79 ამბავი ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტი 79 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გამომცემლობა “არტანუჯი” ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მკითხველს “თან საკითხავ” წიგნს – “79 ამბავი ზვიად გამსახურდიაზე” – წარუდგენს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი უდიდესი ძალისხმევითა და წინამძღოლობით დაწყებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ქვეყანა საბჭოთა რეჟიმისგან გაათავისუფლა და დამოუკიდებლობა მოუპოვა.
წიგნში შესული ამბები მოგვითხრობს ზვიად გამსახურდიას, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, მეცნიერის, პოეტისა და მთარგმნელის, დისიდენტის შესახებ, რომელმაც ბავშვობიდანვე გენეტიკურად, მემკვიდრეობით მიიღო მამის რჩევა: “გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის”.
.”ახალი თაობა” წიგნის შემდგენელ კახმეგ კუდავას ესაუბრა.
– რატომ მაინცდამაინც 79 ამბავი?
– სიმბოლურად შევარჩიეთ 79 ამბავი, რადგან 31 მარტს ზვიად გამსახურდია 79 წლის გახდებოდა, თორემ ისე, ათასობით ამბავი გვაქვს შეგროვებული და მას აუცილებლად გამოვცემთ, ოღონდ სხვა ფორმატში.
– რა თემატიკით და თანმიმდევრობით არის შერჩეული ამბები?
– ვეცადეთ, ამბები ქრონოლოგიურად დაგველაგებინა – მოსწავლეობიდან პრეზიდენტობამდე. მასში შესულია მისი თანამოაზრეებისა თუ მასთან დაპირისპირებული ბანაკის, კოლეგების, მხარდამჭერების, ოპონენტების, უცხოელი ჟურნალისტების, სხვადასხვა დროს ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებული ამა თუ იმ მოვლენის თვითმხილველთა პირადი ჩანაწერები და მოგონებები.
 წიგნში ამოიკითხავთ თვით ბატონ ზვიად გამსახურდიას გამონათქვამებს სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებულს, იუმორს, წინასწარმეტყველურ შეფასებებს და ა.შ.
მაგალითად, ბაკურ გულუა იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 1991 წლის 31 მარტს, რეფერენდუმის გამარჯვების დღეს, როცა ყველა აღფრთოვანებული და გახარებული იყო, ზვიად გამსახურდიას ასეთი წინასწარმეტყველური სიტყვები უთქვამს: “ჩვენი წარმატებები შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს, სწორედ რომ ჩვენი შინაგანი გახლეჩვის გამო.
წიგნი, როგორც ამ სერიის ყველა გამოცემა, საინტერესოა ყველა თაობისთვის და ადვილად იკითხება ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში.
წიგნი გაზეთ ახალ თაობასთან ერთად 3 აპრილიდან გაიყიდება.
წიგნის და გაზეთის ფასი 9 ლარი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018