რატომ სცადა თამარ გუნდიშვილმა გერმანიაში პედოფილების ბარის გადაწვა

55 წლის თამარ გუნდიშვილს გერმანელი მეუღლე ჰყავს და უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს ოჯახით. სამშობლოსგან შორს მყოფს ნოსტალგია არასდროს ტოვებს და ცდილობს, იქ პატარა საქართველო შექმნას. თამარი კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, საინტერესო და უცნაური ამბებით სავსეა მისი ცხოვრება…

– ჩვენი გვარი წარმოშობით სამაჩაბლოდან არის, მაღალმთიან სოფელ ძარწემიდან. სამაჩაბლო ჩემი უდიდესი სიყვარული, მონატრება და ტკივილია… ბებია, ვისი სახელიც მქვია, მეფარიშვილის ქალი იყო, 19 წლისა დაქვრივდა და ერთი წლის მამაჩემი მარტომ გაზარდა. ქუთაისში ცხოვრობდნენ. დედაც და მამაც ბალახვნელები მყავს. მეც ქუთაისში დავიბადე. დედა მათემატიკოსი იყო, მასწავლებელი, მამა – აგრონომ-დეკორატორი. რომ დაქორწინდნენ, ჯერ გაგრაში მუშაობდნენ, მერე მამა წყალტუბოს გამწვანების ტრესტის უფროსად დანიშნეს და ჩვენც წყალტუბოში გადავედით. ბედის ირონიით, დღეს ძარწემიცა და გაგრაც მოგონებად დამრჩა. ჩვენი სოფელი მიწასთანაა გასწორებული და იქ არც ერთი ქართველი აღარ ცხოვრობს. სოფლის სასაფლაო და მე-12 საუკუნის ბაზილიკაც კი ააფეთქეს, რათა ქართველებს უკან დაბრუნებაზე აღარ ეფიქრათ. ბებია-ბაბუის საფლავებს ალბათ, ვეღარასოდეს ვიპოვი. სანუკვარი ოცნება მაქვს, ოდესმე ჩემს შვილებს მშობლიური მხარე ვუჩვენო…
– მომიყევით, წლების წინ გერმანიაში წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?
– პროფესიით არქეოლოგი ვარ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუსწრებელზე ვსწავლობდი და პარალელურად, 1993 წლამდე კახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვმუშაობდი უმცროს მეცნიერ-მუშაკად. ექსპედიციას აკადემიკოსი კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა. ჩემი მეუღლე ანდრეას ეგოლდიც იქ გავიცანი. 1991 წელს პირველი ერთობლივი ქართულ-გერმანული ექსპედიცია მოეწყო ფევრების სამაროვანზე. ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფესორმა ვინფრიდ ორტმანმა 4 სტუდენტი ჩამოიყვანა – 2 ბიჭი და 2 გოგო. ერთ-ერთი ანდრეასი იყო – ბიჭი, რომელსაც თავისუფალ დროს “ვეფხისტყაოსანი” ეჭირა ხელში და გულმოდგინედ სწავლობდა ქართულ ენას. საქართველო დღემდე მისი უსაყვარლესი ქვეყანაა და ამბობს, კახელი ვარო. 1992 წელს მართლმადიდებლად მოინათლა, იმავე წლის გიორგობას კი ჯვარი დავიწერეთ ქაშუეთის ტაძარში და მერე გერმანიაში დავბრუნდით უკვე ერთად. გვყავს ქალ-ვაჟი, 23 წლის ანუკა და 21 წლის ლუკა. უკვე 25 წლის ცოლ-ქმარი ვართ და შინ მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობთ.
– საინტერესოა, მაინც რით მიიპყრო თქვენი ყურადღება ანდრეასმა?
– ანდრეასი სხვა სტუდენტებისგან ბევრი რამით გამოირჩეოდა. ზაფხულის სიცხეში, 8-საათიანი მომქანცველი სამუშაოს შემდეგ, სხვები რომ ვერთობოდით, ის იჯდა “ვეფხისტყაოსნითა” და ქართულ-გერმანული ლექსიკონით ხელში და თარგმნიდა. ჯიუტად ცდილობდა, ქართული ენა უფრო კარგად შეესწავლა და დაეხვეწა. ერთხელ ერთად ვისხედით ყველანი და მათ საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტის გაკეთება შევთავაზე. იდეა ყველამ აიტაცა. უნდა დაეხატათ, როგორ წარმოედგინათ მომავალი ოჯახი და ამ ნახატით პიროვნების ხასიათი იკვეთებოდა. ეს ტესტი სტუდენტობის დროსაც მქონდა გაკეთებული სამეგობროში, მაგრამ არასდროს არავის დაუხატავს ის, რაც ამ ჰიპივით გაბურძგნილმა, გრძელთმიანმა ბიჭმა დახატა. ყველა ხატავდა ცოლს, დიდ სახლს, მანქანას, შვილებს, ძირითადად, გოგოსა და ბიჭს. ანდრეასის ნახატი კი ასეთი იყო – წინ ხელიხელჩაკიდებული ის და მისი მომავალი მეუღლე. მამას მხრებზე ედგა ბიჭი ბურთით ხელში. დედას პატარა გოგონასთვის ჩაეკიდებინა ხელი, იქვე კი 2 პატარა ბავშვი ძაღლთან თამაშობდა. ფურცლის მარჯვენა კუთხეში დიდი მზე და პატარა ქოხი იყო დახატული. ვკითხე, ეს პატარა ბავშვები განცალკევებით რომ თამაშობენ, ვინღა არიან, მეზობლები-მეთქი? ეს ის 2 პატარაა, რომელსაც მე და ჩემი ცოლი ვიშვილებთო. ძნელია მაშინდელი ემოციების გადმოცემა. წამოვხტი, მოვეხვიე და იმ გაბურძგნილ თავზე ვაკოცე. ისიც წამოხტა და მომეხვია. ჩვენი შემყურე გოგო-ბიჭები კიოდნენ, უსტვენდნენ, უფროსები ტაშს უკრავდნენ.
– მაშინ უკვე გიყვარდათ?
– არა, იმ დღიდან შემიყვარდა. მალე ის გერმანიაში დაბრუნდა და 1 წელი წერილებს ვწერდით ერთმანეთს. მერე ისევ ჩამოვიდა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, მართლმადიდებლობაც მიიღო და ასეთი საოცარი რამ მითხრა: აი, მართლმადიდებლობა ხომ მივიღე, სისხლისა და გენის შეცვლაც რომ შეიძლებოდეს, ქართველობასაც მივიღებდიო და ამ სიტყვების შემდეგ დაუფიქრებლად გავყევი ცოლად. 1992 წლის გიორგობას, 23 ნოემბერს ვიქორწინეთ. მისი მშობლები საოცარი ადამიანები აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით მამამისი, რომელიც საკუთარი მამასავით შემიყვარდა. 2000 წლიდან ლაიფციგში, დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ულამაზეს ქალაქში ვცხოვრობთ.
– გერმანიაში თქვენ მიერ შექმნილ ქართულ გარემოზეც გვიამბეთ. მითხრეს, ლაიფციგში, ქალაქური სახლის მეოთხე სართულზე პატარა სამოთხე აქვს, სადაც, ულამაზეს ორანჟერეაში ხან ახალამოვლებულ ჩურჩხელებს გამოფენს, ხან დედას პურის სურნელს დააყენებსო…
– დიდი მეურნეობა არ გვაქვს, მომცრო აგარაკს თუ არ ჩავთვლით, სადაც ადესა გავაშენეთ თითქმის ყველა სახეობის ხილთან ერთად. მხოლოდ ლეღვი და ბროწეული ვერ გავახარე. 300 კვმ მიწის ნაკვეთი გვაქვს, ნარგავებით ცოტა გადატვირთული, მაგრამ იქ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ჩემს სოფელში ვიყო. რაც შეეხება მზარეულობას, კინაღამ მეორე პროფესიად გავიხადე. ერთხანს სკოლაში მზარეულობას ვასწავლიდი კიდეც 12-14 წლის ბავშვებს და ჩემი პაწაწუნა გერმანელები ისეთ ხაჭაპურსა და ხინკალს აკეთებდნენ, ბევრ ქართველ დიასახლისს შეშურდებოდა. იქაურ ქართველ თუ გერმანელ მეგობრებს უყვართ ქართულ რიტუალებში მონაწილეობა, ფელამუშის მოდუღებით დაწყებული, ჩურჩხელების ამოვლებით დამთავრებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ტყემალსაც ვამზადებ ჩემსავე ეზოში დაკრეფილი ქინძითა და ომბალოთი.
წლეულს არქეოლოგიურ გათხრებში აღარ ვმონაწილეობ, ბიუროში კვირაში სამ დღეს უკვე მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალას ვამუშავებ. დრო გამომიჩნდა და ქართველი “ფეისბუკელი” მეგობრების დახმარებით, ქართული ყველის ტექნოლოგიებიც ავითვისე, იმდენი მაჭიკი გამომიგზავნეს ქართული დვრიტის დასაყენებლად, უკვე მეგობრებსაც ვამარაგებ იმერული ჭყინტი ყველით, მეგრული სულგუნითა და ჯავახური ტენილითაც კი. ცოტა ხნის წინ ჩვენებურ დედას პურსაც შევეჭიდე და გავარვარებულ კეცებზე დავაცხვე ჩვეულებრივ ელექტროქურაში. ქართული ყველი ლავაშის გარეშე ხომ წარმოუდგენელია.
– გისმენთ და ვფიქრობ, რომ ალბათ ამ ყველაფერს ნოსტალგიის მძაფრი განცდა გაკეთებინებთ და თან გერმანელებსაც აზიარებთ ქართულ ადათ-წესებს.
– ნოსტალგია ის სიტყვა არ არის, რაც მე მჭირს… ყველაფერი ქართულის მონატრება ისეთი მძაფრია, რომ აქ მართლაც პატარა საქართველო შევქმენი. ვაზიარე რომელია, სულ ქართველებად “მოვნათლე” აქაური მეგობრები. გიჟდებიან საქართველოზე, უნახავად ისე შევაყვარე ჩემი ქვეყანა ყველას. ამ ზაფხულსაც 9-კაციანი ჯგუფი მომყავს მანდ. მინდა, მთელი საქართველო შემოვატარო.
– თქვენი ოჯახის წევრები პერიოდულად თურმე სხვადასხვა შინაური ცხოველები თუ ფრინველებიც ყოფილან.
– შვილებივით გვყავდნენ ნაგაზი ჯინა, ყვავის ბახალა რუდი, გოჭუნია ნუფნუფი, ბაჭიები – დათიკო და კროშკა. ახლა თუთიყუშები: ადამი, ევა, კომბლე და ჯეჯე გვყავს. ჯინა, 9 თვის ლეკვი, ლოთ, ასოციალურ პატრონს ჩამოართვეს. იმ დროს პატარა ანუკა და ლუკა ლეკვს სთხოვდნენ თოვლის ბაბუას… რუდი წყალდიდობის დროს ბუდიდან ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა და ასე აღმოჩნდა ჩვენთან. ნუფნუფი მე-16, უდღეური დაიბადა 15 და-ძმას შორის და მეღორე ბავარიელი გლეხი დაძინებას უპირებდა. ჰოდა, ვიშვილეთ. ნუფნუფი კარგად რომ მოიზარდა, ჩვენი ქალაქის შინაურ ცხოველთა პატარა ზოოპარკს გადავულოცეთ. ბაჭიები გათხრების დროს ვიპოვე. დედამ მიატოვა საწყლები. რომ არ წამომეყვანა, გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ. როცა მოიზარდნენ, ბუნებას დავუბრუნეთ…
– ახლა იმის შესახებაც მიამბეთ, რატომ შეეცადეთ წლების წინ იმ ბარის დაწვას, სადაც პედოფილები იკრიბებოდნენ და რით დამთავრდა ეს ამბავი?
– ძალიან მძიმე თემაა ჩემთვის. მაშინ ზაარბრიუკენში ვცხოვრობდით. 2001-2002 წლები იყო. დღემდე საიდუმლოებით არის მოცული ეს ამბავი. ჟურნალისტებმა საფუძვლიანი საგამოძიებო მუშაობის დასრულებამდე ტელევიზიით გააჟღერეს ამბავი, რომ პედოფილები ბავშვებს – 5 წლის პასკალსა და და 7 წლის კევინს აუპატიურებდნენ. საბრალო ბავშვი, პასკალი ამ ამბავს შეეწირა კიდეც. ის გაჭირვებული ოჯახიდან იყო, მამა ლოთი ჰყავდა, დედა – გონებასუსტი. ასეთი რამ ჩემს ქვეყანაში არც გამეგო და საერთოდაც, წარმოუდგენლად მიმაჩნდა, გერმანიაში კი ლამის ყოველ წელს ნახულობენ მოკლულ და გაუპატიურებულ ბავშვს. მაგალითად, ჩვენს ქალაქში ორიოდე წლის წინ პედოფილთა პირველი სამკურნალო კლინიკა გაიხსნა. რადიოში მოვისმინე, თურმე სავსეა პაციენტებით. უმრავლესობა იტანჯება იმის გამო, რაც სჭირს. ბევრი მათგანი ბავშვობაში თვითონვე ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. მოკლედ, ეს ინფორმაცია მიიღეს ერთ-ერთი ბავშვისგან, რომელმაც დედას გაუმხილა მომხდარი, მან კი ჟურნალისტებამდე მიიტანა. ბრალდებულებმა ჯერ თქვეს, რომ პასკალი მორიგი ძალადობისას კიოდა, იძულებულები გახდნენ, რომ ბალიში დაეფარებინათ გასაჩუმებლად და ის გაიგუდა. გვამი საფრანგეთის საზღვარზე გადაიტანეს და დამარხეს. პოლიციამ აღნიშნულ ადგილას გვამი ვერ ნახა. მერე თქვეს, ლუქსემბურგშიო, ვერც იქ იპოვეს და ბოლოს საერთოდ გადათქვეს. რადგან მოწმე არასრულწლოვანი იყო, დამცველმა განაცხადა, რომ ბავშვის ჩვენებაზე მანიპულირება მოხდა. ტელევიზიით აჩვენეს ბარიც, სადაც მათი ინფორმაციით პედოფილები იკრიბებოდნენ. ამ ამბის გაგებამ ლამის ჭკუიდან შემშალა. ეს შოკი იყო ჩემთვის. მთელი ქალაქი აღშფოთებული გახლდათ: ზოგმა კაფეს ფანჯრები ჩაუმტვრია, ზოგი ქუჩაში ხვდებოდა, აფურთხებდა და სცემდა მათ, ვიდრე დაიჭერდნენ. მოკლედ, არნახული ანარქია იყო. ის, რაც მაშინ ჩავიდინე, მომხდარით გამოწვეული შოკი იყო. მოგვიანებით, როდესაც ჩემს საქციელზე დავფიქრდი და გავიაზრე, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმ ხანძარს და იმ ბარში პედოფილების გარდა სხვებიც დაზარალებულიყვნენ, ძალიან შემრცხვა. ეს ფაქტი მართლაც არ არის საამაყო. სასამართლომდე არ მისულა საქმე. გამომძიებელს ვუთხარი, რომ ჩემს ქვეყანაში მთელი მოსახლეობა გამოვიდოდა ქუჩაში და ბავშვის მკვლელსა და მოძალადეს ჩაქოლავდა. ვუთხარი, რომ იმ მომენტში სურვილი გამიჩნდა არაადამიანი გარეწრების ბუდე გადამეწვა… მითხრეს, რომ კანონის დაცვა მხოლოდ ძალოვანების მოვალეობაა და არა ცალკეული მოქალაქეების და დასჯერდნენ ახსნა-განმარტებას. დამაწერინეს ხელწერილი, რომ მსგავს რამეს აღარ ჩავიდენდი და გამომიშვეს.
– ამჟამად რას საქმიანობთ?
– მე საქსონიის არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში ვმუშაობ, ტექნიკური მხატვარი ვარ. ანდრეასი ჰესენში არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია, ჩვენი გოგონა ფრანკფურტში სწავლობს ინფორმატიკას, ბიჭი კი მაშველობას აპირებს. ერთი ქართველი მეგობარი მყავს აქ – მაია დემეტრაშვილი, რომელიც 16 წლის წინ მოვიწვიეთ, როგორც ქართველი სტუდენტი ჩვენს ექსპედიციაში. იმ ექსპედიციაშივე გაიცნო მომავალი მეუღლე გიუნტერ ბეერი. ისიც მართლდმადიდებლად მოინათლა. მათი ვაჟი, 14 წლის გიორგი ჩემი ნათლულია. უდიდესი სიყვარული და მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. ყოველ შობასა და აღდგომას ერთად ვზეიმობთ, ეკლესიაშიც ერთად დავდივართ. მოკლედ, ჩვენი პატარა საქართველო გვაქვს აქ და ფაქტობრივად, ამით ვცოცხლობთ.

კვირის პალიტრა, ნინო ჯავახიშვილი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018