საინჟინრო სამართალი – უპრეცედენტო პროექტი პოსტსაბჭოთა სივრცეში

საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტი ახალი ტიპის მენეჯერების გაზრდას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცხრე სართულზე ლიფტიდან გამოსვლისთანავე თვალში გვხვდება თემიდას კუთხე ევროპის წამყვანი ქვეყნებისა და აშშ-ის დროშებითა და კონსტიტუციებით, სადაც, ასევე, გამოფენილია 1776 წლის 4 ივლისის აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ნიმუში. ეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტია.

– ჩვენ გვაქვს საჯარო სამართლის ლაბორატორია, სადაც დაცულია ყველა ქვეყნის კონსტიტუცია, კონსტიტუციის პრეამბულები და დროშები. ამერიკის კონსტიტუციის მამების სიტყვებს კონსტიტუციური სამართლის სწავლების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას ჩვენი სტუდენტების თვალსაჩინოებისთვის ვაკეთებთ, – გვეუბნება ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, რომელმაც თავად გაგვიწია მეგზურობა სასწავლო დაწესებულების დასათვალიერებლად. აქვე უნდა ითქვას, რომ დეკანის კაბინეტის გვერდით გახსნილია ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია.

– ჩვენი ქვეყნის ორიენტაცია რომ ევროპისკენაა, ეს მარტო სიტყვები არ უნდა იყოს და საქმედ უნდა ვაქციოთ, – ამბობს ბატონი ირაკლი.

საქმე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2016 წლის 25 მაისიდან ჩამოყალიბდა. 2017 წლის 23 იანვრიდან სამართლის დოქტორი, პროფესორი, აკადემიური საბჭოს ყოფილი წევრი ირაკლი გაბისონია ფაკულტეტის პირველ დეკანად აირჩიეს. ამ მოკლე ვადაში ფაკულტეტზე შეიქმნა და დღეს უკვე ეფექტიანად ფუნქციონირებს რამდენიმე სასწავლო ლაბორატორია: კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, პრაქტიკული სამართლის კლინიკა და საჯარო სამართლის ლაბორატორია – ხელმძღვანელია ცნობილი პროფესორ-ემერიტუსი ავთანდილ დემეტრაშვილი. მიმდინარე წელს სამეცნიერო პროექტებისთვის ფაკულტეტმა მილიონ ლარზე მეტი გამოყო. ეს პროექტები გულისხმობს სიახლეების დანერგვას, ინტერდისციპლინარული დარგების, ახალი მონოგრაფიების, სასწავლო პროგრამების, დამხმარე სახელმძღვანელოების, სახელმძღვანელოების შექმნას და სასწავლო პროცესში მათ ინტეგრაციას.

– უახლესი ამბავი, რაც მინდა, გაცნობოთ, არის ის, რომ ვახორციელებთ პროექტს, რომლის სახელწოდებაცაა “საინჟინრო სამართალი”. პროექტი უნდა განვითარდეს ორი მიმართულებით: სასწავლო პროგრამის შექმნა, რომელიც მოამზადებს სპეციალისტებს ინჟინერ-იურისტის კვალიფიკაციით და მეორე, სამეცნიერო მიმართულება ანუ სასწავლო პროგრამის ლიტერატურით უზრუნველყოფა. შეიქმნება მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები როგორც სამშენებლო, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სამართალში, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით, – აცხადებს ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია.

აღსანიშნავია, რომ საინჟინრო სამართლის პროექტის ხელმძღვანელი არის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, რომელიც 2007 წლიდან დღემდე გახლავთ საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი. უდავოდ დიდია მისი წვლილი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “საინჟინრო სამართლის” შექმნაში, აგრეთვე, სხვა სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში. აღნიშნულ პროექტში დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას გარდა, მონაწილეობენ პროფესორები ჯემალ გახოკიძე, გიორგი გორაძე და აკადემიური საბჭოს პერსონალი. აღსანიშნავია, რომ “საინჟინრო სამართალი” უპრეცედენტო პროექტია და არამარტო კავკასიის რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არ განხორციელებულა. თუმცა ტექნიკური დარგის სპეციალისტებისთვის სამართლის სწავლება მსოფლიოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში დიდი ხანია, დანერგილია და მეტად ნაყოფიერი მეთოდია. საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, პროფესორი გიორგი გორაძე გვეუბნება, რომ მსოფლიოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში არსებობს იურიდიული ფაკულტეტები ან ისინი შერწყმულია სხვადასხვა ფაკულტეტებთან, როგორიცაა, მაგალითად, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი.

– სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში არის იურიდიული ფაკულტეტი, რომელიც ტრადიციული იურიდიული დარგის სწავლების გარდა, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ტექნიკური დარგის სპეციალისტებისთვის სამართლის შესწავლას. ასეთი ადამიანები თავიანთ დარგებში ძირითადად მენეჯერები ხდებიან. მაგალითად, ენერგოკომპანიის მენეჯერი რომ იყო, ტექნიკური საკითხებიც უნდა გესმოდეს და იურიდიულიც. სწორედ ასეთი ტიპის მენეჯერების გაზრდა ხდება ამ უნივერსიტეტებში. ამიტომაცაა, რომ სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგში 69-ე ადგილზეა დასაქმების თვალსაზრისით. ასეთი ანალოგის დანერგვა მარტო საქართველოსთვის კი არა, ამიერკავკასიის ქვეყნებისთვისაც კარგი იქნება. ჩვენთან ბევრი აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობს და, მაგალითად, კომპანია “სოკარისთვის” მეტად მოთხოვნადი გახდება ისეთი მენეჯერები, რომლებსაც ეცოდინებათ როგორც დარგობრივი ტექნიკური საკითხები, ისე ენერგეტიკის სამართალი, – აცხადებს პროფესორი გორაძე.

სწორედ სიდნეისა და მელბურნის ამ წარმატებული პროექტების გაცნობის მიზნით ფაკულტეტის ხელმძღვანელობა ერთ თვეში ავსტრალიაში ჩასვლას გეგმავს. ირაკლი გაბისონიას თქმით, ვიზიტი მათ დაეხმარება ბაზრის კვლევაში, თუ რამდენად მოთხოვნადი იქნება საინჟინრო სამართლის ქართულ-ინგლისური პროგრამების განხორციელება საქართველოსა და კავკასიაში. ქართველი პროფესორები მელბურნსა და სიდნეიში გაეცნობიან ავსტრალიელი კოლეგების სასწავლო პროგრამებს, სილაბუსებს და იქაურ ბიბლიოთეკას. დაგეგმილია მელბურნის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

– ჩვენ გვსურს, რომ მათი პროფესურა იყოს ინტეგრირებული ჩვენი ფაკულტეტის საინჟინრო სამართლის სასწავლო პროცესში. მომავალი ინტერდისციპლინარული დარგებისაა! ჩვენ გვეყოლება იურისტები, რომლებსაც ეცოდინებათ საინჟინრო საქმე და ინჟინრები, რომლებსაც ეცოდინებათ სამართლებრივი საკითხები, – ამბობს ირაკლი გაბისონია.

ქვეყანაში, სადაც ბევრი კითხვა ისმის, მაგალითად, უსახო და უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, საინჟინრო სამართლის სწავლების დანერგვა მართლაც დროულია. მაგალითად, დღევანდელი იურისტები მშენებლობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის საკითხებში სიღრმისეულად ვერ ერკვევიან. მიზეზი ისაა, რომ, როგორც ითქვა, პოსტსაბჭოთა სივრცეში სამართლის არატრადიციული დარგები არასდროს არსებობდა. ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი პირველ ნაბიჯებს დგამს სამართლის არატრადიციული დარგების აღმოცენება-განვითარებისთვის, რათა მოხდეს მათი დროული ადაპტირება გარემოსთან, რეგიონის გამოწვევებთან, როგორიცაა ენერგორესურსები, ენერგოდერეფანი, სატრანსპორტო და სამშენებლო ბიზნესი.

განსაკუთრებული აუდიტორია

მართლაც გაგვიკვირდა, როცა შევიტყვეთ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორია არსებობს, რასაც ვერ ნახავთ თვით იმ უმაღლეს სასწავლებელში და ფაკულტეტზე, რომელიც ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა დაამთავრა. რა თქმა უნდა, ბატონ ირაკლის ვთხოვეთ, ეჩვენებინა ჩვენთვის ეს აუდიტორია… და როცა მან აუდიტორიის კარი გაგვიღო, კიდევ უფრო გავოცდით, იქ სწორედ ის მრგვალი მაგიდა რომ ვიხილეთ, რომლის ირგვლივაც 1990 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ დაფუძნებული საარჩევნო ბლოკის წევრები იკრიბებოდნენ მაჩაბლის ოფისში.

– ჩვენ მოვიძიეთ და რესტავრაცია გავუკეთეთ ამ მრგვალ მაგიდას და ამჟამად დგას აქ, ჩვენთან. ერთი წლის წინ, ზუსტად ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე, უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენს ფაკულტეტზე გაიხსნა ეს აუდიტორია. დავაწესეთ, აგრეთვე, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია წარჩინებული და მოტივირებული სტუდენტებისთვის, – ამბობს დეკანი.

თავიდან გაგვიკვირდა-მეთქი, მაგრამ ბატონი ირაკლი გაბისონიას ამ მოკლე ექსკურსის ბოლოს მივხვდით, რომ ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიის არსებობაც ზუსტად ჯდება ფაკულტეტის საგანმანათლებლო პოლიტიკის ორიენტირების კონტექსტში. აუდიტორიაში მრგვალი მაგიდის ფიგურალური წრის დანახვისთანავე ჩემში ერთგვარი ცნობიერი წრეც შეიკრა: ლეგენდარული გრაალის მცველთა მისტერია, რომელიც გამსახურდიამ პოლიტიკაში შემოიტანა და გრაალი ქვეყანასთან, მრგვალი მაგიდის რაინდები კი ქვეყნის დამოუკიდებლობის დამცველ თავის თანამებრძოლებთან გააიგივა, დღეს უკვე დამოუკიდებელ და შემდგარ სახელმწიფოში ასეთი მრგვალი მაგიდის ადგილი სწორედ რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია. დღევანდელი გამოწვევების ეპოქაში გრაალი უკვე თანამედროვე ევროპული სკოლის მოდელებით გაჯერებული ის საგანმანათლებლო სისტემაა, რომლის მცველებადაც გვევლინებიან მასთან ნაზიარები პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მთელს მსოფლიოში. ასეთი მცველების ადგილია ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიც.

ლადო სულაბერიძე

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018