სომხეთის ოპოზიცია დღეს პარლამენტის მისასვლელების ბლოკირებას გეგმავს

სომხეთის ოპოზიცია დღეს პარლამენტის მისასვლელების ბლოკირებას გეგმავსსომხეთში, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ნიკოლ პაშინიანმა მომხრეებს, რომლებიც სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას ეწინააღმდეგებიან, დღეს პარლამენტის შენობის ყველა მისასვლელის ბლოკირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქცია, სახელწოდებით „დაბლოკე ქუჩები“ სამშაბათს უფრო მასშტაბურად უნდა გაიმართოს.

გუშინ კი, ერევანში გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 სამართალდამცველია. „ინტერფაქსი“ ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ცნობილი გახდა, რომ დაშავებულთა ნაწილი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. მათ ძირითადად ქვედა კიდურებზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ერთ-ერთ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოში ამ დრომდე 31 ადამიანი რჩება.

სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები 13 აპრილიდან დაიწყო. მოქალაქეები ქვეყნის პრემიერის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას ეწინააღმდეგებიან. მისი კანდიდატურა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ და მისი კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკ ცუტუნის“ საპარლამენტო ფრაქციებმა წარადგინეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა 17 აპრილს ჩატარდება.