“თავი რომ მოეკლა, ოთხ ტყვიას როგორ გაისროდა!” – გოჩა ინასარიძეს ჯარისკაცი შვილის თვითმკვლელობის არ სჯერა

"თავი რომ მოეკლა, ოთხ ტყვიას როგორ გაისროდა!" - გოჩა ინასარიძეს ჯარისკაცი შვილის თვითმკვლელობის არ სჯერაოსიაურის ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის პასუხს პროკურატურა არ ასაჯაროვებს, თუმცა, დასკვნა ჯარისკაცის მშობლებისთვის უკვე ცნობილია. ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იოსებ ინასარიძის მამა, გოჩა ინასარიძე ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხს თბილისში, სამხედრო პოლიციაში გაეცნო. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

“დასკვნა მაგიდაზე დამიდეს და მითხრეს, წაიკითხე და შენი შვილის სიკვდილის მიზეზს გაიგებო. იქ ყველაფერი სამედიცინო ენით ეწერა, ამიტომ ცოტა გამიჭირდა დეტალების გაგება, მაგრამ მათთვის ახსნა არ მითხოვია, არ ვენდობი და იმიტომ”, – ამბობს გოჩა ინასარიძე.

მისი თქმით, ის, რაც ექსპერტიზის დასკვნაში გარკვევით ამოიკითხა ისაა, რომ შემთხვევის ადგილზე გასროლილია ოთხი ტყვია: “აქედან ორი ჰაერშია გასროლილი, ორი კი პირში აქვს მოხვედრილი. თავი რომ მოეკლა, ოთხ ტყვიას როგორ გაისროდა მითხარით! ან ორს როგორ ისროდა პირში?! მომიკლეს შვილი და რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს გამოვიკვლევ”.

გარდა გასროლილი ტყვიების რაოდენობისა, გოჩა ინასარიძეს, ეჭვს კიდევ ერთი დეტალი უღვივებს: “დასკვნაში ეწერა, რომ ტყვიების გარდა ჩემს შვილს გულმკერდის არეში ბლაგვი საგნითაც აქვს მიყენებული დაზიანება. დაჟეჟილობა, მკერდის დაბლა, გარდაცვლილს ჩვენც შევამჩნიეთ”.

გარდაცვლილის ოჯახი იმისთვის, რომ ექსპერტიზის დასკვნის ყველა დეტალი შესაბამისად გააანალიზონ, ადვოკატის აყვანას გეგმავს: “დავიქირავებ იურისტს და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან”.

პროკურატურაში ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ: “ამ ეტაპზე, ექპერტიზის შინაარსზე ვერ ვისაუბრებთ, როდესაც იქნება ამის შესაძლებლობა, აუცილებლად გავასაჯაროებთ”, – თქვეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2017 წლის 27 ივნისს, ოსიაურში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე მოხდა. პირველი კლასის რიგითის გარდაცვალების ფაქტზე, სამხედრო პოლიციამ ძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გამოძიების ოფიციალურ ვერსიას თავიდანვე არ ეთანხმებოდა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი. მამა, გოჩა ინასარიძე კი, თვითმკვლელობას გამორიცხავს.

იმედინიუსი