დავით ჭიჭინაძე – “სუფრა ვინც გაშალა, მის გვერდით უნდა დაჯდე და მასპინძლად გამოჩენას არ შეეცადო”

დავით ჭიჭინაძე - "სუფრა ვინც გაშალა, მის გვერდით უნდა დაჯდე და მასპინძლად გამოჩენას არ შეეცადო"პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებას მეოცნებეები კარგა ხნის მანძილზე მალავდნენ. ეს სააშკარაოზე დეპუტატ გედი ფოფხაძის გადაწყვეტილებამ გამოიტანა – ის პარტიიდან აპირებდა წასვლას. მის გადარწმუნებას მთავრობის მეთაური შეეცადა. გიორგი კვირიკაშვილმა “ოცნების” სხვა ლიდერებსაც სთხოვა, რომ ფოფხაძესთან დაკავშირებით მკვეთრ განცხადებებს მორიდებოდნენ.
დეპუტატების ნაწილმა ეს მოთხოვნა არ შეისმინა და დაიწყო ფოფხაძის გმობა, რასაც უკვე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გააქტიურება მოჰყვა. მან პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც კი მოითხოვა და სიტუაცია ისე დაძაბა, რომ ივანიშვილი პარტიაში დაბრუნდა.
დავით ჭიჭინაძე ყოფილი პრემიერის დაბრუნებას დადებითად აფასებს, ამასთან მიაჩნია, რომ ამაში მას არანაირი წვლილი არ შეუტანია. იმედოვნებს, რომ პარტიაში ახლა ყველაფერი კარგად იქნება.
იწყება თუ არა “ოცნებაში” დიდი წმენდა, რა პრობლემები შეექმნა პრემიერ-მინისტრს დეპუტატებთან, გაბედავს თუ არა “ოცნების” ლიდერების ნაწილი ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წასვლას, – ამის შესახებ მეამბოხე დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობას” ესაუბრება.
– ბოლო რამდენიმე კვირა თქვენ ძალიან აქტიური იყავით და ძალიან მწვავე განცხადებებს აკეთებდით.
– არ მიმაჩნია, რომ მწვავე განცხადებებს ვაკეთებდი. მე მხოლოდ იმ რეალობას ავსახავდი, რაც პარტიაში იმ მომენტისთვის იყო.
– ამას სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა.
– მე არ ვთვლი, რომ ეს დაპირისპირება იყო. ყველა საკუთარ აზრს გამოხატავდა.
– მას შემდეგ, რაც ყველამ გამოხატეთ აზრი, ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ ივანიშვილს პარტიაში დაბრუნებამ მოუწია.
– რა სჭირდა ივანიშვილს დასაბრუნებელი. ეს პარტია მის მიერ არის შექმნილი. მისი დაბრუნება მხოლოდ მისასალმებელია.
– ამბობენ, რომ მის დაბრუნებაში თქვენმა აქტიურობამაც შეიტანა თავისი წვლილი.
– აქ მთავარი ჩემი აქტიურობა არ არის. მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია.
– თქვენ მისი დაბრუნებით აშკარად კმაყოფილი ჩანხართ.
– მარტო მე არა ვარ კმაყოფილი. ამით ყველა კმაყოფილია.
– ბევრი ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერის დაბრუნების შემდეგ, “ოცნებაში” წმენდა დაიწყება. თქვენც ელოდებით წმენდას?
– არავითარი წმენდა. არ მინდა, ასეთი ინტერპრეტაცია მიეცეს. “ოცნებაში” ისე არ დგას საქმე, რომ წმენდის ჩატარება იყოს საჭირო. ვიღაცა, შესაძლოა, ჩრდილში მოექცეს, მაგრამ ეს ალბათ არავის ეწყინება.
– დარწმუნებული ხართ, რომ არ ეწყინებათ?
– ბიძინა ივანიშვილის ჩრდილში თუ მოექცევი, რატომ უნდა გეწყინოს? არა მგონია, ეს “ოცნებაში” ვინმესთვის საწყენი იყოს. “ქართული ოცნება” მისი დამსახურებით შეიქმნა. ის რომ არა, ეს პარტია არ იქნებოდა.
მის დაბრუნებას ყველა დადებითად შეხვდა. კმაყოფილები არიან ის ადამიანებიც, ვინც 2012 წელს “ოცნებას” უჭერდა მხარს. ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება პარტიის ერთობას გაამყარებს.
ივანიშვილის ჩრდილის ქვეშ ყოფნა არავის ეწყინება და, აქედან გამომდინარე, ვიღაცებს ამბიციების გვერდზე გადაწევა გაუიოლდებათ. ამბიციები გვერდზეა გადაწეული. ახლა ივანიშვილს უნდა დავუდგეთ გვერდით და ხალხს დანაპირები შევუსრულოთ.
– ამბიციები ახსენეთ და ვისმა ამბიციებმა გადაიწია, პარტიის ლიდერების? თქვენ რამდენიმე მათგანს მწვავედ აკრიტიკებდით.
– ყველა ადამიანს, ვისაც რაღაც თანამდებობა უკავია, ამბიციებიც გააჩნია. ეს არ არის ახალი. უბრალოდ, არის ასეთი წესი, სუფრა ვისი გაშლილიც არის, მის გვერდით უნდა დაჯდე და მასპინძლად გამოჩენას არ შეეცადო.
სწორედ ამიტომ სთხოვა პარტიამ ივანიშვილს დაბრუნება. ის დაბრუნდა და ყველაფერი დალაგდება. მისი დაბრუნებით ყველა კმაყოფილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია უკვე დალაგდა.
– ოპოზიცია ამბობს, რომ დალაგება ასეთი იოლი არაა და “ოცნება” კრიზისშია.
– არანაირი კრიზისი “ქართულ ოცნებაში” არ არის. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. განსხვავებული აზრის გამოხატვა იმას არ ნიშნავს, რომ პარტიაში რაღაც ცუდი ხდება.
ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, კიდევ უფრო კარგად წავა საქმეები პარტიაში. საკუთარი აზრის გამოხატვას ყველა შეძლებს, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების რევიზირება აღარ მოხდება.
– თქვენ ეს განცხადება იმ დღესაც გააკეთეთ, როცა ივანიშვილის დაბრუნების შესახებ გახდა ცნობილი. უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდება?
– ყრილობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი გახდება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. იქედან გამომდინარე, რომ ის არის ამ პარტიის დამფუძნებელი და დიდი ავტორიტეტი აქვს, მისი გადაწყვეტილებების რევიზირებას ვერავინ შეძლებს.
– მის დაბრუნებამდე პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი იყო. გინდათ თქვათ, რომ მის გადაწყვეტილებას არ ემორჩილებოდნენ?
– არ ემორჩილებოდნენო, არ მითქვამს. ვთქვი, რომ პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების რევიზირებას ვეღარავინ გაბედავს.
– კვირიკაშვილის გადაწყვეტილებების რევიზირებას ვინ ახდენდა?
– გედევან ფოფხაძემ პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება საკმაოდ ემოციურად გააჟღერა. მის გადარწმუნებას შეეცადა გიორგი კვირიკაშვილი. ის დაელაპარაკა მას და დარჩენა სთხოვა. სხვა დეპუტატებსაც ურჩია, რომ სიტუაცია არ გაემწვავებინათ. შედეგად რა მივიღეთ, ზოგიერთი დეპუტატი გამოვიდა და გედევანზე დაიწყეს განცხადებების გაკეთება.
– კობახიძე გყავთ მხედველობაში?
– ფოფხაძეზე ის დეპუტატებიც საუბრობდნენ, ვისაც პარტიაში არანაირი თანამდებობა არ ეკავათ. მათ ამით მოახდინეს პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების გადახედვა, რაც არასწორი და ულამაზო იყო. ახლა ივანიშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე და ამას ვეღარავინ გააკეთებს.
– გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს გადახალისება მოხდება. ამბობენ, რომ, შესაძლოა, იქედან კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე წავიდნენ.
– არავის წასვლაზე არ ყოფილა საუბარი. მხოლოდ ის ითქვა, რომ პოლიტსაბჭო უნდა გადახალისდეს და შემცირდეს. რაც უფრო ცოტა ხალხი იქნება პოლიტსაბჭოში, მით უფრო მობილურად იმუშავებს ის. პარტიაც უფრო მობილური იქნება. ივანიშვილის დაბრუნება ძალიან მალე გამოიღებს თავის დადებით შედეგს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა