45 წლის თემურ გურგენიძეს ბრმა ტყვია მოხვდა – ფანასკერტელზე სროლის ახალი დეტალები

45 წლის თემურ გურგენიძეს ბრმა ტყვია მოხვდა - ფანასკერტელზე სროლის ახალი დეტალებითბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე, გუშინ დაჭრილი 45 წლის მამაკაცის, თემურ გურგენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. თვითმხილველებმა “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ დაჭრილს მინიმუმ ორი ტყვია აქვს მოხვედრილი აქიდან ერთი ყელის არეში.ადგილობრივების თქმით, დაჭრილი მამაკაცი კონფლიქტში არ მონაწილეობდა და მას ტყვია შემთხვევით მოხვდა. ინციდენტს კი წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის ე.წ. კრიმინალური გარჩევა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ დღის პირველ ნახევარში დაპირისპირებული ახალგაზრდები პოლიციამ დაშალა. თუმცა როგორც მეზობლები ამბობენ მას შემდეგ რაც საპატრულო ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა, ახალგაზრდების ჯგუფმა ცეცხლი გახსნა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. 45 წლის მამაკაცი კი იქვე ახლოს მდებარე სკვერში იმყოფებიოდა, მას ბრმა ტყვია მოხვდა.

– დილით “პაცანები” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, იყო ხმაური და გარჩევა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მეზიბელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცავებმა ჯგუფი დაშალეს, მაგრამ როგორც ჩანს კონფლიქტის განეიტრალება ვერ შეძლეს, რადგან პოლიციის წაევლსთანავე ერთი ჯგუფი ფანასკერტელზე მობრუნდა და დაპირისპირებულებს ჩაუსაფრდა. შეიძლება ითქვას, რომ უმისამართოდ ისროდნენ, ხალხი ავტომობილებს ეფარებოდა. ბრმა ტყვია სწორედ სკვერში მჯდომ თემურს მოხვდა, რომელიც არაფერ შუაშია. პოლიცია რომ არ წასულიყო და კონფლიქტის მიზეზები დაედგინა, ახალგაზრდა კაცი ასე მძიმედ არ დაიჭრებოდა,- ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შემთხვევა ფანასკერტელის ქუჩაზე 21:00 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაიწყო. სამინისტროს ცნობით, “მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები”.

ნიუპოსტი