ცოტნე გამსახურდია – “ივანიშვილი მიხვდა, რომ კობახიძე-ზარდიაშვილი-თალაკვაძის ყიყინით ფონს ვერ გავლენ”

ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში ისმის კითხვა, რატომ, რა მიზნებით, რა ფაქტორების გამო დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი. ყველას გვახსოვს მისი წლების უკან გაკეთებული განცხადება, რომ თუ რაიმე კატასტროფული არ მოხდა, ის არ დაბრუნდება და მისი მოსვლა ქრისტეს მეორედ მოსვლასაც კი შეიძლება შევადაროთ. მაშ, რასთან გვაქვს საქმე, რატომ მიატოვა საკუთარი ფინანსური იმპერია და კვლავ დაუბრუნდა ქართულ პოლიტიკას?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ივანიშვილი არ მოსულა სახელმწიფო მართვის სისტემაში: ის საკუთარ პარტიას დაუბრუნდა, გახდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ადვილი გამოსაცნობია, რომ მას საქვეყნო მიზნები და ჩვენზე დარდი კიარა, საკუთარი პარტიული სტრუქტურის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნები ამოძრავებს. არავითარი ოფიციალური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მას რეალურად არც ახლა აუღია.

ზღაპარია ისიც, რომ ივანიშვილი დასავლეთმა ან სხვა გარე ძალის ცენტრმა აიძულა დაბრუნებულიყო. დასავლელი მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნები და ორგანიზაციები რახანია სხვადასხვა ფორმებით აკრიტიკებენ მის არაფორმალურ მმართველობას და ამ პარტიული ფარდის მიღმა მოვლენას მხარს არ დაუჭერდნენ.

ვფიქრობ, საქმე ისაა, რომ ქართული ოცნება, რომელმაც 2016 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის სულ რაღაც 23 პროცენტი მიიღო და ისიც მაჟორიტარული სისტემის მაქინაციების წყალობით, სერიოზულ კრიზისს განიცდის. დღეს ეს 23 პროცენტიც რეალურად განახევრებულია, თუ უფრო ნაკლები არა, და კობახიძე-ზარდიაშვილი-თალაკვაძის ყიყინით ფონს რომ ვერ გავლენ, ამას ივანიშვილი კარგად ხვდება. პოლიტიკურად გამოუცდელი და პიროვნულად უავტორიტეტო ბიჭბუჭების იმედად ყოფნას ის აღარ აპირებს. მხარდამჭერთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირებულია, ხოლო რაც უფრო მცირეა ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოიპოვოს კონტროლი უმრავლესობაზე, მით მეტია პოლიტიკური დაძაბულობა და სავარაუდო მძიმე შედეგები. რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელთაც, მართალია დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა არა აქვს საარჩევნო ციკლებში, მაგრამ სერიოზული სიმბოლური დატვირთვა აქვს შინაც და გარეთაც: მათი სამარცხვინოდ წაგება 2020 წლისათვის პოლიტიკური განაჩენი იქნება. ხალხში რეალური იმედი და შესაძლებლობა გაჩნდება დისკრედიტებული და კორუმპირებული ქოცების მოშორებისა.

დღეს ივანიშვილს დიახაც ბევრი აქვს დასაკარგი და ესაა მისი “მეორედ მოსვლის”, კატასტროფის მიზეზი: დამშეული, მოტყუებული, იმედგაცრუებული 90 პროცენტი უკიდურეს მდგომარეობამდეა მისული. თავად შეიძლება გაასწროს, მაგრამ დაკარგავს უზარმაზარ პირად ქონებას და გამწარებული მასა მის თავხედ, უცხვირპირო მონებს ხეებზე ჩამოკიდებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი პარტიის რიგებში მეტი დისციპლინა და მობილიზაცია შეიტანოს, რათა შეძლონ ძალაუფლების შენარჩუნება. ესაა და ეს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნებას” ვეღარაფერი უშველის. ამათი ზღაპრების და დემაგოგიის დამჯერებელი მონების მცირე ნაწილის გარდა აღარავინაა. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? გავაგრძელოთ ძიება, დისკუსია, მცდელობა, იქნებ 2020 წელს მაინც ამოვიდეთ ერთპარტიული მმართველობიდან და ამ ერთმა მუჭა ერმა ბოლობოლო მოვახერხოთ საუკეთესო წარმომადგენლების – თუნდაც სხვადასხვა პოზიციაზე მყოფთა – წინ წამოწევა საერთო მიზნებისთვის. თუ საერთოდ გვინდა პლანეტის სცენაზე დარჩენა…”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018