სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გაიცემა?

სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გაიცემა?არასაბანკო სექტორისთვის შესაძლოა, ახალი რეგულაციები ამოქმედდეს. კერძოდ, ერთ-ერთი რეგულაციით, არასაბანკო სექტორი ფიზიკურ პირებზე სესხებს შემოსავლების დაუდასტურებლად ვეღარ გასცემს.
აღნიშნულ რეგულაციას გულისხმობს დოკუმენტი, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს. კერძოდ, საუბარია, „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოზე“, რომლითაც სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტები უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა ეს შეზღუდვები არასაბანკო სექტორზეც ეფექტურად გავრცელდეს.
სებ-ში ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს.

რეგულაციას მიესალმება არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე, რომელიც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება დროული და აუცილებელია.

– საკმაოდ კარგი ინიციატივაა, რადგან ფაქტია, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა არ შეიძლება. თავად კომპანიებიც დაინტერესებული ვართ, რომ სესხის აღების შემდეგ მოქალაქე გადაახდისუუნარო არ გახდეს. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად მზად იქნება მოსახლეობა ამ ცვლილებისთვის და რას იზამენ ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ დადასტურებული შემოსავალი და ყოველდღიურად იღებენ სხვადასხვა სესხს. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ტიპის სესხებზე იქნება აღნიშნული მოთხოვნა,  -აღნიშნავს ბერძენაძე.

ბიპიენი