ნუკრი ქანთარია – “ირაკლი კობახიძეს თანამდებობა მემკვიდრეობით არ მიუღია. არსად წასვლას არ ვაპირებ”

ნუკრი ქანთარია - "ირაკლი კობახიძეს თანამდებობა მემკვიდრეობით არ მიუღია. არსად წასვლას არ ვაპირებ"“ქართული ოცნების” წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რამდენიმე დეპუტატმა შეცდომა დაუშვა, მათ შორის თქვენც დაგასახელათ. როგორ შეაფასებთ “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე მოვლენებს? ეს არის ძველებისა და ახლების დაპირისპირება თუ პროცესები უფრო ღრმად არის წასული?
– არა, ეს არ არის არც ძველების და ახლების დაპირისპირება და არც მამათა და შვილთა დაპირისპირება. ეს არის განსხვავებული შეხედულებების არსებობა უმრავლესობაში, რაც კარგია. 80 კაცია, შეიძლება, მეტიც იყოს, ვისაც განსხვავვბული აზრი აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ნაჩქარევი შეფასებები გააკეთა. მის განცხადებაში ავტორიტარული ნოტები გაისმა, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ მან თავის თავზე უნდა იმუშაოს. ის შემაკავშირებელი უნდა იყოს და არა სკოლის დირექტორის ფუნქციით გამოვიდეს. ჩვენ ავტორიტარიზმი და ეს ტონალობა 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ. ეს ყველამ უნდა გაიგოს.
პრემიერ-მინისტრს, კახი კალაძეს ძალიან ამომწურავი და რაციონალური ხედვა ჰქონდათ ამ პროცესთან დაკავშირებით. მათ ამით აჩვენეს როგორც ცხოვრებისეული, ისე პოლიტიკური გამოცდილება. მათ თქვეს, რომ გუნდის თითოეული წვერი მნიშვნელოვანი არის. ამიტომ ვთქვი, რომ გამოუცდელობამ იჩინა თავი, როდესაც კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა.
– პოლიტიკურმა გამოუცდელობამ?
– დიახ. გარკვეული ეტაპების გარეშე, უცებ გახდა ის პარლამენტის თავმჯდომარე. ჯარისკაცი უცებ გენერალი რომ გახდეს! რაღაც პროცესები უნდა გაიარო, რომ გამოცდილება შეიძინო. ჯერ-ჯერობით ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ჯერ განხეთქილების მაგვარი არაფერია, არის სხვადასხვა აზრები, შეხედულებები, რაც აბსოლუტურად მისაღებია, მეტიც, შესანარჩუნებელიც კია.
– უმრავლესობის დეპუტატი ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცესის ინიცირება მოხდეს, თუ პროცესები უფრო რთულ ფორმებს მიიღებს. თქვენ რას იტყვით?
– ყველაფერი ხდება. როგორ შეიძლება რამე გამორიცხო, პრემიერები გამოვიცვალეთ. არავის ანდერძით არ მიუღია თანამდებობა და მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარეს. თუმცა, ამ ეტაპისთვის მე ნამდვილად გამოვრიცხავ ამას. მეტიც, მე კობახიძეს ვურჩევ, რომ ის უმრავლესობის შემაკავშირებელი გახდეს და თავისი პოზიციები შეცვალოს.
– თითქოს რამდენიმე დეპუტატი ტოვებს უმრავლესობას, მათ შორის თქვენც. თუ ასეა, მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს “ქართული ოცნება”. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
– საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვფიქრობ, უკვე აღარ არის საჭირო. მეორე, ძალიან მარტივია დატოვება და გასვლა.
– თქვენ არსად წასვლას არ აპირებთ?
– ამ ეტაპისთვის არ ვაპირებ! იმიტომ, რომ ეს პარტია ჩვენი შექმნილია და ჯერ არის სათანადო რესურსი, რომ შიგნით ბევრი სასიკეთო ძვრა მოხდეს. თუ შევატყობ, რომ სხვა გზა აღარ იქნება და ჩემი წასვლით ქვეყანა გაბრწყინდება, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ.
– საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა შალელაშვილმა შიდა პროცესებზე ისაუბრა და თქვა, ჩვენ მხოლოდ პულტზე ხელის მიმჭერები აღმოვჩნდითო. მაინც რამ გამოიწვია ეს პროცესები?
– პოლიტიკა კომპრომისების, აწონ-დაწონვის ხელოვნებაა. პროცესის თანამონაწილეები უნდა ვიყოთ. გუნდში საკითხის გატანის დროს დარწმუნება უნდა მოხდეს. ზოგს ამის დანაკლისი აქვს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ გუნდში არის რესურსი, რომ ამ ყველაფრის შეჯერება მოხდეს. ამაში კატასტროფა ნამდვილად არაფერი არ უნდა იყოს. მე მაინც ამ პროცესს ცოცხალ პროცესს დავარქმევ.
– უმრავლესობის სხდომა იქნება მოწვეული, სადაც ეს საკითხები დადგება?
– დიახ, განხილვა უნდა იყოს. ამ სხდომაზე აუცილებლად უნდა იყოს გედი ფოფხაძეც, რომელმაც ემოციურად მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. თუმცა, მისი პოზიცია ჩემთვის მისაღები და გასაგებია ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით, ქმედება კი ემოციური იყო. მან უმრავლესობა არ უნდა დატოვოს, ვფიქრობ, გუნდის შიგნით არის რესურსი, რომ ეს ყველაფერი დალაგდეს. მე მგონია, რომ პროცესები გამწვავებისკენ არ უნდა წავიდეს, ვნახოთ.
– ბატონო ნუკრი, მაინც რა იყო ამ პროცესის თავი, “ევროპულ საქართველოსთან” ერთგვარი თანამშრომლობა?
– მთავარი არის ის, რომ განსხვავებული აზრები არსებობს. ნინია კაკაბაძე არავის გულზე არ ეხატება, მაგრამ ჩათვალეს, რომ სტრატეგიულად ეს იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ გარკვეულ ნაწილს მიგვაჩნია, რომ არ იყო სწორი.
– თუ მხოლოდ ეს არის მიზეზი, ოპოზიციას ხომ ეკუთვნოდა ეს კვოტა?
– დიახ, მაგრამ ასეთი დათმობით შეიძლება, მერე მერაბიშვილი გამოვიდეს ციხიდან და მისი კანდიდატურაც დააყენონ სადღაც და თქვან, უმცირესობას კვოტოთ ეკუთვნის ეს ადგილიო. ამ ლოგიკით მერაბიშვილსაც უნდა დავუჭიროთ მხარი?! ასე ნელ-ნელა ჩვენ, “ქართული ოცნება”, დავშორდებით ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც ჩვენ აგვირჩია და ნდობა გამოგვიცხადა. ეს არის მთელი ამ პროცესის მთავარი მიზეზი, სხვა არაფერი არ ხდება.
თუკი ჩვენი მხრიდან ეს არაპოპულარული ნაბიჯები ერთ ოჯახს მაინც გადაარჩენს, ერთ ადამიანს მაინც ანუგეშებს, მაშინ შეიძლება შენს თავზე, როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, აიღო ასეთი არაპოპულარული ნაბიჯები, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ილუზია შექმნა, ეს არასწორია და გაუმართლებელი.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა