ირაკლი სესიაშვილი: “ივანიშვილის პრეზიდენტობაზე მსჯელობა არ გვქონია – პრემიერ კვირიკაშვილის შეცვლას არ უნდა ველოდოთ”

ირაკლი სესიაშვილი: "ივანიშვილის პრეზიდენტობაზე მსჯელობა არ გვქონია - პრემიერ კვირიკაშვილის შეცვლას არ უნდა ველოდოთ"“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრობს.
– ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯს, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება?
– თავისთავად ცხადია, რომ ქვეყანაში ბატონ ბიძინა ივანიშვილს სამოქალაქო-პოლიტიკური პასუხისმგებლობა ძალიან დიდი აქვს. მინდა საზოგადოებამ სწორად დაინახოს სურათი: ეს არ არის რაღაც გაუგებრობით გამოწვეული, რომელსაც ბოლო დროს ჰქონდა ადგილი, ან იმით, რომ თითქოს ფორმალურ თუ არაფორმალურ მმართველობასთან გვქონდა საქმე.
– აბა რასთან გვაქვს საქმე?
– საქმე გვაქვს პარტიულ ინტერესებთან. ჩვენი პარტია, “ქართული ოცნება”, არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობდა და მუდმივ რეჟიმში იყო ჩართული. არ იყო საკმარისი დრო და რესურსი, რომ პარტიული ორგანო სისტემურად განვითარებულიყო. დღეს არსებული მოცემულობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პარტია ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის ძლიერ პარტიად, რომელსაც ექნება ძლიერი სტრუქტურები ყველა დონეზე, გადაწყვეტილებები მომზადდება ქვედა დონეზე. თავისთავად ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენს ამომრჩეველზე და მხარდამჭერებზე.
– ეს მხოლოდ პარტიის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯია?
– რა თქმა უნდა, პირველ რიგში ასეა. პრემიერ-მინისტრს თავისი საქმე აქვს, პარლამენტის თავმჯდომარეს – თავისი. შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარეობა სულ სხვა ტიპის გამოწვევაა, რომელსაც ის ლიდერი სჭირდება, რომელიც ამ გამოწვევებს გაუძღვება. ობიექტურები ვიყოთ.
– გასაგებია, რომ ქვეყნის მართვის პარალელურად პარტიის მართვა რთულია, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მაინც ბოლო დროს პარტიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება?
– არა, არ უკავშირდება. მე არაერთხელ მითქვამს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა პარტიაში. ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ, რასაც ემოციურად გამოხატავენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მერწმუნეთ, ამ საკითხზე არც კი გვისაუბრია იმდენად, რამდენადაც ერთიანობის პრობლემა არასდროს არ დამდგარა. ალბათ უფრო ემოციური ფონია, რაც ჩვეულებრივად დალაგდება. დალაგებულიც არის, ერთმანეთის მიმართ თუ რამე არაკორექტული გამონათქვამები გვქონდა, არ გვაქვს იმის შეზღუდვა, რომ ერთმანეთთან მივიდეთ და თავისუფლად დაველაპარაკოთ. ეს საკითხი საერთოდ დღის წესრიგში არც დგას.
ბატონმა ბიძინამ შეხვედრაზე ახსენა კიდეც, რომ მას პარტიამ, ცალკეულმა ლიდერებმა ადრეც კი შესთავაზეს, პარტიის სათავეში ჩამდგარიყო, მაგრამ ყველას თავისი დღის წესრიგი აქვს და გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ამის ყველაზე უფრო ადეკვატური მოცემულობა იყო.
– რატომ ჩათვალა ახლა საჭიროდ?
– საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა, ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, ყველას თავისი ფუნქცია აქვს. ამ ვითარებაში ცხადია, რომ პარტია შემდგომ, 2020 წლის არჩევნებზე ფიქრობს. მომავალი არჩევნებისთვის ჩვენ ძლიერი პარტიული სისტემა გვჭირდება. მე ვიტყოდი ევროპული სტანდარტის, რასაც ძლიერი ლიდერი სჭირდება, რომელიც თავისი ავტორიტეტით კიდევ უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი მხარდამჭერების რიგებს. არ მგონია, ეს გაუგებარი იყოს ვინმესთვის, პირიქით ყველაფერი ლოგიკური და სწორია.
– პარტიაში იცოდით ივანიშვილის დაბრუნების შესახებ თუ ეს მოულოდნელად მოხდა?
– ამაზე ყოველთვის იყო მსჯელობა. კულუარებში თუ კულუარებს გარეთ ყოველთვის ვამბობდით, რა კარგი იქნებოდა, რომ ბატონი ბიძინა პარტიულ საქმიანობაში ყოფილიყო ჩართული. ჭორები, რომ ბატონი ბიძინა არაფორმალურად მართავდა, იყო აბსოლუტური აბსურდი და ეს დადასტურდა კიდეც. ბატონმა ბიძინამ დღესაც ისაუბრა ამაზე, ვინმემ თქვას, ვის მივეცი მითითებაო! თუ მოქმედი პრემიერი ყოფილ პრემიერს რჩევას ჰკითხავს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და მიღებულია მსოფლიო პრაქტიკაშიც. ნებისმიერ ჩვენგანს სურს, რომ ბატონი ბიძინას პოზიტიური როლი უფრო გამოკვეთილი იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამაში უცნაური რა არის?! ერთმანეთთან ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.
– როგორი იყო მისი განწყობა შეხვედრაზე?
– არაჩვეულებრივი.
– რა საკითხზე საუბრობდა, რაზე აკეთებდა აქცენტს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა?
– ძირითადად საუბარი იყო მის დაბრუნებაზე, პროცედურებზე. პოლიტსაბჭო მას წარადგენს და ყრილობა გადაწყვეტს მის თავმჯდომარეობას. ზოგადად შევაფასეთ მისი ნაბიჯი და ყველა მივესალმეთ. ბევრი პარტიული საკითხი იქნება გადასაწყვეტი და ამ და სხვა საკითხებზე ვმსჯელობდით.
– პარტიულ თანამდებობებზე იყო საუბარი, ვინ შეიცვლება, როგორ გადანაწილდება ფუნქციები?
– ამ ეტაპზე კონკრეტული საუბარი არ გვქონდა. მოგვიანებით, პოლიტსაბჭოს ფორმატში ამ საკითხებს დავუბრუნდებით. ეს სტანდარტული პროცედურებია.
– როდის იქნება პარტიის ყრილობა?
– მაისის დასაწყისში.
– საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება იყოს ივანიშვილი?
– ეს საკითხი დაყენებული არ ყოფილა.
– პრემიერის ცვლილებაზე იყო საუბარი? პრემიერის პოზიციას შეიძლება ივანიშვილი დაუბრუნდეს?
– პრემიერი აგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში. ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება, ამიტომ რაიმე სახის ცვლილებებს არც მთავრობაში უნდა ველოდოთ და არც – პარლამენტში. სტაბილურობა გვჭირდება. ამიტომ უახლოეს ხანებში საკადრო ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
– ბატონო ირაკლი, ამ შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებსა და კანდიდატებზე არ იყო საუბარი?
– იყო საუბარი. რაზეც შიგნით ვმსჯელობთ, ყველაფერზე ღიად ვერ ვისაუბრებ. თუმცა, იყო მსჯელობა. ახლა არის კანდიდატის შერჩევის პროცესი, ეს ეტაპია.
– რამდენიმე კანდიდატია?
– დიახ. სხვადასხვა ვარიანტია და ამაზე ვმსჯელობთ. ამაზე მეტს ვერ მათქმევინებთ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა