მექა ხანგოშვილი – “25 წლის გოგონას მკვლელი უვნებლად აიყვანეს, უდანაშაულო თემირლანს კი შუბლში ესროლეს”

პანკისის ხეობის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პანკისის ხეობის მოსახლეობის მოთხოვნებზე საუბრობს.
– ქალბატონო მექა, პანკისის ხეობაში აქცია ჩატარდა. რა მოთხოვნები აქვთ პანკისელებს და მათი განწყობები თუ არის თქვენთვის ცნობილი?
– თავისთავად, პანკისის ხეობის მოსახლეობის განწყობები ცნობილია. ტრაგედიის დღიდან, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახს ეხება, ხეობა ერთიანია და ერთიან პოზიციაზე დგას. ხეობის მოსახლეობის ამ ეტაპზე თხოვნა, იმედია, მოთხოვნაში არ გადაიზრდება, არის ის, რომ მოხდეს ობიექტური გამოძიება და გამამართლებელი განაჩენი დადგეს ამ საქმეზე.
ასევე, რაც მთავარია, ერთხელ და საბოლოოდ უნდა დასრულდეს პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ტერორისტების იარლიყის მიკერება. ეს არის ხეობის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი.
– მოსახლეობა ითხოვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ჩამოშორდეს ტერორიზმის ბრალდება?
– რა თქმა უნდა. ასევე, იმ დაკავებულებსაც, რომლებიც ამ ბრალდებით არიან, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფოსაც კი არ ჰქონდა ორი თვის მანძილზე ინფორმაცია, რომ ის ჩამოსულები ტერორისტები იყვნენ და ამ ადამიანებს საიდან ეცოდინებოდათ?! ისინი მეგობრობდნენ იმ ადამიანებთან, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ჩვენთვის, ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობას არ დარჩეს ტერორისტის იარლიყი მიწებებული.
– თუმცა, დაკავებულ პირებთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ ხომ არ დასრულებულა და შედეგიც არ დამდგარა.
– დიახ, და ამიტომაც ჩვენც ველოდებით გამოძიების შედეგებს, რა დასკვნას დადებს გამოძიება, ეს აინტერესებს მთელ პანკისის ხეობას. ამ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ დადგეს ობიექტური განაჩენი და მისი სახელი ტერორიზმთან არ იყოს დაკავშირებული. უკვე ნათელია, რომ არანაირი შემხებლობა ამ ახალგაზრდას ტერორიზმთან და ტერორისტებთან არ ჰქონია.
– როგორი არის მალხაზ მაჩალიკაშვილის პოზიცია?
– მისი პოზიციაა, რომ დღეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი შვილის სახელის გადარჩენა. რომ მისი შვილის მიმართ ობიექტური განაჩენი დადგეს და მის შვილს მოეხსნას ტერორიზმში თანამონაწილეობის ბრალდება. თუმცა, ბრალდება წაყენებული არც აქვს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია.
– ხელისუფლებასთან პანკისის ხეობის მოსახლეობის მთავარი პრეტენზია დღეს რა არის?
– ხეობის მოსახლეობის ყველაზე მთავარი პრეტენზია მაინც სპეცოპერაციის ფორმებსა და მეთოდებს უკავშირდება. არავინ ამბობს, რომ თუ სახელმწიფოს აქვს რეალური ინფორმაცია, მან ამაზე რეაგირება არ მოახდინოს, ამას არავინ საუბრობს. აქ საუბარია ფორმებსა და მეთოდებზე, დამოკიდებულებაზე.
ხშირად ბრეივიკის მაგალითი მომყავს, რომელმაც 75 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. მას აქვს პრეტენზიები, უნივერსიტეტში სწავლა-განათლების მიღებას ითხოვს და სწავლობს კიდეც. თუნდაც, ახლახანს მომხდარი ფაქტი, როდესაც 25 წლის გოგონას, შვილების თვალწინ ყელი გამოჭრეს, ასეთი სისასტიკის ჩამდენი პირი სრულიად უვნებელი აიყვანეს და უდანაშაულო 19 წლის ბავშვი, რომელიც საკუთარ ლოგინში იწვა, ასე როგორ გაიმეტეს, ასე როგორ გაუსწორდნენ, პირდაპირ შუბლში ესროლეს და დახვრიტეს.
ამაზე გვაქვს პრეტენზიები, ამაზე გვაქვს მიუღებლობა. სპეცოპერაციის მეთოდები და ფორმები ჩვენთვის მიუღებელი იყო. სანამ არ მოხდება გამოძიება და გამოძიება არ დადებს ობიექტურ სურათს, მანამდე ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან პანკისელი ახალგაზრდების, ყველას ერთად ტერორიზმში დადანაშაულება და ტერორისტად მოხსენიება ჩვენთვის მიუღებელია.
– ეს აქცია რასთან არის კავშირში – გამაფრთხილებელი სახისაა თუ კონკრეტული მიზეზით გაიმართა?
– თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, ოჯახი, ამდენი ხანია, ელოდება შედეგს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ სამხილები განადგურდა, ამან ყველაფერმა ძალიან დიდი უნდობლობისა და უიმედობის განცდა გამოიწვია, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს აქცია არანაირად არ არის არამშვიდობიანი და კანონიერ ზღვარს გადასული, აქცია მშვიდობიანია, უბრალოდ, ამ ფორმით ადამიანები ცდილობენ თავიანთი სატკივარისა და თავიანთი სათქმელის ხელისუფლებასთან მიტანას.
– ხეობის უხუცესების განწყობა არის იდენტური?
– თავისთავად.
– ხელისუფლების მაღალჩინოსანთან ითხოვთ შეხვედრას?
– რასაკვირველია, ეს ცუდი არ იქნებოდა. პირიქით, კარგიც და გარკვეული შედეგის მომტანიც კი იქნებოდა. გააცნოს ოჯახს გამოძიების მიმდინარეობა, შედეგი. თუმცა, ოჯახი შეხვდა მთავარ პროკურორს, მაგრამ იქიდან არავითარი დამაიმედებელი არ ყოფილა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ვგულისხმობ, არ ჩამოსულა ხეობაში.
ერთ-ერთი ახალგაზრდა ამბობდა, როგორც კი მათთვის საინტერესო თემა გახმოვანდა და როგორც კი ხეობის მოსახლეობამ ამაზე პროტესტი გამოთქვა, მაშინვე მაღალი თანამდებობის პირები ჩამოვიდნენ ხეობაში.
– რას გულისხმობთ?
– ინვესტორის ინტერესს ვგულისხმობ, რომლის წინააღმდეგაც ხეობის მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018