ვეფხვია ბაქრაძე თელეთში დააკავეს

ვეფხვია ბაქრაძე თელეთში დააკავესბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაღუპულის ყოფილი მამინაცვალი, 1972 წელს დაბადებული ვეფხვია ბაქრაძე სოფელ თელეთში დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ძალოვან უწყებაში გამართულ ბრიფინზე თქვა.

„2015 წელს ვ.ბ დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს ვ.ბ.-მ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძების შედეგად ვ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თელეთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, შემთხვევის ადგილიდან ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება დედის მიმართ ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – თქვა მეზვრიშვილმა.
მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. გარდაცვლილია 1993 წელს დაბადებული ქალი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იმყოფებოდა. მკვლელობა სახლში ბავშვების თვალწინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა შურისძიება იყოს. ოჯახის წევრების თქმით, ბაქრაძე ყოფილ ცოლს შვილის მკვლელობით ემუქრებოდა.