”ჩემ უკან მდგარ კაცს შარვალი ჰქონდა გახსნილი და თავისი „სიამაყე“ ამოგდებული” – რას ყვება სექსუალური შევიწროების მსხვერპლი

„ლიბერალს“ დაუკავშირდა ქალი, რომელიც, მონათხრობის მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროებისა და გარყვნილი ქმედების მსხვერპლი გახდა. ის მოგვითხრობს გარშემო მყოფთა  თუ სამართალდამცველთა რეაგირებაზე. ქალს, ჯერჯერობით, მკითხველისთვის ვინაობის გამხელა არ სურს. ამიტომ მის წერილს კონფიდენციალურობის დაცვით წარმოგიდგენთ.

ქუჩაში ადევნება, „მსუბუქად“ ხელის ფათური და 30-წუთიანი „შემთხვევით შემოხედვა“ ვის არ გამოუცდია, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა. მაგრამ, რაც დღეს გადავიტანე, სრული ტრავმული შოკი იყო ჩემთვის. თურმე ამ თემაზე წაკითხული ასობით სტატია და ნანახი ვიდეო არ გშველის და მაინც სხვებივით იბნევი და სუსტდები ასეთ სიტუაციებში.

უკვე 8 საათზე მეტია, განუწყვეტლივ ვფიქრობ, იმ გარყვნილ კაცზე უფრო უნდა გავბრაზდე თუ იმ „ხალხზე“, ვინც ავტობუსში იყო?

გადავსებულ-გადაჭედილი ავტობუსი. სუნთქვა მიჭირს. გვერდით ბიჭი, ძალიან ზრდილობიანი და კეთილგანწყობილი, მიღიმის და თანაგრძნობით აღნიშნავს, რარიგ გავიჭყლიტე და გავისრისე ხალხის გამო. მეც ვუღიმი და ვეთანხმები. ვგრძნობ, რომ გაჩერებიდან გაჩერებამდე ავტობუსში უფრო ნაკლები სივრცეა, არადა ხალხის რაოდენობა არ შეცვლილა. მერე ვგრძნობ, რომ ჩემ უკან მდგარი კეთილსახიანი, გამხდარი კაცის ჯიბეში რაღაც საგანია, რაც ძალიან მაწუხებს. თან ვფიქრობ: „რა უბედურება უდევს ჯიბეში ვაა. ხელში ვერ დაიჭირა?!” თან რატომღაც მოუსვენრად მოძრაობს ეს კაცი და ჯიბეში ჩადებული საგანი უფრო შემაწუხებელი ხდება… გაჩერებაზე ჩასვლისას მოვიხედე უკან და ვხედავ, რაღაცა უცნაურს იმ კაცის შარვლის „ზმეიკასთან”. ფსიქიკამ მაშინვე უარყო, მაგრამ მაინც ყურადღებით შევხედე, თან უკან გავიწიე, რომ კარგად დამენახა, იმდენად მოწებებულივით იყო ჩემს მენჯთან. შარვალი ჰქონდა გახსნილი და თავისი „სიამაყე“ ამოგდებული, გრძელი სვიტერით უმეტესი ნაწილი დაფარული, მაგრამ მაინც ჩანდა, სახეზე შევხედე და ნერვი არ შეტოკებია?! მეთქი მეჩვენება, თან როგორ გინდა არ დაიჯერო, რასაც შენი თვალებით ხედავ? კიდევ ვაკვირდები ხომ არ მეჩვენება?! არც კი გაიწია, არც კი დამალა, დგას და იყურება?! უნებურად, ეგრევე ვთქვი „ფუ, შენი!“ არაფერი რეაქცია. ისევ იდგა. მე რომ ჩავიდოდი, ალბათ, სხვას მიადგებოდა ის ნაგავი. დავინახე და არც კი დამალა! მერე ბრაზისგან ავკანკალდი და ვერ მივხვდი, რა გამეკეთებინა. ასე არ უნდა გავჩერდე-მეთქი, ვფიქრობ. იმ ბიჭს შევახედე, ვინც მიღიმოდა, მაინც მხარდაჭერას პირველ რიგში მისგან ველოდი. სულ ისე მიღიმოდა. ახლა ეს მეჩვენება-მეთქი, ვეუბნები. შეხედა და გაიხედა ბიჭმა, ვითომც არ მიმითითებია არაფერზე! მერე ეს კაცი მიბრუნდა: „რა გინდა რა“ თუ რაღაცა მშვიდად და ძალიან ჩუმად თქვა და იმ წამს შეიკრა „ზმეიკა“, სანამ ჩხუბი არ დავუწყე, ისევ ისე ნახევრადჩახდილი იდგა?! თან მეორე კაცისკენ ოდნავ მიბრუნდა შეკვრის დროს. იმ კაცს არაფერი დაუნახავს ხო??? დავიბენი. გავმწარდი. პირი გამიშრა. ძლივს ვლაპარაკობ. რომ შემეძლოს, თავ-პირს დაგალეწავდი-მეთქი ვუყვირე. რო შეგეძლოს, კიო, თქვა, მაგრამ სახე ხალხისკენ ჰქონდა. მე თუ გავიგონე, სხვაც გაიგებდა. არავის რეაქცია არ აქვს!

აღარ ვიცი, რით გამოვიწვიო ან ეს კაცი ან ხალხი. „მეჩვენება ხო, რო დგახარ და მეხახუნებოდი-მეთქი?” – ვუყვირე. ვიღაც მოხუცი ქალი მეკითხება, რა მოხდაო. ჩაიხადა და მეხება თავისი ორგანოთი-მეთქი. უიმე, ავადმყოფია ეტყობაო. „ავადმყოფი არი თუ არა, ჩახდილი კი დგას ავტობუსში“. უიმე, გამოდი შვილო, ოდნავ გამოეცალე, რა გვეშველებაო და დაიწყო გლოვა ამ ქალმა. უარესად ავუწიე ხმას „მერე რო ვიტყვი, ძალიან ბევრი ნაბიჭვარი არის, მე ვიქნები მტყუანი-მეთქი“. ხალხს ყურს მოხვდა „ცუდი“ სიტყვა, შემომხედეს და… გაიხედეს ისევ, მორჩა!!! კიდევ ვფიქრობდი, იქნებ რამით გამოვიწვიო ეს არაადამიანები-მეთქი. – „აი, ახლა, რამდენი კაცია ავტობუსში და რატომ იბრმავებთ თვალებს“. – ვიყვირე, რეაქცია – ნული!

ჩემს არსებობაში ეჭვი შემეპარა. სრულად დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა მექნა, რომ ამ კაცს არ შერჩენოდა, რაც გააკეთა. „ჩამოეთრიე ავტობუსიდან, თორემ პატრულში დავრეკავ. ჩამოეთრიე, სანამ კიდევ ვინმეს მიედები“, – ვუყვირი. ეს ნეხვი მიყურებს და წყნარად მეუბნება: „ჩავიდეთ ჰო, ჩავიდეთ აბა“. ხალხის რეაქცია? ნული!!!! ჩამოსვლისას გადამასწრო ამ კაცმა და „ვითომ არ სიამოვნებსო“ თუ „არ ესიამოვნაო“, ჩაილაპარაკა?! ბრაზის, სიმწრისა და სასოწარკვეთილებისგან მთელი სხეულით კანკალი ბოლოს როდის გამოვცადე, აღარც მახსოვს. ოდნავი ჩოჩქოლი მაინც შეტყობოდა ხალხს. ასეთი გულგრილობა, ასეთი გამანადგურებელი ფეხებზე დაკიდება?

ტელეფონზე დავრეკე, რო ვინმესთვის მომეყოლა. უბრალოდ, წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა. ეს სითავხედე, ეს ამაზრზენი საქციელი ამ კაცს როგორ უნდა შერჩენოდა? ან ის „ხალხი“, ისინი, თავს რომ ადამიანებს უწოდებენ, ან რამდენი „ვაჟკაცი“ იქნებოდა იქ, გულებზე რო მუშტებს იბრაგუნებენ. იმ მოხუცი ქალის გარდა კითხვაც კი არ დაუსვამს არავის, სახეში ვუყურებდი ხალხს და სადღაც, შორს ჰორიზონტზე იყურებოდნენ. არც კი შემომხედეს. სურვილიც კი არ გასჩენიათ, რომ გაერკვიათ, რა ხდებოდა?! დამეწია და გამასწრო ამ კაცმა. ტრენინგზე მივდიოდი გამწარებული. აღმოჩნდა, რომ ერთ გზაზე მივდიოდით. იმ კაცს მივყვებოდი უკან. ტელეფონზე ლაპარაკი გაიგონა და მოიხედა. გამასწარი დროზე და ნუ მენახვები-მეთქი, ვუყვირე. რა გინდა, ჰო, აბა რა გინდა, მითხარიო, კეთილი მოხუცივით დაიწყო ისევ ისეთი ჩუმი და წყნარი ხმით. რა გინდა, რას მომდევო. მე ჩემი გზით მივდივარ და ნუ მომდევ უკანო. ახლა ქუჩაში ვუყვიროდი. ვიღაც გოგო მოვიდა, რა ხდებაო. რა ვიცი, ეს ავადმყოფი გოგო ამეკიდა და მომდევსო. გადამეკეტა გონება. აქეთ მიწოდა ავადმყოფი (?!) პატრულში დავრეკოთო – ამ გოგომ. ვერაფერს დავამტკიცებ, რა აზრი აქვს-მეთქი. კამერები ხომ არის ავტობუსშიო – იმ გოგომ. მაინც, არაფერი გამოჩნდებოდა იმდენ ხალხში-მეთქი, გავიფიქრე. ჯერ ისეთი ამბავი გადამხდა და მერე კიდევ პატრულთან „ურთიერთობის“ ამბავი გამოცდილი მაქვს და უარესი სტრესის თავი არ მქონდა. ვხედავდი, ნელ-ნელა როგორ მიდიოდა ის დამპალი კაცი, რომელმაც ასეთ საშინელ სიტუაციაში ჩამაგდო. მიდიოდა სრულიად მშვიდად, „ესეც შეირჩინას განცდით“. 2 საათი ტრენინგზე უაზროდ ჯდომისას გადავწყვიტე, რომ მაინც გამეკეთებინა რამე, ეს უსინდისობა რომ არ შერჩენოდა. ისე საშინლად ვგრძნობდი თავს, გაქრობის გარდა არაფერი მინდოდა. გამოვა ვინმე გენიოსი და იტყვის, რატომ მაშინვე არ დარეკეო, ვერ შევძელი და იმიტომ!

პატრულის ეკიპაჟს 30 წუთი ველოდე, თითქმის. უკვე გამოძახების გაუქმებას ვაპირებდი, როცა მოვიდნენ. „ავანტყოფი იქნებოდა, დამიჯერე, ავანტყოფის გარდა, ვინ იზამდა მაგასო”, არ იჯერებდნენ, რა თქმა უნდა. დეტალურად მოყოლის მერე აღშფოთება გამოთქვეს, „ავანტყოფი იყო თუ არ იყო ავანტყოფი, ეს ბავშვი კი არის სტრესშიო“ – მეორემ. წამიყვანეს განყოფილებაში. თითქმის სამი საათი ველოდი გამომძიებელს. მასთან ალბათ 5 წუთი ვიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ ნახევარ საათზე მეტხანს ერთი ქალი ჩემს ჩვენებას იწერდა (ლოდინის სამი საათის განმავლობაში მართალია, ეს იქვე იჯდა, მაგრამ აუცილებლად სამი საათის მერე უნდა ჩაეწერა) სახლში მისასვლელად ნახევარი გზა ფეხით გავიარე, იმიტომ, რომ ავტობუსები უკვე აღარ დადიოდა და იმიტომ, რომ გამომძიებელს ველოდე (რომელიც გზაში თითქმის სამი საათი იყო. ნეტა, საიდან მოდიოდა იმისთვის, რომ 5 წუთი დამლაპარაკებოდა?). ორი გამომძიებელი და ეს მესამე ქალი, რა თქმა უნდა, არ იჯერებენ, რასაც ვუყვები, თუმცა ჩემს დეტალურად დამახსოვრებულს მაინც თავისი გააქვს: „საღი ადამიანი მაგას არ იზამდა“; „ავადმყოფების მეტი რა არი“; „ავადმყოფი იყო, გარეგნულად როგორ შეატყვე?“; „ ისე, შენ, როგორც ფსიქოლოგმა, როგორ შეატყვე, ავადმყოფი იყო ხო?“.

ჩვენებას ვინც იწერდა, იმ ქალს ვკარნახობ, მენჯთან ვიგრძენი შეხება და მოძრაობა-მეთქი. მენჯი რა არიო. რამდენჯერმე ვეუბნები, რეაგირება რა იქნება, როგორ გადავამოწმო, ის კაცი იპოვეთ თუ არა-მეთქი. შენ ეს უკვე არ გეხება, ჩვენ მივხედავთო. ვეუბნები, ავტობუსში კამერებია. იმ ქუჩაზეც, სადაც ჩამოვედით, იმ მიწისქვეშა გადასასვლელშიც, მეორე ქუჩაზეც, სადაც ბოლოს ვეჩხუბე. ძნელი არ იქნება პოვნა-მეთქი და ეს უკვე პატრულის საქმეა, ჩვენ ხომ აქ იმისთვის ვართ, რომ მოქალაქის განცხადებაზე რეაგირება გვქონდესო. ჰოდა, რა სახის რეაგირება იქნება-მეთქი. ჩვენი მიზანია, იმ კაცს თითი დავუქნიოთ ასეთ საქციელზეო და პოლიტიკოსებს რომ სჩვევიათ ისეთი ლაპარაკი დაიწყეს.

ასეთ სიტუაციაში თუ რამის მადლიერი ვიქნებოდი, არ მეგონა, მაგრამ მადლიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი არ გადავიტანე რამდენიმე წლის წინ, როცა მართლა სირცხვილისგან მოვკვდებოდი, ჩემს თავს დავადანაშაულებდი და უარესად გავინადგურებდი. მადლობელი ვარ, რომ ის დამპალი კაცი არ მომიბრუნდა და აქეთ არ დამიწყო გინება, ჩხუბი. მადლობელი ვარ, რომ ხალხი ჩუმად მაინც იყო და ჩემი დადანაშაულება მაინც არ დაიწყეს… მაგრამ მაინც მეფიქრება, ამის მადლობელი უნდა ვიყო? ხალხმა რომ დაიკიდა ის, რაც ხდებოდა; ის კაცი რომ იმაზე ცუდად არ მომექცა, ამის მადლობელი უნდა ვიყო?

…რა თქმა უნდა, ღამის პირველი საათი ხდებოდა, სახლში რომ მოვაღწიე. უკვე მესამე არჩევანიც დამემატა, იმ კაცზე, ხალხზე თუ პატრულზე გავბრაზდე?

ერთადერთი ფიქრი მიტრიალებს სულ თავში, ვერ მოვიშორე. მაინც ჩემს თავს ვიდანაშაულებ, ჩემს უმოქმედობას… იქნებ, ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო, იმ კაცისთვის რომ სვიტერი ამეწია და სხვებსაც უკეთესად დაენახათ, რომ მართლა შარვალგახსნილი იდგა… სულ ამ სცენას ვატრიალებ გონებაში, აი, ის კაცი, სპეციალურად ზემოთ რომ იყურებოდა როცა მივმართე, არ იტყოდა არაფერს? ან იმ ბიჭებს რომ დაენახათ? ან იმ გოგოს, ნაუშნიკებით რომ იბრმავებდა თვალებსაც? როგორ დავიჯერო რომ მართლა ასეთი ნეხვი იყო ყველა, საერთოდ ყველა იმ ავტობუსში(იმ ქალის გარდა, გამოეცალეო რო მირჩია)?!

ნათელი წერტილი მაინც რჩება ამ ისტორიაში – ის გოგო, რომელმაც ქუჩაში ეგრევე მხარდაჭერა გამოხატა, როგორც კი გაიგო ხმამაღალი ლაპარაკი, ეგრევე მოვიდა.

ჩემი ცხოვრების ამ ერთ დღეში, ალბათ, 150 გულგრილ ადამიანის მსგავს არსებას შევხვდი და ერთ ადამიანს. ესეც კაია. ამ სტატისტიკით, კაი ადამიანები საკმარისად იქნებიან ირგვლივ.

ახლა ერთი ამოცანა აქვს ჩემს ფსიქიკას გადასაწყვეტი, რომელი უფრო საშიშია:

1) ასეთი სახის მამრები, თავიანთი გარყვნილი ქმედებებითა და არსებობით?

2) ასეთი ხალხი, თავისი გულგრილობითა და განათლებით?

3) თუ ასეთი სამართალდამცავები, თავიანთი კომპეტენციითა და გულგრილობით?

ლიბერალი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018