კარაპეტიანმა პაშინიანთან შეხვედრა გააუქმა – სომხეთში შესაძლოა აქციები განახლდეს

კარაპეტიანმა პაშინიანთან შეხვედრა გააუქმა - სომხეთში შესაძლოა  აქციები განახლდესსომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა დაადასტურა, რომ გაუქმდა მისი და ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

კარაპეტიანმა გაავრცელა მოქალაქეებისადმი მიმართვა, რომელშიც მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად დაასახელა პაშინიანის ახალი, ცალმხრივი მოთხოვნები შეხვედრის ფორმატის, დღის წესრიგის და გაშუქების შესახებ.

კარენ კარაპეტიანის ინფორმაციით, პაშინიანმა წარადგინა სია იმ ადამიანებისა, რომლებმაც შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღონ ხელისუფლების მხრიდან და განაცხადა, რომ მოლაპარაკებას მხოლოდ თავისი დღის წესრიგით წარმართავს. კარაპეტიანის განცხადებით, მსგავსი ფორმატით მოლაპარაკების პრეცედენტის შესახებ არასდროს სმენია.

სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პრეზიდენტს მიმართა, განსაზღვროს შეხვედრის ფორმატი საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების ფართო სპექტრის მონაწილეობით, რათა განხილული იყოს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია და მისი მოგვარების შესაძლო გზები, მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

მანამდე პაშინიანმა ერევანში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ სარგსიანის გადადგომის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნებად რჩება პრემიერმინისტრად ხალხის რჩეულის დანიშვნა, დროებითი მთავრობის შექმნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ნიკოლ პაშინიანის თქმით, სომხეთის პრემიერმინისტრი ვერ გახდება „რესპუბლიკური პარტიის“ ვერცერთი წევრი, რადგან ამ პარტიის მმართველობა დასრულებულია.

მანვე არ გამორიცხა, რომ სომხეთში შესაძლოა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია განახლდეს.

11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი შეასრულებს, ამასთან სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის დათხოვნას ხელი მოაწერა.

აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად დამტკიცებას აპროტესტებდნენ.

იმედინიუსი