ზვიად კუპრავა – “მირზა სუბელიანს პრობლემები შეექმნება პროკურატურაში განაჩენის დადგომის შემდგომ… ბორის კაკუბავამ დამირეკა და დანაბარები გადმომცა – მშვიდობა შევინარჩუნოთო”

გასული წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს. ამ საქმეზე არაერთი სკანდალი აგორდა და წინ კიდევ ბევრი სკანდალი გველოდება. სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ამ საქმეზე არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გაასაჯაროვა.
ამან საგამოძიებო უწყება ისე შეაწუხა, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი. ამის მიუხედავად, კუპრავასგან მოსვენება მაინც არ ეღირსათ.
ის ხშირად ამბობდა, რომ პროკურატურას ვიღაც სკანდალური ფაქტების გასაჯაროებით აშანტაჟებდა. ამ დღეებში მან ამ ადამიანის ვინაობაც დაასახელა. სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საგამოძიებო უწყებას მირზა სუბელიანი აშანტაჟებს.
კონფლიქტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდის მკვლელობით დასრულდა, სწორედ მირზა სუბელიანის შვილის გამო დაიწყო. ამ გარჩევაში მისი დეიდაშვილიც მონაწილეობდა.
ზვიად კუპრავა ამბობს, რომ სუბელიანი პროკურატურას ციხიდან ვანო მერაბიშვილის კადრების გასაჯაროებით ემუქრება. აღსანიშნავია, რომ როცა ყოფილი შს მინისტრი საპატიმროდან გაიყვანეს, სუბელიანი სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა.
კადრებით შანტაჟის შესახებ კუპრავას გავრცელებულ განცხადებას სუბელიანის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
– ზვიად კუპრავამ შეიძლება თქვას, რომ მე იესო ჯვარს ვაცვი, მაგრამ თქვენ უნდა დამირეკოთ და მკითხოთ, მე ლურსმნები მქონდა თუ არა?! – უთხრა მირზა სუბელიანმა ჟურნალისტებს.
სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ მას სუბელიანის სიმამრი, ბორის კაკუბავა, დაუკავშირდა და სიძის დანაბარები გადასცა – მშვიდობა შევინარჩუნოთო.
რა იგულისხმებოდა მშვიდობის შენარჩუნებაში, რა ფირები უნდა გადაეცა მისთვის სუბელიანს, ვისზე და რა კომპრომატების ძებნა დაიწყო პროკურატურამ? ამის შესახებ ზვიად კუპრავა გვესაუბრება.
ზვიად კუპრავა:
– მინდა თქვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ სუბელიანების მხარესთან კომუნიკაცია ჩემი ინიციატივით არ შემდგარა. ადვოკატი მალხაზ პატარაია არის ჩემი მეგობარი და ახლობელი. ცოტა ხნის წინ მან დამირეკა და მითხრა, რომ ბორის კაკუბავა ჩემს ნომერს სთხოვდა. მკითხა, მივცე თუ არა შენი ნომერიო, ვუთხარი, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, თუ ჩემს ნომერს მისცემდა.
ჩვენი სატელეფონო საუბარი დაახლოებით 19.00 საათზე შედგა. რამდენიმე საათში, 23.00 საათზე, მირეკავს უცხო ნომერი. ვუპასუხე და იქეთა მხრიდან მითხრეს, გამარჯობა, მე ვარ ბორის კაკუბავაო. ჩვენ შორის პირველი კომუნიკაცია შედგა ასე.
– როდის შედგა თქვენ შორის პირველი საუბარი?
– პირველი კომუნიკაცია ორი კვირის წინ შედგა. ამის შემდეგ ჩვენ დაახლოებით ხუთჯერ გვქონდა კომუნიკაცია.
– ტელეფონით საუბრობდით?
– ჩემს ნომერზე მირეკავდა და ვოთსაპის მეშვეობით ვლაპარაკობდით. ბორისს არ დავუმალე და პირველივე საუბარში ვუთხარი, რომ ვიცოდი, რა კადრებიც ჰქონდა მის სიძეს. საუბარია ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებზე.
კაკუბავას პირით მირზა სუბელიანს შევუთვალე, რომ ეს კადრები ჩემთვის გადმოეცა. ჩვენი საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ბორისმა მითხრა, ახლა გვიანია, ხვალ ვნახავ ჩემს სიძეს და შენს დანაბარებს ვეტყვიო.
მეორე დღეს დამირეკა ბორისმა და მითხრა, რომ მირზას ჩვენი საუბრის შესახებ მოუყვა. მისი დანაბარებიც გადმომცა, მირზა თავად დამიკავშირდებოდა და შემხვდებოდა. ვუთხარი, დაველოდები, პრობლემა არ არის.
მირზა არ შემხმიანებია, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მისმა სიმამრმა დამირეკა. მითხრა, ჩემი სიძე ფრთხილი კაცია და სიფრთხილის გამო ის არ შეგხვდება, მაგრამ მისი ნდობით აღჭურვილი პირი მოვა შენთანო.
– ვინ იყო მირზას ნდობით აღჭურვილი პირი?
– მხოლოდ ის მითხრა, რომ ეს ადამიანი იმდენად სანდოა, ჩათვალე, რომ მირზას ელაპარაკებიო. ამაზეც დავთანხმდი. ბორის კაკუბავასთან ძირითადად ამ თემაზე მქონდა საუბარი.
– თავად მირზა სუბელიანთან არ გილაპარაკიათ?
– პირადად მასთან არ მილაპარაკია. მისი სიმამრის პირით მითვლიდა რაღაცებს და მეც მისი პირით ვუბარებდი ჩემს სათქმელს. ბორის კაკუბავას პირით მთხოვა, მშვიდობა შეგვენარჩუნებინა.
ამ დღეებში მან მედიასთან გააკეთა კომენტარი და ამან ძალიან გამაკვირვა. მირზა სუბელიანი, ეტყობა, გულუბრყვილოდ მთვლის და ჰგონია, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, კოსმოსში წავიდა და არ არსებობს. ასე თუ ფიქრობს, სხვა ყველაფერთან ერთად ის არაკომპეტენტურიც ყოფილა. სხვა თუ არაფერი, ძალოვანი უწყების თანამშრომელი იყო წლების მანძილზე და რაღაცების უარყოფას, იმედია, არ დაიწყებს. ბუნებაში რომ არაფერი არ იკარგება, ეს მირზამ ჩემზე კარგად უნდა იცოდეს.
სატელეფონო საუბარში კაკუბავასთან იმაზე მიდიოდა საუბარი, მომცემდნენ თუ არა იმ ჩანაწერებს. იმაზეც ვსაუბრობდით, რა ფორმით მოხდებოდა გადმოცემა. აინტერესებდათ, რა ბედი ეწეოდა ამ კადრებს ჩემს ხელში. ძალიან ღრმა დეტალებზე მიდიოდა საუბარი. არცერთი საუბრისას იმის უარყოფა არ მომხდარა, რომ ასეთი კადრები მათ ჰქონდათ.
– რატომ დათანხმდნენ ამ ჩანაწერების გადმოცემას? რამის სანაცვლოდ აპირებდნენ ამის გაკეთებას?
– მე მათთვის არანაირი პირობა და ულტიმატუმი არ წამიყენებია. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ვიცოდი, მირზა სუბელიანს ეს კადრები რომ ჰქონდა. ჩემთვის ისიც იყო ცნობილი, რომ ის ამ კადრების გასაჯაროებას აპირებდა. მან პროკურატურას პირდაპირ უთხრა, რომ თუ ისინი იმ ხალხს შეეხებოდნენ, ვისი შეხებაც მირზას არ აწყობდა, ამ კადრებს გაასაჯაროვებდა.
არ დავუმალავ თქვენს მკითხველს, რომ სუბელიანს პირდაპირ შევთავაზე, რომ მე, როგორც გამტარი, ისე გამოვეყენებინე. მან შეიძლება ყველაფერი უარყოს, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება. რა შუაში იყო მირზასთან იესოს ჯვარზე გაკვრა, არც ეს მესმის.
– პროკურატურაშია ნამუშევარი და შეიძლება პილატეს კომპლექსი სტანჯავს.
– ეგ არ ვიცი, რა სტანჯავს, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს კადრები, დღეს თუ არა ხვალ, დღის სინათლეს ნახავს.
ამ კადრების გასაჯაროვება ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურისთვის. ეს ყველაფერი თუ გამოაშკარავდება, საგამოძიებო უწყება სუბელიანის შანტაჟისგან გათავისუფლდება. უწყება დღეს მხოლოდ იმიტომ ექვემდებარება შანტაჟს, რომ ფირები გარეთ არ არის.
– თავად მირზა სუბელიანს რაში აწყობდა ამ ფირების სააშკარაოზე გამოსვლა? თავად ამბობთ, რომ ის ამით აშანტაჟებს საგამოძიებო უწყებას.
– რაში აწყობს და რამდენადაც მე ვიცი, პროკურატურა მირზა სუბელიანზე ეძებს კომპრომატებს. სხვათა შორის, მასზე კომპრომატებს “იმედში” ეძებენ. აქ ყველაფერი ნათელია – საგამოძიებო უწყება მირზა სუბელიანის გარშემო რკალს ავიწროვებს.
პროკურატურას და ზოგადად დღევანდელ ხელისუფლებას ასეთი თვისება აქვს – შანტაჟს არ პატიობენ. მირზას შანტაჟს, შესაძლოა, დღეს ექვემდებარებიან, მაგრამ როგორც კი ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენი დადგება, ამაზე აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს. სწორედ ამიტომ ეძებს პროკურატურა მასზე კომპრომატებს.
დიდი ალბათობით მაქვს იმის მოლოდინი, რომ განაჩენის დადგომის შემდგომ, მირზა სუბელიანს პრობლემები შეექმნება პროკურატურაში. ეს ხელოვნური პრობლემა იქნება თუ რეალურად რამეზე იქნება დაფუძნებული, ამას ვერ გეტყვით.
დღეს ხორავას საქმეზე ასეთი მოცემულობა გვაქვს – საქმის მთავარმა მოწმემ, ყველას თვალწინ, სასამართლოზე რამდენიმეჯერ შეცვალა ჩვენება. ეს არ იყო წინასწარი გამოძიების პერიოდში შეცვლილი ჩვენებები, სადაც მოწმეს შეუძლია არგუმენტად მოიყვანოს, რომ პოლიციას არ ენდობოდა.
სასამართლოზე, ფიცის ქვეშ, ერთ დღეს თქვა ერთი და მეორე დღეს, იგივე ფიცის ქვეშ განაცხადა, რაც გუშინ ვთქვი, მოვიტყუეო. ეს ფაქტიურად არის ჩვენების შეცვლა. ჩვენების შეცვლა, თავის მხრივ, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამაზე პროკურატურა თვალს ხუჭავს. რადგან ამაზე თვალს ხუჭავენ, გამოდის, რომ მოწმეს აფარებენ ხელს.
– ეს მოწმე სუბელიანთან კავშირშია?
– მისი ცოლის დისშვილია.
– ამ თემაზე რომ საუბრობთ, პრობლემა არ შეგექმნებათ? თქვენ ხომ გაუთქმელობაზე გაქვთ ხელი მოწერილი?
– საქმის დეტალებზე არ ვსაუბრობ. ჩემი და მირზა სუბელიანის კერძო საუბარი პროკურატურის საქმე არ არის. მაგათი საქმე არ არის, გავასაჯაროებთ თუ არა ამას.
– რადგან ისევ საუბარს დავუბრუნდით, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობდნენ ფრაზაში – მშვიდობა შევინარჩუნოთ.
– მე ბორის კაკუბავას არ მოვთხოვე დაეკონკრეტებინა, თუ რას გულისხმობდა მშვიდობის შენარჩუნებაში.
– რატომ არ სთხოვეთ დაკონკრეტება?
– ჩემთვის გასაგები იყო, რასაც გულისხმობდნენ. ამას, ვფიქრობ, მკითხველიც კარგად ხვდება. მათ, როგორც ჩანს, ისე იფიქრეს, რომ მე თუ მერაბიშვილის კადრებზე ვისაუბრებდი, ეს მირზასთვის ომის გამოცხადება იქნებოდა. სავარაუდოდ, ამას გულისხმობდა და მთლიანად ხორავას ქუჩის ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, სირიაში მშვიდობის შენარჩუნება არ ექნებოდა მხედველობაში.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018