იყალთოში ზოოპარკი, კაზინო და ნავმისადგომი აშენდება?

იყალთოში ზოოპარკი, კაზინო და ნავმისადგომი აშენდება?იყალთოს განაშენიანების გეგმა, რომელიც თელავის თემის საკრებულომ 2017 წლის 18 აგვისტოს დაამტკიცა, სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე სოფლის ტერიტორიაზე ზოოპარკის, კაზინოს, ნავმისადგომის, ამფითეატრის, ბულვარისა და ტექნოლოგიური პარკის მოწყობასაც ითვალისწინებს.
იმავე დადგენილებით საკრებულომ აკრძალა მეტროსადგურებიდან 5 მეტრის რადიუსში სავაჭრო ჯიხურებისა და დროებითი ნაგებობების განთავსება. დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთების განაშენიანებასთან დაკავშირებული ზოგიერთი რეგულაცია არ ვრცელდება აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საჰაერო-საბაგირო ნაგებობებზე, ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე.

ამგვარი არარეალური ჩანაწერების ნორმატიულ აქტში ასახვა, სავარაუდოდ, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის განაშენიანების გეგმის მექანიკური კოპირებით არის გამოწვეული.

თელავის საკრებულოს ზემოაღნიშნული დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 2017 წლის 24 აგვისტოს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც მასში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა.

რეგინფო