ნუკრი ქანთარია ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ – დაპირისპირება ”ქართულ ოცნებაში” აშკარა ხდება

ნუკრი ქანთარია ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ - დაპირისპირება ”ქართულ ოცნებაში” აშკარა ხდებადაპირისპირება მმართველ გუნდში ახალ ეტაპზე გადადის. პარლამენტის თავმჯდომარის და მმართველი გუნდის ერთი ნაწილის კრიტიკას, რომელიც გედევან ფოფხაძეს შეეხებოდა, „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრის პასუხი მოჰყვა. მათ შორის ნუკრი ქანთარიაც არის, რომელიც ასევე გახდა დღეს უმრავლესობის ერთი ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი. მას განცხადებები დაუწუნეს.

თავად ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ თავში უნდა ეძებოს შეცდომები და პასუხისმგებლობა აიღოს.

– შეცდომებისგან არავინ არ ვართ დაზღვეული მაგრამ, სანამ სხვის შეცდომაზე გამახვილდება ყურადღება, ნებისმიერმა ადამიანმა ბუნებრივია ჯერ საკუთარ თავს უნდა მოკითხოს. თავის თავში დაინახოს თვალში დირე, სანამ სხვის თვალშიბეწვების ძებნას დაიწყებს. ადამიანი, პირველი პირი ვინც არის, პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა  გაცილებით დიდია უმრავლესობაში ვიდრე მას აქვს, ანუ პარლამენტის, როგორც პირველ პირს, ამიტომ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ალბათ ჯერ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

გედევან ფოფხაძის მიმართ მმართველი გუნდის კრიტიკას ემიჯნება ზაზა პაპუაშვილიც.

– გედი გონიერი ადამიანია, პატიოსანი კაცია და ის ასე არ აყრანტალებს ამ სიტყვებს. ასე არ იქნევს უაზროდ ხელებს და მას რაღაც საბაბი აქვს და მე მას აბსოლუტურად ვიზიარებ იმიტომ, რომ ის არასოდეს რაღაც მერკანტიული დამოკიდებულებიდან გამომდინარე არ ლაპარაკობს. ღირსების მქონე ადამიანია და აქედან აკეთებს ამ განცხადებებს. ვიღაცას თუ არ უნდა, რომ ეს გაიგოს, ცოტა უნდა თავის თავს დააბრალოს, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ  და მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმა დღეს გედევან ფოფხაძე რელიგიური გრძნობებით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი განცხადებებით გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს.

მმართველი გუნდის ლიდერმა და სხვა წევრებმა ასევე შეცდომა უწოდეს,  მათივე თანაგუნდელების შოთა შალელიშვილის და  ნუკრი ქანთარიას განცხადებებს, რომლებიც მათ გედევან ფოფხაძის გუნდიდან წასვლის შესახებ გააკეთეს.

რუსთავი 2