24-ე სკოლასთან მოსწავლეებმა მოქალაქესთან იჩხუბეს – დირექტორმა ინციდენტის ადგილზე დანა ნახა

24-ე სკოლასთან მოსწავლეებმა მოქალაქესთან იჩხუბეს - დირექტორმა ინციდენტის ადგილზე დანა ნახა– 24-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტში ამავე სკოლის ორი მოსწავლე მონაწილეობდა და ახლა ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ის იმყოფებოდა ინციდენტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე და იქ დანაც დაინახა, თუმცა, ვის ეკუთვნოდა დანა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

– საქმეში დანა ფიგურირებდა, თუმცა, როგორც მე ვიცი, მისი გამოყენება არ მომხდარა. ინციდენტში ჩვენი სკოლიდან ორი მოსწავლე მონაწილეობდა და კიდევ ერთი პირი. მოსწავლეები ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფებიან. დაპირისპირების მიზეზი მე ნამდვილად არ ვიცი, – განაცხადა გიორგი კაკაბაძემ.

სკოლის დირექტორთან ცოტა ხნის წინ სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. საქმე ეხებოდა სკოლის მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

თვითმხილველების ინფორმაციით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა სიტუაცია სამართალდამცველების მოსვლის შემდეგ მალევე განიმუხტა.

ინტერპრესნიუსი