“ჩემს ქორწილში ჩემი მშობლები სკაიპით ჩაერთნენ. ისინი იქიდან ტიროდნენ, მე აქედან”

ქართველი ემიგრანტების რიცხვი ლამის დღითიდღე იზრდება. ყველა ერთი მთავარი პრობლემის – სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დგამს ამ ნაბიჯს და შორდება ქვეყანას, ოჯახს. წასვლის მომენტში ყველა ამბობს, რომ ორ-სამ წელში უკან ჩამოვლენ და თანაც, საკმაო თანხასაც ჩამოიტანენ. თუმცა, ესეც გამართლებაზეა და ყველას რომ არ უმართლებს, ისიც ცხადია. ხშირ შემთხვევებში, ემიგრანტობა არა ორ-სამ წელს, არამედ ათ და კიდევ უფრო მეტ წელს ითვლის. ამჯერად ემიგრანტი მშობლების შესახებ 29 წლის თათია გიამბობთ.

თათია, 29 წლის:

“მინდა გიამბოთ ჩემი ოჯახის შესახებ, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ დაიშალა. არ გეგონოთ, მშობლები დაშორდნენ ან რაღაც – დედა და მამა საზღვარგარეთ წავიდნენ. უკვე მეათე წელია, ისინი ემიგრანტები არიან და ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ მინახავს.

ჩემთვის ეს საშინელი ტკივილია. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მათ ვერასდროს ვნახავ. თავიდან რომ წავიდნენ, სხვა გეგმები ჰქონდათ. ამბობდნენ, რომ მეც და ჩემს ძმასაც წაგვიყვანდნენ, თუ არადა და რამდენიმე წელში უკან დაბრუნდებოდნენ. ვერ გეტყვით, რომ მიზეზი სოციალური მდგომარეობა იყო. ნორმალურად ვცხოვრობდით, თუმცა, რატომღაც საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ეგონათ, ბევრ ფულს დააგროვებდნენ, კიდევ ერთ სახლს ვიყიდდით, ავტომანქანასაც და ა.შ. მერჩივნა, ისევ ისე გვეცხოვრა, როგორც მაშინ და მშობლები გვერდით მყოლოდა. ჩვენს ოჯახს სულაც არ უჭირდა და ვთვლი, რომ დედასა და მამას საზღვარგარეთ წასვლა აუცილებელი არ იყო. მაგრამ ეს ქართველების თვისებაა, რომ უფრო და უფრო მეტი გვინდა. მე ასეთი არ ვარ, იმითაც კმაყოფილი ვარ, რაც მაქვს. კიდევ არის ერთი ფაქტორიც, რომ საზღვარგარეთ წასულები არანაირ საქმეს არ თაკილობენ, აქ კი ბევრ რამეზე უარს ამბობენ. მე არ ვსაუბრობ ყველაზე, ეს გარკვეულ ნაწილს ეხება, მათ შორის, რაც უნდა სამწუხარო იყოს, ჩემს მშობლებსაც.

ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მშობლების გარეშე გავატარე. როცა ისინი წავიდნენ, 15-16 წლის ვიყავი. ჩემი ძმა ჩემზე 3 წლით უფროსია. პირველი სიყვარული, სკოლის დამთავრება, მისაღები გამოცდები, სტუდენტობა, ოჯახის შექმნა, პირველი შვილის გაჩენა, მეორე შვილის გაჩენა, ბავშვების საბავშვო ბაღსა და სკოლაში მისვლა – ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა, ჩემი მშობლები ჩემ გვერდით არ ყოფილან. არადა, ეს ის მომენტებია, როდესაც ყველაზე მეტად გინდა, რომ ისინი შენთან იყვნენ და შენს სიხარულს იზიარებდნენ.

ყველაზე მტკივნეული მაინც ჩემი ქორწილის დღე იყო. ბუნებრივია, ბედნიერი ვიყავი, რომ ვთხოვდებოდი, მაგრამ, ამავე დროს, იყო დიდი ტკივილი, რომ ვერც დედა და ვერც მამა ჩემს ბედნიერებას ვერ დაინახავდნენ. დარბაზში დამაგრებულ დიდ ეკრანზე სკაიპით ჩაერთნენ. ისინი იქიდან ტიროდნენ, მე აქედან. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცოცხალ ადამიანებს გარდაცვლილივით დავტიროდი. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ბედნიერი წუთი გავატარე დედ-მამის გარეშე. ნათესავები არასდროს მტოვებდნენ, ჩემი ძმაც სულ გვერდით მყავს, მაგრამ მშობლებს ხომ ვერავინ შემიცვლის. როცა მათ ვურეკავდი, ვთხოვდი, ჩამოდით და აქ როგორმე ვიცხოვრებთ-მეთქი. ჩემი ძმა უკვე მუშაობდა. მანაც ოჯახი შექმნა და მისი მეუღლეც მუშაობდა. ჩემი ქმარიც კარგ ადგილას იყო. მამასაც აქ რამე სამსახურის მონახვა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ არ დამიჯერეს. ამბობდნენ, ამდენი წელი ვიყავით და ხელცარიელები ხომ ვერ ჩამოვალთ, სახლის ფული გვინდა მოვაგროვოთო. რა უნდა მოაგროვონ, როცა იქ ცხოვრება იაფი არ არის. 10 წელი ქირით ცხოვრობენ, ჭამა უნდათ, ჩაცმა, აქაც გზავნიან თანხას და ვეღარ და ვეღარ დააგროვეს. ამასწინათ, უკვე ძალიან რომ გავბრაზდი, ვუთხარი, შვილებს რომ დავაქორწინებ, მაშინ მაინც თუ ჩამოხვალთ-მეთქი და ეწყინათ. არ მინდოდა, ასე უხეშად გამომსვლოდა, მაგრამ მეც რა ვქნა. მშობლების გვერდით ყოფნა მჭირდება. ახლა მგონია, რომ მართლა აპირებენ ჩამოსვლას. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიქნები, როდესაც მათ სახეებს ისევ დავინახავ და ჩავეხუტები.

ერთი შეხედვით, ყველას ჰგონია, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება ადვილია, მაგრამ ასე სულაც არ არის. თავის დამკვიდრება ყველგან ძალზე რთულია, მით უმეტეს, ისეთი პატარა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, როგორიც საქართველოა. იქ დედამ და მამამ ბევრი ცუდი რამ გადაიტანეს და ბევრს, ალბათ, არც გვეუბნებიან. ახლა რომ ჩამოვლენ, ცივ ნიავს არ მივაკარებ. მინდა, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მათთან”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018