დაჭრილი თაკო გამრეკელაშვილის გადარჩენას მისი შვილები ცდილობდნენ

კურიერმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები მოპოვა.

დოკუმენტებით დგინდება, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მამინაცვალმა შვილების თვალწინ მოკლა. დედის გადარჩენას, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, 3 და 6 წლის ბავშები ცდილობდნენ.

დის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ამბავი თათია გამრეკელაშვილს პირველად 5 წლის დისშვილმა უამბო. მცირეწლოვანი ბავშვი, 4 წლის ძმასთან ერთად, დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას და როგორ დატოვა დამნაშავემ შემთხვევის ადგილი.

გარდაცვლილის დის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან, რომელიც კურიერმა მოიპოვა, ირკვევა, რომ მკვლელის გაქცევის შემდეგ ბავშვები დედის გადარჩენას ცდილობდნენ. მათ ტანსაცმელი სისხლით ჰქონდათ დასვრილი.

მოკლულის დედა – ნათელა გობაძე, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ვარაუდობს, რომ მის ყოფილ ქმარს მკვლელობა წინასწარ განზრახული ჰქონდა, რადგან წინა დღეს შეამჩნია, რომ ბარნოვზე ნაქირავები სახლის საკეტი დაზიანებული იყო. პარალელურად, ვეფხია ბაქრაძემ ქალს მისწერა, რომ 2 დღით კახეთში მიდიოდა და ქალაქში არ იქნებოდა.

გარდაცვლილის დედა ირწმუნება, რომ ყოფილ ქმართან კონფლიქტი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამწვავდა, როდესაც ციხიდან გამოსული ვეფხვია ბაქრაძე მას თანაცხოვრებას აიძულებდა. შემდეგ კი ქალი კუმისში ნაქირავებ ბინაში მოტყუებით აიყვანა, სცემა და ჯაჭვით დააბა. რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა. ნათელა გობაძის მტკიცებით, რამდენიმე კვირიან ტყვეობას ქალმა თავი მხოლოდ მას შემდეგ დააღწია, რაც ბაქრაძეს შერიგებას და დაქორწინებას დაჰპირდა.

ნათელა გობაძის მტკიცებით, ყოფილი ქმარი მასთან საცხოვრებლად გადასვლას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილების მოკვლით ემუქრებოდა.

ნათელა გობაძე აცხადებს, რომ თაკო გამრეკელაშვილის მიმართ ვეფხვია ბაქრაძეს ყოველთვის განსაკუთრებული აგრესია ჰქონდა. პირველად მათ შორის დაპირისპირება 2013 წელს მოხდა, როდესაც ყოფილმა მამინაცვალმა გოგოს სამკაულები მოპარა. საქმეს პოლიციაც იძიებდა.

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ვეფხვია ბაქრაძე ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. თუმცა, 63 წლის კაცს მიაჩნია, რომ მუხლის კვალიფიკაცია არასწორია.

თაკო გამრეკელაშვილის შვილებს კი სამართალდამცველები ამ დრომდე მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ კითხავენ.

რუსთავი 2

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018