ხელისუფლება ფრიდომ ჰაუსის წინააღმდეგ  

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრიდომ ჰაუსს საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიკერძოებაში ადანაშაულებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ანგარიშის ავტორებს შინაარსობრივად ხელისუფლების გაკრიტიკება უჭირთ და იკვეთება მიკერძოებულობა.

„გუშინ გამოქვეყნდა ამერიკული ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსის ანგარიში საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორებს შინაარსობრივად უჭირთ ხელისუფლების გაკრიტიკება, დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და თავისუფლების კუთხით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, თუმცა ეს ანგარიშში არ არის ასახული.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი ფუნდამენტური წინსვლა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო გაყალბებული არჩევნები, ნულოვანი ბალანსი ხელისუფლების ორგანოებს შორის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, საკუთრების ხელყოფა, სასამართლოს სრული დაქვემდებარება და იუსტიციის სამინისტროს და ხელისუფლების ტოტალური თვითნებობა. ეს პრობლემები 2012 წლიდან საქართველოში არსებითად გადაიჭრა. ამ ფონზე, ანგარიშის თანახმად, 7-ბალიან შკალაში მხოლოდ 12 მეასედით არის გაუმჯობესებული საქართველოს რეიტინგი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რაც ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე ანგარიშის მიკერძოებულობაზე მეტყველებს მედიის კუთხით შეფასება.

„კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით საერთოდ არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც ღიმილისმომგვრელია. 2012 წლის მოცემულობა იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედია გარემოზე. 2004-2012 წლებში სამივე ეროვნულ მაუწყებელზე – „რუსთავი 2-ზე“, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და „იმედზე“ უკანონო გზით გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. სამივე არხი ასრულებდა ხელისუფლების რუპორის ფუნქციას და უზრუნველყოფდა ე.წ. ტვინის გამორეცხვას ხელისუფლების სასარგებლოდ. საინტერესოა, რომ ანგარიშში გაკრიტიკებულია სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით საკუთრების უფლების დაბრუნება იმ პირისთვის, რომელსაც როგორც მთელი ქართული საზოგადოებისთვის არის ცნობილი, წაართვა ტელევიზია მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მიზნებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე 2012 წლის და დღევანდელი რეიტინგის იდენტობა მედიის კუთხით ანგარიშის მიკერძოებულობაზე მეტყველებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანგარიშის ავტორების შეფასება სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებაში ღიმილისმომგვრელია.

„იგივე შეიძლება ითქვას სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, სადაც ანგარიშის თანახმად, ქვეყნის რეიტინგი სულაც 25 მეასედით არის გაუარესებული 2011 წელთან შედარებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ამის შედეგი იყო უკანონო სისხლის სამართლებრივი განაჩენები ათიათასობით ადამიანის წინააღმდეგ. სასამართლო წარმატებით გამოიყენებოდა ბიზნესმენთა და სხვა პირთა რეკეტისთვის, ასევე პოლიტიკური დევნისთვის. სასამართლო ეფექტიანად აღასრულებდა ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, რის შედეადაც ციხის პოპულაციამ საქართველოში 24 500-ს მიაღწია. 2012 წლის შემდეგ სასამართლო განთავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისგან, რადიკალურად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენებისა და მოქალაქეების მიერ მოგებული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა. სასამართლო აღარ გამოიყენება ადამიანების დევნისა და მათი უფლებების შელახვის ინსტრუმენტად. ასევე გატარდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად. ამ ფონზე კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში ღიმილის მომგვრელია. ასევე გაღიმებას იწვევს ანგარიში სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში. თუ 2012 წლამდე სამოქალაქო საზოგადოება იყო მეტწილად ლოიალური ხელისუფლების მიმართ, 2012 წლის შემდეგ მისი დამოკიდებულება ოპოზიციურისკენ შეიცვალა, რაც დადებითად უნდა ასახულიყო შესაბამის რეიტინგზე, თუმცა კვლევის ავტორებმა ამ შემთხვევაშიც ტენდენციურობა გამოავლინეს“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018