“პიქსელის” შენობასთან, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული შ.ტ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 19, 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, ქ.თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N34-ში მდებარე შპს „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან, შ.ტ. – მ ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს თ.ტ. – ს დანით გულმკერდის, მუცლისა და ზურგის არეში მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად თ.ტ. – ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა შ.ტ. 2017 წლის 8 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 19, 108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.ტ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018