რა ხდება სომხეთში – რატომ მოითხოვს ნიკოლ პაშინიანი პრემიერ სერჟ სარგსიანის გადადგომას

სომხეთში არეულობა გრძელდება. ერევანსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე მჯოვლენებს უწოდებენ ხავერდოვან რევოლუციას, ასევე-ფერად რევოლუციას და ერევნის მაიდანს. პროტესტანტები მოითხოვენ პრემიერობიდან სერჟ სარგსიანის გადადგომას.
საპროტესტო აქციები სომხეთში 13 აპრილს დაიწყო. ოპოზიციურმა სახალხო მოძრაობამ დეპუტატ ნიკოლ პაშინიანის მეთაურობით ააგორა გამოსვლები სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ. ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს პროტესტის ფონზე დაამტკიცა.
“ახალი თაობა” წერდა, რომ სომხეთი გადადის საპარლამენტო მმართველობაზე. პრეზიდენტი არმენ სარგსიანი პარლამენტმა აირჩია.
წინასწარ იყო ცნობილი, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი არმენ სარგსიანი პარლამენტს პრემიერად ყოფილი პრეზიდენტის, მისი მოგვარე სერჟ სარგსიანის კანდიდატურას შესთავაზებდა. ექსპერტები საუბრობდნენ იმაზე, რომ ამით ხელი შეეწყობოდა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას. სომხეთის საპარლამენტო რესპუბლიკა უფრო დემოკრატიულად გამოჩნდებოდა ავტორიტარულ აზერბაიჯანთან შედარებით და დასავლეთი სომხეთს უკეთესი თვალით შეხედავდა.
სერჟ სარგიანის წინააღმდეგ მისი პრეზიდენტობისას არაერთი საპროტესტო აქცია გამართულა. 2008 წელს დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებების შედეგად 10 კაცი დაიღუპა და 250-ზე მეტი დაშავდა.
დღეს სერჟ სარგსიანი მოუწოდებს ოპოზიციას, არ გააღვიძოს ჩამქრალი ვულკანები. აქციები, ერევნის გარდა, სომხეთის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. პაშინიანის მოძრაობას სოლიდარობა მოსკოვშიც გამოუცხადეს. იქ სომხეთის საელჩოსთან სამი კაცი დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს.
ოპოზიცია საუბრობს სარგსიანის არაეფექტურ მმართველობაზე, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაზე.
ოპონენტების გაცხარებას იწვევს სერჟ სარგსიანის სიყალბე. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა, სერჟ სარგსიანის ინიცირებულია. ამ საკითხზე რეფერენდუმიც ჩატარდა. გამოკითხულთა 63 %-ზე მეტი დაეთანხმა ახალ მოდელს. ახალი სისტემა გულისხმობს ძლიერ პრემიერს და ცერემონიულ პრეზიდენტს.
2014 წლის აპრილში სერჟ სარგსიანმა პირობა დადო, რომ არც პრეზიდენტობაზე და არც პრემიერობაზე პრეტენზია არ ექნებოდა და 2018 წლიდან ის პოლიტიკიდან წავიდოდა.
2017 წელს მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა არმენ სარგსიანი – ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში. მალე ცნობილი გახდა, რომ მომავალ პრემიერად მოიაზრებოდა სერჟ სარგსიანი.
შეკრებილები აქცენტს მისი პიროვნების მიუღებლობაზე აკეთებენ. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ საპარლამენტო მმართველობის გამრუდებაზე.
– დე ფაქტო, ჩვენ მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე კი არ გადავედით, არამედ, მივიღეთ ერთპარტიული სისტემა, რომელსაც სუპერპრეზიდენტი უდგას სათავეში. ამ სუპერპრეზიდენტს სახელად პრემიერ-მინისტრი ჰქვია, – აცხადებს ექსპერტი არტურ საკუნცი.
სამხედრო ექსპერტ აიკ ნააპეტიანის შეფასებით, სომხეთში ფერადი რევოლუციის ნიშნებია. მის ავტორებს უნდათ სომხეთის გამოყვანა რუსეთის გავლენიდან. შეკრებილები იმავე მეთოდებს მიმართავენ, რომლებიც ფერადი რევოლუციებისას სხვებმა გამოსცადეს. ფერად მისიონერებს ხელისუფლების მიმართ დაგროვილი ობიექტური და სუბიექტური უკმაყოფილების გამოყენების იმედი აქვთ. მისი აზრით, სომხეთში არეულობით ისარგებლებს აზერბაიჯანი. სხვა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი კრიზისი არ იმოქმედებს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესზე.
– ჩვენ არ ვიხელმძღვანელებთ აშშ-ის, ევროკავშირის ან რუსეთის ინტერესებით. ჩვენი მიზანი სომხეთის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების სამსახურია. ეს ინტერესები მოითხოვს სარგსიანის წასვლას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, – აცხადებს ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

ფოტო: ნიკოლ პაშინიანი აქციაზე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018