„დარწმუნებული ვარ, მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა გამოძიებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ“ – ხორავაზე მოკლული მოზარდის მამა

„დარწმუნებული ვარ, მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა გამოძიებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ“ - ხორავაზე მოკლული მოზარდის მამახორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სიმამრთან ერთად დიდ ზეგავლენას ახდენს გამოძიებაზე.

„უკვე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მირზა სუბელიანი, ასევე, ბორის კაკუბავა ახდენს გამოძიებაზე ძალიან დიდ ზეგავლენას. მოწმე მ.კ. დღეს უნდა იყოს დაკავებული სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, პროკურატურიდან და ძალოვანი უწყებებიდან რეაგირებას ვერ ვხედავ. ასევე ფაქტია, რომ მირზა სუბელიანის შვილი ამ ინციდენტის დამწყები პირია. ანუ ორგანიზატორები არიან სუბელიანის შვილი და მისი ცოლის დის შვილი და მათ აფარებს ხელს გამოძიება”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომელიც დილიდან თბილისის პროკურატურასთან იმყოფება, სადაც “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს ზვიად კუპრავა მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ დაკითხვაზე დაიბარეს.

სარალიძე აცხადებს, რომ ზვიად კუპრავას სოლიდარობას უცხადებს, რადგან ყოფილი სამართალდამცავი საქმეზე არსებული ხარვეზების აღმოჩენაში აქტიურად ეხმარება.

კუპრავა ამბობს, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველი კადრებს მირზა სუბელიანი ინახავს და ამ კადრებით აშანტაჟებს შოთაძის უწყებას.