ემზარ კვიციანი – “ირინა სარიშვილმა შვილით დამიწყო ბრძოლა, ჩემი გამწარება იგორ გიორგაძემ დაავალა”

ემზარ კვიციანი - "ირინა სარიშვილმა შვილით დამიწყო ბრძოლა, ჩემი გამწარება იგორ გიორგაძემ დაავალა"ვინ და რა ჭორებს უვრცელებს ემზარ კვიციანს, რა კავშირშია ამ ყველაფერთან იგორ გიორგაძე, რატომ უნდა გახდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება.
– თქვენ მიერ ინიცირებულ კანონს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა. ელოდით ასეთ რეაქციას?
– იმ ქვეყანაში, რომლის პარლამენტშიც გიგა ბოკერია იჯდება, ყველაფერია მოსალოდნელი. ველოდი, რომ ამაზე დიდი ამბები ატყდებოდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ კანონის გამო შვილებით დამიწყებდნენ ბრძოლას.
– შვილებით ბრძოლაში რას გულისხმობთ?
– როცა ამ კანონის ინიცირება მოხდა, ირინა სარიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ თითქოს მე შეურაცხვყავი მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობები, რადგან ჩემს შუათანა შვილს იესო დავარქვი.
მინდა ყველამ იცოდეთ, რომ მას არა იესო, არამედ იასე ჰქვია. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ თავიდან მართლა იესოს დარქმევა მინდოდა. ამაში ცოდვას ვერაფერს ვხედავდი, ძალიან მიყვარს უფალი და მინდოდა, ჩემს შვილს მისი სახელი რქმეოდა.
იასე რომ დაიბადა, იმ დროისთვის ეკლესიურ საკითხებში კარგად არ ვიყავი ჩახედული, უბრალოდ, მწამდა ღმერთი. აქედან გამომდინარე, არ ვიცოდი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მამაოებს როცა ვესაუბრე, მითხრეს, რომ იესოს დარქმევა არ შეიძლებოდა და ბავშვს იასე დავარქვი. მისი ნათლობის სახელი არის იოანე.
ირინა სარიშვილს მე ბევრი რამის გამო ვცემ პატივს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მაგარი ქალია, ამდენ ბავშვს ზრდის. მისგან ნამდვილად არ ველოდი, თუ შვილით დამიწყებდა ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, ეს არც მას უნდოდა, ყველაფერი იგორ გიორგაძის გამო გააკეთა.
– იგორ გიორგაძე რა შუაშია?
– გიორგაძე მე ვერ მიტანს. სარიშვილი მისი ახლობელია და მას დაავალა, გავემწარებინე. როგორც კი ეს კანონპროექტი წარვადგინე, ყველა მხრიდან დამიწყეს შეტევები.
– იმის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ აღიარეთ, რომ 2006 წელს რუსეთის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდით. ამაზე რას იტყვით?
– ცილისწამებაა. რამდენიმე ტელევიზიამ და სააგენტომ სიხარულით გამოაცხადეს, ემზარ კვიციანმა აღიარა, რომ 2006 წელს რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდაო. ამის დამადასტურებლად წარმოადგინეს ნაწყვეტები ჩემი ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც შეგნებულად იქნა დაჩეხილ-დამახინჯებული.
სინამდვილეში დეტალურად ავხსენი, რა და როგორ იყო. რუსეთის სპეცსამსახურებთან საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ითანამშრომლა. ეს ყველაფერი იმ გეგმის ნაწილი იყო, რომელიც 2008 წელს კოდორის ჩაბარებით დასრულდა.
ჩემზე რომ გაიძახიან, კვიციანი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდაო, თავად რომელი ქვეყნის დავალებას ასრულებდნენ, ხეობა ერთი გასროლის გარეშე რომ ჩააბარეს.
საქართველოში დაბრუნების დღიდან კატეგორიულად ვითხოვ კოდორის მოვლენების გამოძიებას. ეს მოთხოვნა დეპუტატის რანგშიც დავაყენე, მაგრამ ცოცხალი თავით არ სწავლობენ ამას. რამე რომ მქონდეს მიქარული, იმ საქმის გამოძიებას მოვითხოვდი? დავალებების შესრულება და აგენტობა იმ ხალხს უნდა მოვკითხოთ, ვინც გამოძიების წინააღმდეგია.
ყველა მიმართულებით მიტევენ, არ მპატიობენ რელიგიური გრძნობების დაცვისთვის ბრძოლას. ისე დაეცნენ, ფეისბუქზე რაღაცებს წერენ, თითქოს მე დავწერე. ასეთი რაღაცა გააკეთეს, თითქოს მე სოციალურ ქსელში დავწერე, ემზარის ნაცვლად დღეიდან ემზო დამიძახეთო.
ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, როგორ ვერ ვიტან, როცა მამაკაცებს მოფერებით სახელებს უცვლიან. არასდროს და არავისგან მოვითხოვდი, ემზო დამიძახეთ-მეთქი და ისე, რომც მომეთხოვა, ვისი რა საქმეა, ემზო მერქმევა თუ ბაბაჯო. ჩემზე ასეთი ჭორების გავრცელებას ურჩევნიათ, საკუთარ წარსულს მიხედონ.
მეთოდები გიგა ბოკერიასი, რომელიც იგორ გიორგაძის მითითებებს ასრულებს, ვერ შემაჩერებს.
– რა მითითებებს უსრულებს გიორგაძეს ბოკერია?
– ჩემ წინააღმდეგ შავ პიარს აგორებენ. წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო ამ ტიპის კანონპროექტი ინიცირებული, მაგრამ მოულოდნელად უკან გაიწვიეს. მაშინ ამაში არასამთავრობოები და საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერივნენ. ახლაც ასე ხდება. უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები და პოლიტიკოსები ყველაფერზე მიდიან. ბოკერიაც უცხოეთიდან ფინანსდება, თავს მედასავლეთედ ასაღებს და იგორ გიორგაძის დავალებების შემსრულებელია.
– იგორ გიორგაძე რატომ უნდა იყოს იმის წინააღმდეგი, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს?
– ის ყველაფერს ეწინააღმდეგება, რაც საქართველოსთვის არის კარგი. ამ კანონის მიღება აუცილებელია. ეს კანონი თუ არ მივიღეთ და რაღაც რეგულაციები არ დავაწესეთ, ბევრი ცუდი რამე მოხდება.
ერთ-ერთმა წამყვანმა თავის გადაცემაში მკრეხელური განცხადება გააკეთა. ამით აღშფოთებულმა ახალგაზრდებმა აქცია გაუმართეს, რომელიც პროვოკაციაში გადაიზარდა. დღეს ქართული მარშის 7 წევრი ციხეში ზის. ეს კანონი რომ გვქონოდა, ამ ბიჭებს იქ მისვლა აღარ დასჭირდებოდათ, ყველაფერს კანონი დაარეგულირებდა.
საქმე ისე მიდის, ჩვენს წმინდანებს ისეთ შეურაცხყოფას აყენებენ, რომ შეიძლება ბევრი უბედურება დატრიალდეს. ეს უბედურება და არეულობა ქვეყნის მტრებს აწყობთ. ამიტომაც დამიწყეს ბრძოლა.
იგორ გიორგაძე ამოჩემებული კი არ მყავს, მაგრამ მაგას არც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მოგვარება უნდა, ყველაფერს აკეთებს, რომ თბილისი და მოსკოვი არ მორიგდნენ.
– გიორგაძეს რატომ არ უნდა აწყობდეს რუსეთთან სიტუაციის დარეგულირება?
– როგორც კი სიტუაცია დარეგულირდება, ის რუსეთისთვის საინტერესო აღარ იქნება. ამიტომაც მოქმედებს ბოკერიასთან ერთად. რუსეთთან ურთიერთობას მაინც დავარეგულირებთ. ამ თემაზე ჩვენი პარტია მართავს მოლაპარაკებებს. ჩვენ აფხაზებსა და ოსებსაც დაველაპარაკებით, საერთო ენას გამოვნახავთ და დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. მოღალატეებს ამის ძალიან ეშინიათ. მათ ქართული ეკლესიის გაძლიერებაც აშინებთ და ამიტომ გამომიცხადეს ბრძოლა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა