კახა კუკავა – “ოცნებას” მოვუწოდებ, დასცხეთ ერთმანეთს, ბიჭებო! –  ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ განტევების ვაცი თავად იქნება”

კახა კუკავა - "ოცნებას" მოვუწოდებ, დასცხეთ ერთმანეთს, ბიჭებო! -  ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ განტევების ვაცი თავად იქნება"“ახალი თაობის” კითხვებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.
– ბატონო კახა, რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში, იმდენად მძიმეა სიტუაცია, რომ სხვა გზა არ იყო?
– ჩვენ გვყავს ჩვენი სარგსიანი ივანიშვილის სახით. ეს არის ადამიანი, რომელიც აპირებს უსასრულოდ ხელისუფლებაში დარჩენას და ამიტომაც იყენებს ამ ტექნოლოგიას. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ხელისუფლებაში დარჩნენ ორ ვადაზე მეტი ხნით, მუდმივად იცვლიან თანამდებობებს და პოზიციებს. ამის ბევრი სხვადასხვა ვარიანტია, არის პუტინის და სარგსიანის ვარიანტი, როცა ჯერ პრეზიდენტი იყო და მერე პრემიერობას აპირებდა. იგივეს აპირებდა სააკაშვილიც.
– ივანიშვილი რას აპირებს?
– ბიძინა ივანიშვილი წავიდა კადაფის გზით. ისიც ზუსტად ასე იყო. მასაც გარკვეული პერიოდი ეკავა თანამდებობა, შემდეგ იყო არაფორმალური მმართველი. ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო ევროპული ტიპის მმართველი, ის მოვიდა 2012-ში და წავიდოდა 2020-ში. თუმცა ის წასვლას კი არ აპირებს, 2020-ში მეორედ მოსვლას აპირებს.
– ანუ ეს ყველაფერი 2020-ს უკავშირდება?
– რა თქმა უნდა, თუ ის პარტიის ხელმძღვანელად მოვა, შესაძლებელია, საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყაროს კენჭი. რას გადაწყვეტს, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ფაქტი არის, რომ ადამიანი, რომელიც 2012-დან მართავს ქვეყანას და, დემოკრატიული სტანდარტის მიხედვით, 2020-ში უნდა დაეტოვებინა ხელისუფლება, 2020-ის მერეც აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას.
– ანუ არ გამორიცხავთ, რომ გახდეს პრეზიდენტი?
– არ გამოვრიცხავ არანაირად, მას უნდა, რომ ხელისუფლებაში დარჩეს სამუდამოდ, სანამ არ დაამხობენ და საბრალდებო სკამზე არ დასვამენ.
– ანუ ის დაძაბულობა პარტიის შიგნით, დაპირისპირება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია?
– პარტიის შიგნით არსებული დაძაბულობა მას შეეძლო მოეგვარებინა თავმჯდომარის პოსტის დაკავების გარეშე, თუ მოინდომებდა. თუმცა მან გადაწყვიტა, რომ ხელისუფლების სათავეში მისი პოზიციები შერყეულია, ეს იყო მისი ბოლო სვლა და ამით აღიარა, რომ “ოცნება” არის კრიზისში.
– ოპოზიცია გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით გამოსვლას. რა იქნება ამ გადაწყვეტილების შემდეგ?
– ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენა ძალიან რთულია ამ ეტაპზე, ამიტომ ჩვენ, ჩვენს პარტნიორ პარტიებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ მაისში დავასახელოთ ეროვნული ძალების მხრიდან ერთიანი კანდიდატი.
– “ოცნებაში” დიდ წმენდას აანონსებენ. ეს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხდება?
– თუ მსგავსი პროცესები დაიწყება, ამას მხოლოდ მივესალმები. რაც უფრო მეტი არეულობა იქნება “ოცნებაში”, მით უკეთესია. “ქართული ოცნება” არის საქართველოს მტრების ორგანიზაცია, იგივე, რაც იყო მოქალაქეთა კავშირი და ნაციონალური მოძრაობა. ამიტომაც “ოცნების” ორივე ფლანგს მოვუწოდებ: ბიჭებო, დასცხეთ ერთმანეთს!
– ივანიშვილის დაბრუნება რამდენად გამოასწორებს “ოცნების” იმიჯს?
– არა მგონია, გამოასწოროს. შესაძლოა, ერთგვარად კიდეც დააზარალოს. იმიტომ, რომ “ოცნების” იმიჯი ისედაც ბიძინა ივანიშვილის იმიჯი იყო. ეს არის სადღაც დაახლოებით 10-15% ქართველი ამომრჩევლის.
– ივანიშვილმა ამ დაბრუნებით პრობლემები აღიარა?
– კი, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემების აღიარება. თუმცა არა მგონია, მისმა დაბრუნებამ სიტუაცია შემოაბრუნოს. რა უნდა თვას ივანიშვილმა?! დღეს არავის სჯერა, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, კვირიკაშვილის ბრალია, ან კალაძის ბრალია, ან თუნდაც კობახიძის! ყველა კარგად ხვდება, რომ მართვის სადავეებთან იყო ივანიშვილი. აქედან გამომდინარე, მე იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი გასცემს ახალ დაპირებებს, მათ შორის ფინანსურსაც, რაც გამოიწვევს ხალხის გაღიზიანებას. ამიტომ ივანიშვილსაც მოვუწოდებ: გაეცი ახალი დაპირებები და შენ ნახავ, რას ნიშნავს გაჭირვებული და გაბრაზებული ადამიანები!
– ეს დაპირებები აღარ იმუშავებს?
– შუაზე გაგლიჯავენ! იმუშავებს აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულად! ადამიანის ფსიქოლოგიაა ასეთი. 2012 წელს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა ადამიანებმა მილიარდერს ხმა მისცეს, მის ბანკში ფული შეჰქონდათ, ხოლო ეს მილიარდერი პირდებოდა, როგორც კი მოვალ, თქვენს ბანკების სესხებს მივხედავ, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებო. არათუ არ მიხედა, ბოლომდე გაფცქვნა ეს ხალხი. ახლა იგივე თაღლითი და მევახშე რომ გამოვა და იტყვის, რომ კიდევ მომეცით ხმა და დაიწყებს ახალ დაპირებებს, ამას არ ვიცი, რა მოჰყვება. მე მგონია, რომ ქართველი კაცი გამოაჩენს თავის ხასიათს და ბიძინა ივანიშვილს მიუჩენს ადგილს იქ, სადაც დიქტატორების ადგილია!
– ასე პირდაპირ დადგება ივანიშვილი განრისხებული ხალხის პირისპირ? არც ასეთი სულელია. იქნებ მას უკვე ჰყავს განტევების ვაცი?
– სწორედ რომ სულელია. ჩვენ ვნახეთ სულ ბოლო, სარგსიანის მაგალითიც. ასეთი მაგალითები ხშირად ხდება. მესამე ვადით მოინდომებ დარჩენას და გამხობენ. თუმცა მაინც ყველას უნდება ეს მესამე ვადა. დიქტატორებისთვის ეს გაკვეთილი არ მუშაობს.
ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც არ შეუძლია პოლიტიკური აზროვნება, კარგად უნდა იცოდეს, რომ განტევების ვაცი ყოველთვის არის პირველი პირი! შევარდნაძე ძალიან ბევრს ჩალიჩობდა, რომ შიდა გადაჯგუფების და ბალანსირების გზით შეენარჩუნებინა ძალაუფლება, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა? მოქალაქეთა კავშირი სრულად დარჩა ხელისუფლებაში, განტევების ვაცი გამოდგა შევარდნაძე.
სააკაშვილიც ცდილობდა იგივეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ერთადერთი, ვინც განტევების ვაცი გამოდგა, არის სააკაშვილი. მისი ყველაზე ერთგული გუნდი მას გაემიჯნა და განტევების ვაცი გახდა სააკაშვილი!
ასე მოუვა ყველას.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა