ადვოკატი კაკაბაძე – ”დავით სარალიძის დაჭრაში კიდევ არაერთი პირი მონაწილეობდა, რომლებიც არ არიან პასუხისგებაში მიცემული”

ადვოკატი კაკაბაძე - ”დავით სარალიძის დაჭრაში კიდევ არაერთი პირი მონაწილეობდა, რომლებიც არ არიან პასუხისგებაში მიცემული”მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კიდევ არა ერთი პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის დაჭრაში და ეს პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემულები, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის მტკიცებით, ბრალდების მხარის მიერ დღეს წარდგენილმა ექსპერტიზის დასკვნამ ვერ უპასუხა იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას და დაზარალებულს აწუხებს და ასევე აინტერესებს სასამართლოს. კაკაბაძის თქმით, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა მათ მიერ დანიშნული ექსპერტიზით, რომელსაც ცნობილი ბრიტანელი ექსპერტები ჩაატარებენ.

– ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, კონკრეტულად რომელი დანით რომელი ჭრილობა არის მიყენებული. არ დგინდება, არის თუ არა გამოყენებული სხვა დანები ჭრილობების მიყენების პროცესში, არ დგინდება, მთლიანად რამდენი დანითაა მიყენებული ჭრილობები. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმთავრეს შეკითხვებზე, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, დაზარალებულს და აინტერესებს სასამართლოს, კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნა პასუხს ვერ სცემს.

ამ დასკვნას რამდენიმე თვეა, ველოდებით, იმის გამო, რომ პასუხი საკმაოდ გვიან მოვიდა, დაცვის მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზები ჯერჯერობით არ არის მზად, ვინაიდან ველოდებით, როდის გადმოგვცემენ ნივთმტკიცებებს. აღნიშნულ კითხვებს, რომელTაც ვერ პასუხობს ბრალდების მხარის ექსპერტიზა, უპასუხებს დაცვის მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა და ექსპერტები, რომლებიც ჩვენ უცხოეთიდან მოვიწვიეთ, – განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ბრალდება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს წაყენებული.

– მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კიდევ არაერთი პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის დაჭრაში და ეს პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემულები. იმედი მაქვს, სასამართლო სწორად და სრულყოფილად შეაფასებს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და არ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომელიც ძალიან განსხვავდება ჭეშმარიტებისგან, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ინტერპრესნიუსი