კახა კუკავა – “ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბედს გაიზიარებს”

კახა კუკავა - "ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბედს გაიზიარებს"პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, თანამდებობას დაემშვიდობოს. მის მიმართ გუნდში აშკარად უარყოფითი განწყობაა. კერძო საუბრებში დეპუტატები იმასაც აღიარებენ, რომ პარლამენტის რეალური თავმჯდომარე არა კობახიძე, არამედ ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე კობახიძეს ტონს უწუნებს. მას ძალიან არ მოეწონა, როგორ მოიხსენია კობახიძემ გედი ფოფხაძე. ამბობს რომ სპიკერი უმრავლესობის უფროსი არაა და შესაძლოა ის პოსტიდან გადააყენონ.
– მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ გუშინ და გუშინწინ მოსული ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ “ქართულ ოცნებაში”, იმათმა არ გაიზიარონ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება და რაღაცა პირადი კერძო სარგებელი მიიღეს ამ “ქართულ ოცნებაში” ყოფნით და დღეს ვინც მათ ეს მიანიჭა იმის გამო უპირისპირდებიან პრემიერს. პარლამენტის თავმჯდომარე, მე მგონი, არ არის ჩვენი უფროსი რა.
ის არის ჩვენს მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდით მაგრამ ჩვენთვის ძალიან მიუღებელი გახდა ბოლო დროინდელი მისი განცხადებები თუნდაც ჩვენს კოლეგაზე, რომ ესეთი შეურაცხყოფილი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს. გედი ფოფხაძეს საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ ოცნებაში და ამიტომ ვიძახი, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
კითხვაზე, დააყენებს თუ არა პირადად ის ირაკლი კობახიძის გადადგომის საკითხს, ჭიჭინაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია-“თუ ეს საკითხი დროულად არ გაჩერდება, გამორიცხული არაფერი არ არის,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

10 აპრილს საღამოს ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ფრაქციების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატები ადასტურებდნენ, რომ საუბარი გედევან ფოფხაძის პატიიდან გასვლა-დარჩენის საკითხს ეხებოდა
– ერთი-ორი სიტყვა ითქვა გედევანის თაობაზე, მეტი არაფერი… სად ხედავთ დაპირისპირებას? – განაცხადა შოთა შალელიშვილმა.
მანვე არ დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე მსჯელობა და აღნიშნულ თემას ,,არასერიოზული“ უწოდა.
– ყოველგვარი იმპიჩმენტის საკითხს გამოვრიცხავ. ის მოცემულობა, რომელიც არსებობს, არის ადექვატური იმ პოლიტიკური ძალთა განლაგების, რაც არის უმრავლესობაში. შესაძლებელია, არსებობდეს გარკვეული წინააღმდეგობა და ამ წინააღმდეგობების დაძლევის მექანიზმების შემუშავებაზე ვილაპარაკეთ, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ყოფილი დეპუტატი, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა კობახიძის შესაძლო გადადგომაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდა. გასული წლის გაზაფხულზე კანონმდებლები საჯაროდ განიხილავდნენ კონსტიტუციას. თბილისში გამართულ განხილვაზე ფილარმონიაში ახალგაზრდები შევიდნენ და კითხვების დასმას შეეცადნენ. კითხვები მიწის გასხვისებას შეეხებოდა.
ამ ფაქტმა სპიკერი წყობილებიდან გამოიყვანა, მან ახალგაზრდებს ყვირილი დაუწყო და სულ ბოლშევიკები უწოდა. ამას საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა “ოცნებაში”. რაღაც დროის მანძილზე სპიკერი საერთოდ გააქრეს არენიდან. კახა კუკავა მაშინ ამბობდა, რომ საუბარი იყო გერმანიაში მის ელჩად გაგზავნაზე.
“ახალ თაობასთან” საუბარში კახა კუკავა აცხადებს, რომ “ოცნებაში” სპიკერს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მისივე აზრით, თუ მისი გადაყენება გადაწყდება, ეს საკითხი კენჭისყრაზე არ დადგება.
– ამას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბედს გაიზიარებს. ყოფილი პრემიერი არც სპიკერს დაურეკავს პირადად, ვიღაცის პირით შეუთვლის, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთოს.
ღარიბაშვილს ივანიშვილის დანაბარები მაია ცქიტიშვილმა გადასცა და უთხრა, რომ განცხადება დისკზე უნდა ჩაეწერა. ეს ჩანაწერი ივანიშვილმა ნახა და ამის შემდეგ მიაწოდეს ის ტელევიზიებს. კობახიძეც ასე დაგვემშვიდობება, – ამბობს კახა კუკავა.
“ოცნების” შიგნით არსებულ ვითარებას ყოფილი დეპუტატი სერიოზულს და ფეთქებადსაშიშს უწოდებს.
– 2012 წლის 1 ოქტომბრამდე “ქართული ოცნების” შემადგენლობაში ძირითადად ის ხალხი იყო, რომლებმაც ნაციონალების ხელისუფლება შეცვალეს. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის ჩათვლით “ოცნებაში” ძალიან ბევრი პორტირებული ნაცი აღმოჩნდა. ეს მეოცნებეებს დიდად არ მოსწონდათ, მაგრამ ივანიშვილი ამბობდა, რომ ასეა საჭირო. მისი ავტორიტეტის გამო, თუ მართლა ეგონათ, რომ ასე იყო საჭირო, ბევრი პორტირებული ნაცი თავიანთ რიგებში მიიღეს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა – პორტირებული ნაცების წილი “ოცნებაში” რაოდენობრივად გაიზარდა. ისინი მმართველი პარტიის 2/3-ს შეადგენენ. რაც ყველაზე მთავარია, მათ პარლამენტში წამყვანი პოზიციები უკავიათ, – ამბობს “ახალ თაობასთან” საუბარში კუკავა.
მისი თქმით, პორტირებული ნაცები აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც წამყვან თანამდებობებზე არიან. კუკავას აზრით, ძველი მეოცნებეები ამის გამო ძალიან გაღიზიანებული არიან.
– დღეს “ოცნებაში” პორტირებული ნაცები და ლიბერასტები არიან დაწინაურებული. ძველი ქოცები, ის ხალხი, ვინც რეჟიმს ებრძოდა, გადაწიეს უკანა პლანზე. რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – ტელეკამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ელაპარაკება კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას.
იმ ვიდეოში კარგად ჩანდა “ოცნებაში” შექმნილი ატმოსფერო – წინა მოწვევის პარლამენტში პორტირებულები სტუმრის სტატუსით იყვნენ. ახლა ისინი არიან მასპინძლები, – აღნიშნავს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი.
კახა კუკავას თქმით, მასპინძლებიდან სტუმრის როლში საკმაოდ მნიშვნელოვანმა ფიგურებმა გადაინაცვლეს.
– ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ზაზა პაპუაშვილი, გედი ფოფხაძე – ხალხი, ვინც რეჟიმს ებრძოდა მეორე პლანზე ჰყავთ. მიუთითეს, ხელფასი აიღეთ და მეტი არაფერი გეკითხებათო.
“ოცნებაში” არიან ისეთები, ვინც ბედს შეეგუა და მხოლოდ ხელფასს დათანხმდა, მაგრამ ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს, – ამბობს კუკავა.
მისი თქმით, “ოცნების” დეპუტატების დიდ ნაწილს განსაკუთრებული აგრესია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ აქვს:
– დეპუტატების ნახევარზე მეტი ირაკლი კობახიძეს აგინებს. მის სპიკერობას მხოლოდ ივანიშვილის გამო ითმენენ.
კუკავა ვარაუდობს, რომ ივანიშვილისთვის ანგარიშის გაწევაც დასრულდება.
– ბუნებაში უცვლელი არაფერი არ არის. საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ივანიშვილის მორჩილია, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ხვალაც ასე იქნება. შევარდნაძეს მოქალაქეთა კავშირიდან ის ხალხი აუმხედრდა, ვინც ყველაზე დიდი მონა იყო, – აღნიშნავს კუკავა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა