მურთაზ ზოდელავა – ”პროკურატურა დასჯით მემუქრება – ტელეიმედის დარბევაზე საქმე შეკერილია”

მურთაზ ზოდელავა - ”პროკურატურა დასჯით მემუქრება - ტელეიმედის დარბევაზე საქმე შეკერილია”– ხელისუფლება მეუბნება, შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და დაგსჯით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებს პროკურატურაში მისი გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც ის დღეს „ტელეიმედის“ დარბევის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა.

როგორც მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, „იმედის“ დარბევის საქმეზე ბრალდებული პირების მიმართაც “საქმე შეკერილია” და ხელისუფლება მასაც მიმართავს, რომ ამ ბრალდებულთა რიგებში თვითონაც ჩადგება.

ამასთან, ზოდელავას თქმით, დღეს პროკურატურაში არანაირი მტკიცებულება „ტელეიმედის“ დარბევის საქმესთან დაკავშირებით მისთვის არ წარუდგენიათ და მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა.

– ამ საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი. საქმე არის აბსოლუტურად შეკერილი. არანაირი დანაშაული არც ერთ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ ჩაუდენია. უბრალოდ, ხელისუფლება მე მეუბნება, რომ შენც ჩადგები მათ რიგში, შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და შენ დაგსჯით. ეს არის კონკრეტული მესიჯი, რომელიც მე მივიღე დღეს ხელისუფლებიდან. ეს არ არის მხოლოდ პროკურატურა, ვიცით, რომ პროკურატურა იგივე ხელისუფლებას უდრის.

არანაირი შემხებლობა ამ საქმეზე არ მქონია და ასეთი პირდაპირი, უტიფარი მესიჯები ჩემთვის წარმოუდგენელია, – განაცხადა ზოდელავამ.

ამასთან, ზოდელავამ არ დააკონკრეტა, რა კითხვები დაუსვეს საგამოძიებო უწყებაში და აღნიშნა, რომ მთავარ პროკურატურაში დაბარება სამეგრელოში მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.

– ჩემი მოლოდინი ბოლომდე დადასტურდა. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში შექმნას დუმილის რეჟიმი. მე არ ვაპირებ დადუმებას, მე მაქვს პასუხისმგებლობა სამეგრელოს რეგიონზე, გვყავს ბევრი ამომრჩეველი სამეგრელოს რეგიონში, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ხელისუფლებას არ უნდა, რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩვენ ვილაპარაკებთ, – განაცხადა ზოდელავამ.

ინტერპრესნიუსი