სოსო ცინცაძე: “ოცნების” ლიდერები ფიქრობენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ივანიშვილი გახდეს”

სოსო ცინცაძე: "ოცნების" ლიდერები ფიქრობენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ივანიშვილი გახდეს"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ტაიმერი, რომელიც მის გადადგომაზე აქვთ დაყენებული, რამდენიმე წელი არ დარეკავს. ხომ არ ფიქრობთ, რომ კვირიკაშვილი შესაძლებელია საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს?
– არა, მე არ მგონია, რომ კვირიკაშვილი მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. კვირიკაშვილისთვის პრეზიდენტის პოსტი, ნებისმიერ შემთხვევაში, საპატიო პენსიაზე გაშვება იქნება. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, ვინ არის პრეზიდენტი და რა ფუნქციები აქვს?! დიდი არაფერი, ეტყვიან: წადი აეროპორტში და დახვდი დელეგაციებს, ჩამოართვი ხელი და წელიწადში სამ-ოთხჯერ უცხოეთში გაემგზავრე.
აქტიური პოლიტიკოსისთვის, ქვეყნის პირველი პირისთვის, რომელსაც გუშინ ქვეყნის მართვის ყველა სადავე ხელთ ეპყრა, არ აქვს მნიშვნელობა, ფორმალურად თუ რეალურად, პრეზიდენტობა ამ უფლებამოსილებით განაჩენის გამოტანის ტოლფასი იქნება. პირველი პირი უცებ საპატიო პენსიონერი ხდება. ეს სულაც არ არის წარმატება. ამიტომ, კვირიკაშვილი ან შეინარჩუნებს პრემიერის პოსტს ცოტა ხნით მაინც, ან საერთოდ წავა პოლიტიკიდან. მისი წინამორბედი ხომ წავიდა სახლში?! ბოლო-ბოლო რაღაც თბილ ადგილს გამოუძებნიან ან ბიზნესს დაუბრუნდება.
კვირიკაშვილი ბარიკადებზე ამსვლელი კაცი არ არის, კვირიკაშვილისგან მარგველაშვილი არასოდეს არ გამოვა. შეუძლებელია, რომ ის ივანიშვილის აზრს გაუძალიანდეს და შეეწინააღმდეგოს. ამიტომ იქნება ისე, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.
– მაშინ რა გამოდის, რომ ივანიშვილს აქამდე ვერავინ შეურჩევია?
– დიახ, სწორედ ასეა, დღემდე ვერავინ შეარჩია. ის ჯერ კიდევ ფიქრობს და გადაწყვეტილების მიღების რეჟიმშია. ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამის მოლოდინშია მთელი “ოცნება”, ამიტომ არის ასეთი საკადრო კრუნჩხვა-გრეხვა.
თვითონ “ოცნებამ” რაღაც მინიშნება რომ გააკეთოს კანდიდატთან დაკავშირებით თავიანთი რიგებიდან, ეშინიათ, ვაითუ ივანიშვილს თავად არ ჰქონდეს კანდიდატობა გადაწყვეტილი. მაგალითად, გამოვიდა კვირიკაშვილი და ივანიშვილს უთხრა, ჩვენ გუნდში ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ თალაკვაძე, უმრავლესობის ლიდერი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, ამ დროს იქნება ივანიშვილს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ თვითონ იყოს, მერე სად მიდიან?! ამიტომ არის, რომ აქამდე კულუარებიდან არც ერთი ჭორიც კი არ გამოვიდა, არც ერთი გვარი არ დასახელდა. ასეთი რაღაც არ მახსენდება, ვინ იცის, რამდენი საპრეზიდენტო არჩევნები გამომივლია.
– როგორ არ დასახელდა, მაგალითად, თეა წულუკიანი, სალომე ზურაბიშვილი.
– და თქვენ გჯერათ, რომ შეიძლება მართლაც რეალურად ვინმემ განიხილა მათი კანდიდატურა?! არა, ეს უფრო შემოგდებული ვარიანტი იყო, ვიდრე რეალობასთან ახლოს მდგომი ვერსია.
– ოპოზიციაზე რას ფიქრობთ, ისინი მოახერხებენ ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას?
– არა, მოდით რა, ოპოზიციაზე საერთოდ ლაპარაკიც აღარ ღირს.
– რატომ?
– იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩვენ ოპოზიცია, უბრალოდ, არ გვყავს. ძალიან სწორად თქვა რუსულ ოპოზიციაზე ნავალნიმ: ოპოზიციის გაერთიანება კი არ არის მთავარი ამოცანა, მთავარი ამოცანა ოპოზიციის შექმნაა. იგივე შემიძლია გავიმეორო ჩვენს ოპოზიციაზეც. საზოგადოება ორ-სამ კაციანი პარტიების გაერთიანებაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, ახალი ოპოზიციის შექმნაზე უნდა ფიქრობდეს. დღეს გადაუდებელი ამოცანაა ახალი ოპოზიციის შექმნა და არა – ძველის გაერთიანება. ესენი გინდ გაერთიანებულან და გინდ თითო-ოროლა დარჩენილან, რაც არიან, ასეც დარჩებიან.
– რამდენად რეალურია, რომ ახალი ოპოზიცია ბუნებრივად გაჩნდეს?
– შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ძალიან რთული იქნება. თქვენ ახსენეთ “ბუნებრივად”, ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი. 2012 წელს რატომ გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა და კოლიციამ? იმიტომ, რომ ეს იყო კანონზომიერება, ეს ბუნებრივი მოთხოვნილება იყო.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა