დედიკო, მამიკო, წამიყვანეთ სახლში, იქ ნუ დამაბრუნებთ! – მოზარდი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს – ვიდეო

დედიკო, მამიკო, წამიყვანეთ სახლში, იქ ნუ დამაბრუნებთ! – მოზარდი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს - ვიდეო11 წლის მოზარდი, რომლის ვიდეო-კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ამჟამად ბავშვთა მე-5 ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, მოზარდი ამჟამად მკურნალობას გადის და ექიმების მეთვალყურების ქვეშ იმყოფება. დღესვე, 11 წლის ბიჭი ფსიქიატრიულში პედაგოგმა და აღმზრდელმა ინახულეს.
„დედიკო, მამიკო, წამიყვანეთ სახლში, იქ ნუ დამაბრუნებთ! “ – ამბობს 11 წლის თვალცრემლიანი მოზარდი, რომელიც „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდიურზე ზის და მშობლებს სახლში წაყვანას სთხოვს.
შესაბამისი ვიდეო-კადრები სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „კვირა“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
“დღეს დილით ბავში მივიყვანე ბაღში და უკანა გზაზე “თბილისი ცენტრალის” ტერიტორიაზე გადავაწყდი ამ სურათს – გული მომიკვდა ამ ბავშვის საცოდაობით, მშობლებს სთხოვს სახლში წაყვანას. თემქის ბავშვთა სახლიდან გამოიქცა, თუ არ ვცდები, არ უნდა იქ დაბრუნება. დედას რომ ვკითხე, რატომ არ მიჰყავდა სახლში, პასუხი იყო: ნევროზიანია, მკურნალობა უნდა, იქ უკეთ უვლიანო. აქ ხალხს ხედავს და გასდის ასეთი საქციელიო. სახლში რომ მივიყვანო, დამილეწავს ყველაფერსო. ძალიან მომეშალა ნერვები და უფრო რომ ჩავეძიე, ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი, თავს გაგიჩეჩქვავო. ღმერთო, რატომ ჰყავთ ასეთ მშობლებს შვილები?! რამდენს შვილი უნდა და ნატრობს. ყურებიდან არ ამომდის ამ ბავშვის განწირული ხმა – დედიკო, მამიკო, წამიყვანეთ სახლში, იქ ნუ დამაბრუნებთ! “ – წერს პირად გვერდზე ვიდეოს ავტორი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრს დაუკავშირდა. თუმცა, მათი განმარტებით, მოზარდის საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს.
როგორც „კვირას“ – ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, 11 წლის ბავშვის ოჯახი მაღალმთიანი რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
„ბავშვის ოჯახი მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო პროცესში და 2017 წელს დაეხმარა მშობლებს დოკუმენტაციის მოწესრიგებაში. შემდეგ, სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ მიმართა განათლების სამინისტროს მულტიგუნდს ბავშვის მდგომარეობის შესწავლისათვის. შეფასდა და გამოიკვეთა, რომ სჭირდებოდა ინკლუზიური სწავლება. მულტიგუნდის დასკვნის საფუძველზე, შ— ჩაირიცხა გლდანში მდებარე მე-200 სკოლა-პანსიონში, რომელსაც განათლების სამინისტრო კურირებს. მოზარდი ამ დრომდე აქ გადის ინკლუზიურ სწავლებას. მუდმივად ვართ ბავშვის ჯანმრთელობის და განათლების საკითხების ირგვლივ ინფორმირებულნი, ვფლობთ ინფორმაციას, რომ ის ადაპტირდა, მოერგო ახალ სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს. მოგეხსენებათ, რომ სკოლა-პანსიონს გააჩნია მედ-პერსონალი, ასევე სასწავლო სპეციალიზებული პედაგოგთა გუნდი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს ბავშვზე. დედას მუდმივი კომუნიკაცია აქვს შვილთან, ამჯერად გაიყვანა დაწესებულებიდან რამდენიმე დღით სააღდგომო არდადეგებზე“ – განუცხადა „კვირას“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ.
„კვირა“, მოზარდის საკითხის გასარკვევად, მე – 200 საჯარო სკოლა-პანსიონატს დაუკავშირდა.
როგორც სკოლის დირექტორმა მარინა უჯმაჯურიძემ განაცხადა, 11 წლის ბავშვი პანსიონატში შარშან 2 მარტიდან სწავლობს.
„ბავშვი შარშან სამტრედიიდან ჩამოიყვანეს. უკვე წელიწადზე მეტია, ჩვენთან სწავლობს. წელს, საგაზაფხულო არდადაგებზე მშობელმა წაიყვანა, თუმცა მისი ჩამოყვანა დროულად ვერ მოხერხდა. მოსწავლეები პანსიონატში 15 მარტს უნდა დაბრუნებულიყვნენ. ვინაიდან მოსწავლე 15 მარტს არ გამოცხადდა, სკოლის პედაგოგმა და თავად მეც, რამდენჯერმე დავურეკე მშობელს, მაგრამ ბავშვის ჩამოყვანას ვერ ახერხებდნენ. დედამ მითხრა, რომ ოჯახში რაღაც პრობლემის გამო, შვილის ჩამოყვანას ვერ ახერხებდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მშობლებმა მოზარდი გუშინ სახლიდან წამოიყვანეს და სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები გუშინდელია. არ ვიცი რა მოხდა სახლში. თუმცა, ასეთ ბენეფიციარებს, ოჯახური სიტუაციის შემდეგ, პანსიონატში მოსვლა უჭირთ. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მოზარდს ქცევითი აშლილობა ადრეც აღენიშნებოდა“, – აცხადებს სკოლა-პანსიონატის დირექტორი მარინა უჯმაჯურიძე.
„კვირა“ ამ საკითხზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კვირა