“ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მამუკა ბახტაძე ბათუმის პორტის მიტაცებას ცდილობენ”

"ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მამუკა ბახტაძე ბათუმის პორტის მიტაცებას ცდილობენ"აჭარის უმაღლესი საბჭოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გია აბულაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ბათუმის პორტის გაკოტრებას ხელოვნურად ცდილობს.

ბათუმის ნავსადგურში ტვირთების შემცირებაზე და ნავსადგურში მოსალოდნელ კოლაფსზე, ინფორმაცია პრესაში 2014 წელს გამოჩნდა. ნავსადგურში ტვირთების გატარების პიკური მაჩვენებელი 2006 წელს ფიქსირდება 13.1 მლნ ტონა, (სველი და მშრალი ტვირთები ერთად); 2017 წელი – 4.2 მლნ ტონა. 3.1 ჯერ შემცირდა მოცულობა. მშრალ ტვირთებს თუ გამოვყოფთ, მონაცემები ასე გამოიყურება: 2012 – 1.6 მლნ ტონა, 2013 – 1.7 მლნ ტონა, 2014 – 1.2 მლნ ტონა, 2015 – 1.0 მლნ ტონა, 2016 – 0.9 მლნ ტონა, 2017 – 0.8 მლნ ტონა. ანუ მშრალი ტვირთებიც განახევრებულია. 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს პორტში ნავთობის ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 36%-ით შემცირდა.

აბულაძის განცხადებით, 2018 წლისთვის ნავთობის გადაზიდვების მოცულობის პროგნოზი 1.1 მილიონი ტონაა. მისივე თქმით, 2018 წელს პორტის ზარალს 1 მილიონ აშშ დოლარს პროგნოზირებენ.

– ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მამუკა ბახტაძე ბათუმის პორტის და ტერმინალის მიტაცებას ცდილობენ. კერძოდ, 22 მარტს უშუალოდ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა პრეზენტაცია, თითქოს ბათუმის პორტში მინერალური სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობა იგეგმებოდა. არანაირი მოსამზადებელი სამუშაოები, კვლევები არ ჩატარებულა ასეთი ტერმინალის ასაშენებლად, მითუმეტეს, სასუქების ტერმინალის მშენებლობა ტურისტულ ქალაქში მიუღებელია. მამუკა ბახტაძემ პორტში ახალი კომპანიის შესასვლელად ნიადაგი მოამზადა, რომ ამას შემდგომ მოჰყვეს ახალი კომპანიის შესვლა, რომელიც თითქოს ახალ ინვესტიციებს ჩადებს, გააკეთებს ახალ ტერმინალებს და სხვა. ამასთან, დღეისათვის განიხილება ორი ვარიანტი: პირველი -პორტს და ტერმინალს შეიძენს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია, ხოლო მეორე – პორტსა და ტერმინალში სამართავად ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის შემოყვანა განიხილება. უჩა მამაცაშვილი, მამუკა ბახტაძე და ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობენ მიმდინარე პროცესებს.

ყაზახური სახელმწიფო კომპანია „ყაზტრანსოილი“ (ბათუმის პორტის ოპერატორი და ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელი) აპირებს 2018 წლის მაისში აქტივების „ყაზმუნაიგაზზე“ (ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიაზე) გადაცემას, ამიტომ მამუკა ბახტაძე ცდილობს, წაართვას პორტს ნავმისადგომების, ფლოტის ოპერირების ხელშეკრულებები გრძელვადიანი პირობებით, ე.წ. აუთსორსინგით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვიდრე კომპანია ოპერირებაზე შემოვა, ოპტიმიზაციის მიზნით ბათუმის პორტის და ტერმინალის თანამშრომლების გათავისუფლება გადაწყდა, – განაცხადა გია აბულაძემ.

ნიუპოსტი