ნანა დევდარიანი – “სააკაშვილი დაბრუნდება, თუ “ოცნებას” გაურიგდება”

ნანა დევდარიანი - "სააკაშვილი დაბრუნდება, თუ "ოცნებას" გაურიგდება"“ახალი თაობის” კითხვებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი პასუხობს.
– ქალბატონო ნანა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის არჩევას სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა “ოცნების” შიგნით. რას იტყვით ამ ყველაფერზე?
– ეს ყოველთვის ასე იქნება, იმიტომ, რომ გაუგებარი მიდგომებია. ერთის მხრივ გასაგებია, რომ ოპოზიციის კვოტაც არის ამ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში, მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, არ იყო ერთიანი აზრი თავად უმრავლესობაში და იმ ადამიანებთან, ვინც დღეს აპროტესტებს, როგორც ჩანს, არც მოლაპარაკება იყო, არც შეთანხმებული იყო, არც საერთო აზრი იყო ჩამოყალიბებული. ოპოზიციას ისიც კი ურჩევნია, რომ ჩაუგდონ კანდიდატურა და მერე ამაზე მოაწყონ ისტერიკა. ეს ხომ ყოველთვის არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და პიარის საგანი. მეორეს მხრივ საკითხი დგას ასე, არიან კი ეს ადამიანები, ვინც თავს ასაღებენ პოლიტიკურად მიუკერძოებლად, მართლაც არიან ასეთები და ობიექტურები?! რა თქმა უნდა, არა!
– რას გულისხმობთ?
– მათ თუ ავიწყდებათ თავიანთი საჯარო გამონათქვამები, თუ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, სხვას არ ავიწყდება და ახსოვს.
– ნინია კაკაბაძეს გულისხმობთ?
– არავიზე არ მინდა კერძოდ ვისაუბრო. ეს არის ზოგადი მოვლენა. საერთო მოვლენაა, ვითომ ლიბერალების გუნდიდან მუდმივად მოდის საზოგადოებისთვის მიუღებელი გამონათქვამები, პოზიციები და ასე შემდეგ. ტრანსფორმაცია ხდება ჩვენ თვალწინ ისეთი ადამიანების, რომლებიც გუშინ სააკაშვილს და მის რეჟიმს ლანძღავდნენ, დღეს მიშას ნოსტალგიით არიან შეპყრობილნი. საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ უნდა იყოს მართლა საზოგადოების ტელევიზია, მასში უნდა იყოს წარმოდგენილი ყველას თვალსაზრისი, მაგრამ სიძულვილის ენაზე სხვას რომ სთხოვენ პასუხს, თვითონ არ უნდა ლაპარაკობდნენ სიძულვილის ენით. ძალიან ხშირად ეს ასე ხდება.
– საით მიანიშნებთ?
– როდესაც ადამიანი სიძულვილის ენაზე მოიხსენიებს პატრიარქს, ეს თურმე მისაღები ყოფილა და სიტყვის თავისუფლებაა! ხოლო თუ შენ თქვი, რომ მათი მსოფლმხედველობა შენთვის არის მიუღებელი, შენ ლაპარაკობ სიძულვილის ენით! უნდა დამთავრდეს ეს სპეკულაციები! ეს არ დამთავრდება მანამ, ვიდრე ყველაფერს თავის სახელი არ დაერქმევა. გადახეთ თუნდაც “ქართულ ოცნებას”, მარტო გიგა ბოკერიას რამდენი მეგობრია დღეს ხელისუფლებაში.
– “ოცნებასთან” მის ახლო კავშირებზე ბევრს საუბრობენ.
– რა საუბარი ამას უნდა, ეს თვალსაჩინოა და ნათელია. სწორედ ამან განაპირობა “ოცნების” შიგნით არეულობა და ჯგუფებში პროტესტი. ეს ყველაფერი გროვდება. იგივე სახალხო დამცველის დამტკიცებისას უკვე მომწიფებული იყო ეს, მაგრამ რაღაცნაირად შეინარჩუნეს სახე იმ მომენტში, მაგრამ ამას დაემატა კიდევ და მოსალოდნელია, რომ ეს პროტესტი კიდევ უფრო გაღრმავდეს.
– საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შესაძლოა უკვე ღრმა კრიზისი ჰქონდეს “ქართულ ოცნებას”?
– რა თქმა უნდა! ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვის კანდიდატურას წამოაყენებენ და იქნება თუ არა გუნდი ერთიანი ამ კანდიდატის მიმართ. იმდენი იმედგაცრუება იყო უკვე, რომ…
ჯერ ეს დაიწყო ქვემოთ, ამომრჩევლის დონეზე, მერე წავიდა უფრო ზემოთ და ახლა სულ ზემოთ არის ეს უკმაყოფილება. აწინაურებენ ისევ ძველ სახეებს, იმ ხელისუფლების დროინდელს. სააკაშვილმა ვინც გამოაცხადა ჩარეცხილებად, ამ ხელისუფლებას პრაქტიკულად არავის რეაბილიტაცია არ მოუხდენია. გრძელდება იგივე. ერთი განსხვავებაა – სააკაშვილი ამას ხმამაღლა, აგრესიული განცხადებებით გამოხატავდა, დღეს ამას ხმამაღლა არ ამბობენ, თუმცა ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს.
– რას მიიღებს ამით “ოცნება”?
– “ოცნებაც” არ არის ერთიანი და ყოველთვის დგება ის მომენტი, როდესაც რაღაც ასრულებს ბოლო წვეთის ფუნქციას. რას მიიღებს? იმაზე მეტი გაღიზიანება და იმედგაცრუება, რაც დღეს არის, რთული წარმოსადგენია. 6 წელია გასული, მეტი ხომ არა?! რაღაც ძალიან სწრაფი ტემპებით ხდება ეს ყველაფერი. მეორე ვადით არის ახლა არჩეული პარლამენტი, საქართველოში პოლიტიკური ტრადიცია დამკვიდრდა, ამომრჩეველი ორ ვადას იტანს და მერე ვეღარ უძლებს და ვეღარ იტანს.
– ანუ არ გამორიცხავთ, რომ 2020-ისთვის სულ სხვა რეალობა და მოცემულობა იყოს?
– აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ. მე ბევრჯერ მითქვამს, “ქართული ოცნება”, როგორც პარტია, არა და არ ჩამოყალიბდა. თავის დროზე ამას კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი სხვა პარტიები ყველანაირად უშლიდნენ ხელს. ახლა ის პარტიები ჩამოსცილდნენ, მაგრამ მაინც ვერ შედგა როგორც პარტია. როგორც ჩანს, ამის არც სურვილი აქვთ და არც ნება. ამიტომ ეს რღვევის პროცესი თუ წავიდა “ქართულ ოცნებაში”, როგორც ბოლო 27 წელია ხდება, ყოფილი მმართველი გუნდიდან გამოიჩეკება ახალი ოპოზიცია.
კარგად თუ დაფიქრდებით, ივანიშვილს ეგეც აქვს ნათქვამი, რომ ოპოზიციასაც მე შევქმნიო. ოპოზიციის შიგნითვე აღმოცენება პირწმინდად ჯდება ქართული პოლიტიკური სტრუქტურის ჩარჩოებში. სერიოზულ სიურპრიზებს უნდა ველოდეთ.
– სააკაშვილიც იმუქრება, დავბრუნდებიო.
– სააკაშვილი საფრთხეში რომ არ ჩაიგდებს თავს, ეს ყველამ კარგად იცის. თუ დაბრუნდება, მაშინ იცოდეთ, რომ ის გარიგებულია “ოცნებასთან”.
– ამასაც უშვებთ?
– მე უკვე იმდენი ხანია ვაკვირდები ამ პროცესებს და იმდენი რაღაც მაქვს ნანახი, რომ არაფერს აღარ გამოვრიცხავ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა