შალვა შავგულიძე: “ოპოზიცია მარგველაშვილის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს”

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო შალვა, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესები გავლენას იქონიებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?
– მმართველ პარტიაში კრიზისი თვალსაჩინოა. ამ კრიზისის მიზეზი არის ორ დაჯგუფებას შორის პაექრობა იმაზე, თუ ვინ უფრო ახლოს მიჩოჩდეს ბიძინა ივანიშვილთან და მისი ნების გამტარი იყოს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნისთვის, თუ რომელი დაჯგუფება მოახერხებს, უფრო ახლოს იყოს არაფორმალურ მმართველთან. ამ პოლიტიკურმა ძალამ ინსტიტუციური მმართველობა მოსპო. ყველა ინსტიტუცია ამ პოლიტიკური ძალის ნების შესაბამისად იმართება. თავად ეს პოლიტიკური ძალა კი ერთი ადამიანის ნებას ექვემდებარება. ეს არის პრობლემა და არა ის, ვინ უფრო ახლოს იქნება მეფის კარზე, ხატოვნად რომ ვთქვა.
ყველა ინსტიტუცია ერთი პარტიის გავლენის ქვეშ არის. ამ გავლენის ქვეშ არის პროკურატურა, სასამართლო სისტემა, აღმასრულებელ ხელისუფლებას მთლიანად თავად წარმოადგენენ და საპარლამენტო ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით არიან წარმოდგენილები. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, პრეზიდენტის ინსტიტუტია და ამისთვის მიდის გაშმაგებული ბრძოლა. ამის შედეგია ის უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები “ქართული ოცნების” მხრიდან პრეზიდენტის მიმართ. გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნებისთვის” მტრად იქცა.
– ამ ფონზე, კონსტიტუციურ უმრავლესობას შესაძლებელია, საფრთხე დაემუქროს?
– არა მგონია. “ქართულ ოცნებას” დატოვებს კი იმდენი ადამიანი, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არ ჰქონდეს მმართველ პარტიას?! ვერ ვიტყვი, რომ ასე განვითარდეს მოვლენები.
მე გამოსავალი მათ ჩამოშორებაში მგონია, რაც ოპოზიციის საქმეა. თვითონ არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანენ საქმეს იქამდე, რომ ხელისუფლება დაკარგონ.
– ემზადება ამისთვის ოპოზიცია? რამდენად ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება? რეალურია, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილი იყოს?
– რასაკვირველია, სასურველია, ოპოზიციამ ერთიან კანდიდატზე შეძლოს შეთანხმება. თუმცა, შეიძლება ეს ვერ მოხერხდეს და ოპოზიციასაც რამდენიმე კანდიდატი ჰყავდეს. ამ შემთხვევაშიც არსებობს გარკვეული მექანიზმი, რომ საბოლოოდ მაინც მოხდეს ერთიან პოზიციაზე შეჯერება.
– უფრო კონკრეტულად?
– მეორე ტური თუ დაინიშნა, იქ მაინც მოხდეს ერთიან კანდიდატზე შეთანხმება და მხარდაჭერა. მსჯელობის საგანია, თუ რა კონფიგურაცია ჩამოყალიბდება ოპოზიციაში.
– თქვენი პარტიის პოზიცია როგორია, თქვენ მარგველაშვილს უჭერთ მხარს?
– ჩვენთვის სასურველი იქნებოდა, რომ გიორგი მარგველაშვილს წარედგინა საკუთარი კანდიდატურა და მეორე ვადით ეყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. ჩვენ ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, ვხედავთ, რომ მან პრეზიდენტის ინსტიტუტს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შეუნარჩუნა. ის არ მოექცა “ქართული ოცნების” გავლენების ქვეშ. ეს ყოველივე ნამდვილად არის საკმარისი იმისთვის, რომ მან გააგრძელოს ამ პოსტზე მუშაობა. იმავდროულად, ის არ არის რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული. “ქართული ოცნებიდან” დისტანცირებულია, საერთოდ მტრად არის შერისხული. ამ თვალსაზრისით სასარგებლო იქნებოდა ოპოზიციის სრული გაერთიანება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატის ირგვლივ, რომ არ დავუთმოთ ეს ინსტიტუტი “ქართულ ოცნებას”.
– “ევროპული საქართველო” სახელისუფლო პარტიის თამაშს თამაშობს? თავად “ოცნების” გარკვული წევრები ამბობენ, რომ სად იწყება “ოცნება” და სად მთავრდება “ევროპული საქართველო”, მათ უკვე აღარ იციან.
– ღმერთმა არ ქნას, რომ ასე იყოს და მჯერა, რომ ასე არ არის. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური დღის წესრიგი თანხვედრაშია მმართველი პარტიის დღის წესრიგთან. ასე ნამდვილად არ არის. “ევროპული საქართველოს” წევრებისა და პრეზიდენტის წარმომადგენლების ბოლო დღეების დაპირისპირებამ სასურველი სახე არ მიიღო. ამ დაპირისპირების პროვოცირება ალბათ მაინც “ევროპული საქართველოს” ზოგიერთი წარმომადგენლისგან მოდის. მათი ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ არცთუ სამართლიანი იყო, ვგულისხმობ შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით.
– თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგანაც არ დააყოვნა ბრალდებებმა, რომ ერთ კოალიციაში არიან და ა.შ.
– დიახ, და ეს არ იყო მთლად კორექტული არც ერთი მხრიდან. მე მაინც მგონია, რომ არასწორად მოხდა პრეზიდენტისთვის გადაბრალება ამ ტრაგედიის, რომ თითქოს მის მიერ შეწყალების აქტის გამოყენება გახდა მიზეზი ამ საშინელი ტრაგედიის, რაც რეალობასთან ახლოს შეუძლებელია, რომ იყოს. სამართლებრივად არავითარი დარღვევა არ ყოფილა შეწყალების აქტის გამოყენების დროს პრეზიდენტის და არც შეწყალების კომისიის მხრიდან.
სუბიექტური განწყობებიდან გამომდინარე, გარკვეული მოტივაციებით არ შეიძლება განსაკუთრებით ასეთი ტრაგიკული შემთხვევების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და ამის პოლიტიკური დაპირისპირების საფუძვლად თუ ახალ საბაბად ქცევა. ეს დაუშვებელია!

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018