მარიამ ჭელიძე: ,,ავად რომ გავხდი, შეყვარებულმა მიმატოვა” – ახალგაზრდა ტელეპროდიუსერი ავთვისებიან სიმსივნეს არ ნებდება

„პირველი არხის“ ტექნიკურ პროდუსერს, მარიამ ჭელიძეს, 2016 წელს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. არადა მანამდე ექიმები არწმუნებდნენ, რომ არაფერი სჭირდა.

31 წლის პროდუსერმა ძვირადღირებული ოპერაცია და მკურნალობის კურსი 2016 წელს თურქეთში ჩაიტარა. მერე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მორიგი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დაავადებამ კვლავ იჩინა თავი და მეტასტაზებიც დაიძრა.
მის დასახმარებლად კოლეგები ისევ გაერთიანდნენ და მარიამს ბოლო ოპერაცია 4 აპრილს თურქეთში ჩაუტარდა.

მარიამი ,,სარკის” ინტერვიუში ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ყოველ დილით დარბოდა, ამიტომ მძიმე  დაავადებას ვერაფერს უკავშირებს.

– ღამით თითქოს ვიხრჩობოდი, ვერ ვწვებოდი. მთელ ღამეებს ბალიშზე მიყუდებული ვატარებდი. ფეხზე ყოფნისას საერთოდ არაფერს ვგრძნობდი.

ერთ-ერთ ცნობილ ექიმს მივაკითხე, ექოსკოპიაც გადამიღო კისრის არეში და მითხრა, არაფერი გჭირსო. ამ დროს სისხლის ანალიზში ცვლილებები იყო, მაგრამ ექოსკოპიამ ყველაფერი გააქარწყლა. ექიმის დასკვნა მაქვს, რომ არაფერი მჭირს.
ეს ექიმი მუშაობს ცნობილ კლინიკაში, რომელიც საქართველოში მაღალი დონის საავადმყოფოდ ითვლება. თან ტრაბახობს, 8 წელი გერმანიაში მუშაობდა და არაფერი შეეშლებოდა.

მითხრეს, ნერვოპათოლოგი გჭირდებაო. წავედი ნერვოპათოლოგთან, მან მითხრა, არაფერი გჭირს, რაღაცებს იგონებ და ფსიქიატრი უფრო გჭირდებაო.

მარი მალაზონიას დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ. მან დაიჟინა, დავით მეტრეველთან მიდიო. მხოლოდ დავით მეტრეველი მიხვდა რა მჭირდა.

– პირველი ოპერაცია რამდენი ხნის წინ გაიკეთეთ?
– პირველად 2016 წლის 27 ივლისს გავიკეთე თურქეთში. 6 საათზე მეტხანს მიკეთებდნენ. ქართველი ექიმების მიერ სამი ჯირკვლიდან აღებული ბიოფსიიდან მხოლოდ ერთმა აჩვენა ავთვსიებიანი სიმსივნე. იმ ერთზე რომ არ შეენიშნათ, საერთოდ ვერ გავიგებდი და დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

ბევრი დასხივება გამიკეთეს, რადიოაქტიურ იოდს მასმევდნენ, რომ მეტასტაზები გაენადგურებინათ. ეს იგივე ქიმიოთერაპიაა. ამ ნივთიერებას რომ მასმევდნენ, 80 საათი სრულიად მარტო ვიყავი მინუს მე-7 სართულზე. ერთხელ იმ ტყვიის ოთახში კომაში ჩავვარდი. 6 საათში გამომიყვანეს მდგომარეობიდან. ორი თურქი ექიმი მყავს, მეუბნებიან, ისე ცუდად ხარ, გვიკვირს, აქამდე როგორ მოდიხარ და კიდევ ცოცხალი როგორ ხარო. ალბათ ღმერთს ვუყვარვარ და არ გამწირავს.
მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს პირველს უთხრეს ჩემზე და მან გადაწყვიტა, ვენახე. მივედი პატრიარქთან და დამლოცა. „პირველ არხზე“ რომ არ მემუშავა, არ ვიცი, რა იქნებოდა. ბედნიერი ვარ, რომ 31 წლის ასაკში ასე ვუყვარვარ მეგობრებს.
ერთი პერიოდი მონასტერში წავედი, მაგრამ ვერ გავძელი. პირველად როცა გავიგე ეს ამბავი, მეც ჩავწექი ორი კვირა და ველოდებოდი, როდის მოვკვდებოდი.

მეგობრებმა აღარ მომცეს საშუალება, თანხა შემიგროვეს და გამიშვეს თურქეთში.

ეს დაავადება განკურნებადია, მაგრამ სანამ განიკურნება, ჯოჯოხეთს გადიხარ.

– რა გეკრძალებათ და რა გენატრებათ?
– ყველაზე მეტად გარუჯვა მინდა. ზღვაზე ვერ წავალ. არ შეიძლება. შეყვარებული მყავდა. 6 წელი ვიყავით შეყვარებულები. ჩემს თავზე ვბრაზდები, 31 წლის ხარ, უმაღლესი განათლება გაქვს, ვერ უნდა მიხვდე, ვისთან გაქვს საქმე?

– რა ჩაიდინა?
– იცით, როგორ მიყვარდა? ერთი პერიოდი დავშორდით და ლამის თავი მოვიკალი. ავად რომ გავხდი, ჩემზე გული აიცრუა. მერე ვნახე წერილი, რომელიც სხვა გოგოს მისწერა, მეცოდება, რადგან კიბო აქვს და ამიტომ ვერ ვშორდებიო. დედამისის დამსახურებაცაა, ერთად რომ არ ვართ. ის თვლიდა, რომ მე ავადმყოდი ვიყავი და შეიძლებოდა, შვილები ვერ გამეჩინა. რად მინდოდა ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა? ძალიან ცუდად მომექცა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ეს დაავადება გამიმეორდა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018