უპრიანი იქნებოდა.
– საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე ვიცე პრემიერიცაა.
– გინდა ვიცე პრემიერი იყოს, გინდა გაეროს გენერალური მდივანი, პოლიტიკური პროცესებზე, საერთოდ, არავითარი გავლენა არ აქვს.
– ამ ორომტრიალში და დიდი სახელმწიფოების კუნთების თამაშში ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები სად არიან? გვეგონა, ისლამური სახელმწიფოს საცეცები არ შეგვეხებოდა, მაგრამ ჩვენთანაც ხომ გამოჩნდნენ ძალიან ცუდად.
– თქვენ ზუსტად შეაფასეთ, რაც ხდება. ისლამურ სახელმწიფოს თავისი პრობლემები გააჩნია. როდესაც ხდება გიგანტების დაპირისპირება, ისინი სხვაგან არიან გააქტიურებული. სირიაში დამასკოსთან ახლოს საკმაოდ დიდი ტერიტორიას აკონტროლებენ. ასადის რეჟიმი აკეთებს ბოლო ძალების მობილიზაციას, რომ დაარტყას და ხალიფატის მებრძოლებისგან ტერიტორია გაწმინდოს, გაწმინდოს დამასკოსთან ახლოს საკმაოდ სერიოზული რაიონი, იარმუკის ბანაკი.
ისლამური სახელმწიფო გააქტიურდა ავღანეთში, სინაიზე და სხვა გეოგრაფიულ მნიშვნელოვან არეალებში. ისინი, სამწუხაროდ, თავის საქმეს აკეთებენ.
– შეიძლება ჯერ ასადი სჭირდებათ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად და ასადის რეჟიმის განდევნის საქმე ბოლომდე ამიტომ არ მიჰყავთ.
– შეიძლება ასეც არის, შეიძლება სხვა გარემოებაა. როდესაც ამ პროცესში ერთმანეთს უპირისპირდება ამერიკა, რუსეთი და სხვა კოალიციები, ეს ბუნებრივად წყალს ასხამს ისლამური სახელმწიფოს წისქვილზე. დღეს ახალი ცივი ომის პიკია. სირიაზე დარტყმით ამერიკელებმა თავისი პრესტიჟი შეინარჩუნეს. ამერიკელების მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში არის ძალიან მყიფე, ხისტი. ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ინტერესები ასეთი ხისტი არასოდეს ყოფილა. ამერიკის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში არიან  იორდანია და ისრაელი. ამ მიმართულებით შესუსტებული საუდის არაბეთი ამერიკის საიმედო მოკავშირე ვერ იქნება. ამერიკას ბაზები გააჩნია ყატარსა და სხვა ადგილებში, მაგრამ მისი გეოპოლიტიკური გავლენა ამ რეგიონში შესუსტდა.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018