სოსო ალავიძე – “გიორგი სანაია პოლიტიკური მოტივით მოკლეს… პეტრე ცისკარიშვილი საქართველოს რაბინის ნაცვლად შეცდომით გაიტაცეს”

პოლიციის გენერალი გიორგი სანაიას მკვლელობის სკანდალურ და დღემდე უცნობ დეტალებს ასაჯაროვებს – როგორ დაიგეგმა ჟურნალისტის მკვლელობა, რას სთავაზობდა ზურაბ ჟვანია, ვისი დავალებით მოქმედებდა კრიმინალური ბანდა და რატომ გაიტაცეს ებრაელი სასულიერო პირის ნაცვლად პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს უახლესი ისტორიის შოკისმომგვრელი ქრონიკა და მაღალჩინოსანი პოლიციელის დარღვეული დუმილი.

სოსო ალავიძე გახმაურებული საქმის დეტალებს ,,ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ჰყვება.

– გიორგი სანაია გახდა პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლი – აცხადებს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი.

– მზადდებოდა გარკვეული პროვოკაციები, იყო ინფორმაცია, შეიძლებოდა განხორციელებულიყო მკვლელობა რეზონანსული პიროვნების, თუმც მე არ ვიცოდი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ჟურნალისტი. გიორგი სანაიას მკვლელობა იყო დატვირთული პოლიტიკური შემადგენლით, – აცხადებს სოსო ალავიძე. მისივე ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილი საყოფაცხოვრებო ვერსია არ შეესაბამება სიმართლეს.

– გამოძიებას აწარმოებდა გენერალური პროკურატურა, შესაბამისად ვერსიები, მიზანი იყო კარგად განსაზღვრული, რომ ვერსია და მიმართულება წასულიყო საყოფაცხოვრებო მიმართულებით, – ამბობს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი.

ვისგან მოდიოდა საყოფაცხოვრებო ვერსიის „შემოგდება“, ამაზე ალავიძემ არ უპასუხა.

მისი თქმით, თუკი საგამოძიებო უწყება დაინტერესდება, ის მისცემს ჩვენებას.

ვინ იდგა გიორგი სანაიას მკვლელობის უკან? – სოსო ალავიძე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს გამორიცხავს, თუმცა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.

სოსო ალავიძე კიდევ ერთ გახმაურებულ გატაცებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება მოხდა შემთხვევით, რეალურად კი დაგეგმილი იყო საქართველოს მთავარი რაბინის გატაცება იმ ადამიანების მიერ, ვინც ცისკარიშვილი გაიტაცა.

„ამ ჯგუფს ჰქონდათ მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა, არა შემსრულებლები, არამედ მათ უკან მდგარი ჯგუფი, ვინც ამას გეგმავდა და ეს იგეგმებოდა მაღალ კაბინეტებში… რუსთაველის გამზირზე.

რაბინის გატაცებისთვის ეძებდნენ მანქანას და წააწყდნენ მანქანას, რომელშიც იყო პეტრე ცისკარიშვილი, შემთხვევით. როცა გაიგეს, რომ ის იყო დეპუტატი, მოკიდეს ხელი და წამოიყვანეს.

ცისკარიშვილის წამოსაყვანად იყო ჩასული ზურაბ ჟვანია და ვინმემ კითხა, ვისთან ჩავიდა და ვის ესაუბრა? – აცხადებს სოსო ალავიძე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018