“კვირიკაშვილის სანათესაოს ისე არ მიუქარავს, როგორც ღარიბაშვილისას და ამიტომაც არ გადადგა”

მოძრაობა “ქართულმა იდეამ” დააანონსა საპროტესტო მოძრაობა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ აღკვეთს მართლამადიდებელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. ეს გამოიხატება კონტრაცეფციულ პროდუქციაზე წმინდანთა გამოსახულებაში. ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობის ლიდერს, სინდისის ყოფილ პატიმარ ლევან ჩაჩუას
ლევან ჩაჩუა:
– ჩვენმა მოძრაობამ იმ ფირმას, რომელიც მართლამადიდებლობას შეურაცხყოფს, თბილისის მერიაში ვუჩივლეთ. ეს მერიის გადასაწყვეტი საკითხია. კანონით აკრძალულია უხამსი შინაარსის პროდუქციის გამოშვება და რელიგიური უფლებების შელახვა. საჩივარი შეტანილია 28 მარტს. მერიის შესაბამისი სამსახური ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება.
როგორც ჩანს, ეს განგებ ჭიანურდება. ამ კომპანიის მეპატრონეების დახასიათება საჭიროც არ არის, მაგრამ ნუთუ ნამუსზე ხელი აიღეს იმათაც, ვისაც ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა აბარია? შეიძლება, რომ მოიწონო პრეზერვატივზე წმინდანი თამარ მეფის სახე? ბედის ირონიით, მერიის იმ სამსახურს, ვისაც მივმართეთ, სათავეში ბაგრატიონი უდგას. როგორ დავიჯეროთ, რომ ბაგრატიონს ასეთი სიბილწე მოსწონს? ამ ფირმამ სააღდგომო თემატიკაც გამოიყენა და პრეზერვატივებზე პასკისა და წითელი კვერცხების დახატვასაც არ მოერიდა.
– მერიას 28 აპრილამდე დაელოდებით?
– ამ დრომდე მოვიცდით. თუ კანონდარღვევაზე არანაირი რეაგირება არ იქნა, დავიწყებთ საპროტესტო მოძრაობას. ეს ისეთი საკითხია, რომელიც თითქმის მთელ საზოგადოებას ძალიან აღელვებს. ხალხი ამაზე დიდი ხანია ბობოქრობს. ხელისუფლების წარმომადგებლები დიდი კელაპტრებით ხელში ესწრებოდნენ სააღდგომო წირვას. ისინი დადიან ეკლესიებში, იწერენ პირჯვარს. ამ დროს ქვეყანაში ებრძვიან ეკლესიას და ფეხქვეშ თელავენ სიწმინდეებს. ასეთი ფარისევლობით ხალხს ვერ მოატყუებენ. ეკლესიამაც მკაცრი ზომები უნდა გაატაროს.
– რას გულისხმობთ?
– ეკლესიამ უნდა იმოქმედოს საეკლესიო სამართლის შესაბამისად. პასუხი უნდა აგებინოს იმათ, ვინც ამგვარ ვაიბიზნესზე ნებართვებს გასცემს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა ზღონ ამ უმსგავსობის გამო. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ გამეორდეს.
– ბოლო დროს ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირება გამწვავდა და სააშკარაოზე გამოვიდა. ამ დაპირისპირებული ჯგუფებიდან რომელიმე თუ იზიარებს თქვენ მიერ ნახსენებ შეხედულებებს?
– ჩვენს იდეოლოგისთან ახლოს არც ერთ ჯგუფი არ არის. რელიგიასთან დამოკიდებულებაში “ქართული ოცნება” ფაქტობრივად არ განსხვავდება ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმისგან. კონფლიქტი ხალხს “ქართულ ოცნებაში” ნამდვილად აქვს. ეს პირები იბრძვიან გავლენების, წილების, თანამდებობებისა და მომავალი ადგილებისათვის. გიორგი კვირიკაშვილს წყალი შეუყენეს. პრობლემა ისაა, რომ იგი ღარიბაშვილივით მაშინვე არ გადადგა. კვირიკაშვილი არ აცხადებს კაპიტულაციას. ალბათ, მის სანათესაოს ისე არ მიუქარავს, როგორც ღარიბაშვილისას და იხანგრძლივებს პრემიერობას.
ამის გამო მას მიუსიეს ხალხი. ვგულისხმობ როგორც მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ისე საპარლამენტო ჯგუფს კობახიძის, ჩუგოშვილის, თალაკვაძის, მდინარაძისა და სხვების მონაწილეობით. ბახტაძე ცალკე ფრთაა. ეს ადამიანი ივანიშვილის ვაჟის მეგობარია. დადის ხმები, რომ ის შეიძლება ბიძინა ივანიშვილის სიძეც გახდეს. ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მთავარი არაა, მაგრამ ესეც იქცა განხეთქილების ვაშლად “ქართულ ოცნებაში”. ნიგერიელების მონაწილეობით თამაში რომ გაიმართა თბილისში, იქ კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე ერთად იდგნენ. იქ არ ყოფილა მეორე ჯგუფის არცერთი წარმომადგენელი.
– ეს ჯგუფები იდეოლოგიურად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან?
– საბოლოოდ, ისინი ყველანი ულტრალიბერალები არიან. შარშან, 17 მაისს, ლგბტ-პირებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, კვირიკაშვილის ფანჯრებთან მოაწყვეს პერფორმანსი. მათ ეკლესია შეურაცხყვეს. ამ პირებს სხვებისგან იცავდნენ პოლიციის კორდონები. ამ ხელისუფლებას არც სულიერება ადარდებს და არც – ხალხის გაღატაკება. გული მიკვდება, როცა ვუყურებ, როგორ ჩადის ბანკებისა და კერძო მევახშეების ჯიბეებში ღარიბი მოსახლეობის უკანასკნელი გროშები. ქართველთა დიდი ნაწილი უცხოეთშია, იქ ეწევა მძიმე და დამამცირებელ სამუშაოს. იქ გადახვეწილების მიერ გამოგზავნილი ნაოფლარით მდიდრდება ერთი კასტა. დანარჩენები ღატაკდებიან.
– ბანკების თემა ბოლო დროს სხვებმაც წამოსწიეს.
– ჩვენი მოძრაობა ამაზე წლებია, მუშაობს, ისევე, როგორც მცირე ბიზნესის შესახებ კანონის აღდგენაზე ამ კანონის ავტორებთან ერთად. ყველაზე მტკივნეულია, რომ ვალების გამო ბინებს კარგავენ ჩვენი თანამოქალაქეები. ხელისუფლებას აქამდე უნდა მოეგვარებინა ეს საკითხი. საუბარია გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებზე და საცხოვრებლის შენარჩუნებაზე. გაკოტრებული პოლიტიკანები რაღაცას მიხვდნენ და ფერი იცვალეს.
– რას მიხვდნენ პოლიტიკანები?
– იმას, რომ რადიკალურად ლიბერალური იდეები ხალხში პოპულარული არ არის. დაახლოებით ორი თვის წინ ნუკრი ქანთარია აყენებდა ეროვნული ცნობიერების საკითხის კონსტიტუციაში დაფიქსირებას. პარლამენტის თავმჯდომარე ამას შეეწინააღმდეგა და ფაშიზმი უწოდა. ორ თვეში იგივე ირაკლი კობახიძე ეროვნულ ცნობიერებაზე და ტრადიციების დაცვაზე ალაპარაკდა. “ქართულ ოცნებას” მართლმადიდებელი ეკლესიაც გაახსენდა. იმედია, ამ რიტორიკას არავინ წამოეგება, ისევე, როგორც სააკაშვილის ბოლოდროინდელ გამოსვლებს.
– სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნული ძალები უნდა მოვიდნენ.
– მეც ამაზე ვსაუბრობ. სააკაშვილს ბანკებისგან დაჩაგრული მოსახლეობაც შესცოდებია და ეკლესიაც გახსენებია. ულტრალიბერალებმა გადაყარეს ცისფერი მანტიები, მოირგეს თეთრი ჩოხები და ხალხს თვალში ნაცარს აყრიან. ისინი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ვეღარ გაბატონდებიან. ეს ხალხმა არ უნდა დაუშვას.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018