გედევან ფოფხაძე: “ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობის სხდომაზე არ ველოდები”

გედევან ფოფხაძე: "ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობის სხდომაზე არ ველოდები"“ქართული ოცნების” წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არსებულ ვითარებასა და უმრავლესობის სხდომის გადადებაზე საუბრობს.
– ბატონო გედევან, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გადაიდო. თქვენ ხედავთ ამაში პრობლემას? როგორც ითქვა, სხდომა შეიძლება შაბათს გაიმართოს.
– სხდომის გადადებაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია, სხდომა გაიმართოს და კარგად ორგანიზებული იყოს. სხდომა ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე. ისე, უმრავლესობის ფორმატში ჩვენ ხშირად ვიკრიბებით და ამის პრობლემა არ არის. მე მაინტერესებს სხდომის დღის წესრიგი, აქცენტები და თუ რაზე იქნება სხდომა ორიენტირებული. ამდენად, როდის ჩატარდება სხდომა, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
– პრობლემატური საკითხები იქნება განხილული?
– დეპუტატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ყველამ გააჟღეროს თავისი პრობლემა. რატომ შეიქმნა ეს პრობლემები – კომუნიკაციის არქონის გამო შეიქმნა ეს პრობლემები. გარდა ამისა, საერთო ფორმატზე უნდა ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა მოხდეს უმრავლესობის შიგნით გადაწყვეტილების მიღება. რა მექანიზმები უნდა არსებობდეს ამისთვის, რომ განსხვავებული აზრის მქონე დეპუტატებს მიეცეთ შესაძლებლობა, თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და, თუ საჭირო იქნება, გაასაჯაროვონ კიდეც ეს პოზიცია.
– როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოხდეს ეს, თქვენ რას შესთავაზებთ ამ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერებს?
– მე ამ სხდომაზე დავაყენებ საკითხს სარეიტინგო კენჭისყრების შემოღებასთან დაკავშირებით იმ საკითხებზე, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობაა უმრავლესობაში. ეს უნდა იყოს სავალდებულო. მე აქამდეც ვთავაზობდი უმრავლესობას ამას. სარეიტინგო კენჭისყრების პრაქტიკა უმრავლესობის შიგნით იშვიათად გვაქვს, თითქმის არ გვქონია. ამის აუცილებლობა არის. მაგალითად, როდესაც შემოდის კანონპროექტი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ასეთი იყო გენდერულ საკითხთან დაკავშირებით.
თუ მოხდება მსგავს საკითხებზე წინასწარი კენჭისყრა და ვნახავთ, რომ უმრავლესობის შიგნით პოზიცია ვერ ჯერდება, მაშინ ეს საკითხი საერთოდ არ გავა სესიაზე და კენჭისყრაზე არ დადგება, ან თავისუფალი კენჭისყრის რეჟიმზე იქნება გატანილი. ეს ყველაფერი პროცედურულად უნდა გაიწეროს.
ბევრი სხვა საკითხია, რომელიც ასევე უნდა გაიწეროს. მაგალითად, დეპუტატს, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს, უნდა მიეცეს საშუალება, თავისი სიმართლე დაამტკიცოს. მაგალითად, სასამართლო კოლეგიაზეც კი ფიქსირდება მოსამართლის განსხვავებული აზრი, რომელიც კოლეგიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. პარლამენტსაც უნდა ჰქონდეს ეს შესაძლებლობა ცალკეულ შემთხვევებში, დეპუტატმა თავისი განსხვავებული აზრის გასაჯაროება უნდა შეძლოს, უნდა შეეძლოს მას იმ არგუმენტების წარმოჩენა, რომლებიც აქვს.
– არაოფიციალურ დონეზე დეპუტატებს შორის ამ საკითხებზე არის საუბარი?
– დიდი ხნის წინაც მქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ ვერ შევთანხმდით. ახლა ამ შეხვედრაზეც წამოვაყენებ ამ საკითხებს. მეორე მხრივ კი შეიძლება დააყენონ საკითხი იმ ვალდებულებებზე, რომლებიც ნებისმიერმა დეპუტატმა უნდა შეასრულოს, რაც რეგლამენტით არის განსაზღვრული. ეს იქნება დამატებითი შეთანხმების საგანი, რადგან ყველაზე დიდი ვალდებულება, რაც დეპუტატს აქვს, ეს არის ვალდებულება ხალხისა და ქვეყნის წინაშე, ეს ვალდებულება პოლიტიკური ვალდებულებით არ უნდა გადაიფაროს.
– რას გულისხმობთ პოლიტიკურ ვალდებულებაში, გარკვეული კანონპროექტის გატანას თუ რას?
– კანონპროექტის გატანას ვერავის დავუშლით, ის შეეცდება უმრავლესობის რეჟიმში მხარდაჭერის მოპოვებას, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რასაც უმრავლესობა არ ეთანხმება, ამიტომ წინასწარი კონსულტაციები უნდა არსებობდეს და ეს ყველაფერი უნდა გაიწეროს.
– თქვენ თქვით, რომ ივანიშვილი არის ის ფიგურა, ის ლიდერი, რომლის ავტორიტეტიც თქვენ მიერ იქნებოდა გათვალისწინებული. რას გულისხმობდით, უფრო კონკრეტულად რომ მითხრათ? და ელოდებით სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს?
– ბიძინა ივანიშვილს ამ კონკრეტულ სხდომაზე მე არ ველოდები. არ ველოდები მისგან რაიმე სახის დამატებით ჩარევას და კონკრეტულ მონაწილეობას. ეს არის ჩვენი საშინაო საკითხი და ერთმანეთში უნდა მოვილაპარაკოთ. თუმცა, ბატონ ბიძინას აქვს სერიოზული პოლიტიკური ავტორიტეტი და სერიოზული კაპიტალი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იყოს კრიზისულ სიტუაციებში. ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ ასეთ კრიზისს, მაგრამ ზოგადად, მისი მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში პროცესის პოზიტიური განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა