ლაშა ჩხარტიშვილი – “ივანიშვილი ახალ როკის გვირაბს აშენებს” – რატომ აწვდის ხელისუფლება ოკუპანტებს დენს უფასოდ

ლაშა ჩხარტიშვილი - "ივანიშვილი ახალ როკის გვირაბს აშენებს" - რატომ აწვდის ხელისუფლება ოკუპანტებს დენს უფასოდრა პრობლემებს უქმნის საქართველოს გიგანტური ჰესები, ვინ და რა მიზნით ცლის საქართველოს მთიან რეგიონებს, რისთვის და ვისთვის შენდება ახალი გზა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება.
ლაშა ჩხარტიშვილი:
– “ქართული ოცნება” სულ უფრო ემსგავსება სააკაშვილის ხელისუფლებას, ძალადობით და სპეცრაზმების მეშვეობით ცდილობს ჰესების მშენებლობის დაწყებას. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობა დაითანხმონ იმაზე, რაზე დათანხმებაც არ შეიძლება. ამ დათმობაზე წასვლა დასავლეთ საქართველოს მთიანეთის დაცლის და განადგურების ტოლფასია.
გარდა იმისა, რომ სვანეთში გიგანტური ჰესების აშენება არ შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ეს ხალსიხ ნების წინააღმდეგ კეთდება. ჩვენ ვართ იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე მხარე, რომელიც საზოგადოების ჩართულობის გარეშე კრძალავს გარემოსთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას.
სპეცრაზმის დახმარებით, მესტიაჭალა-ჰესის მშენებლობის დაწყებას ხელისუფლება უკვე ორჯერ შეეცადა. ადგილობრივებმა ძალიან ივაჟკაცეს და თავიანთი კუთხე დაიცვეს. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო შვიდი თვის ფეხმძიმე გოგო მაგდა გულედანი, რომელიც გზაზე დაწვა და სპეცრაზმს გზა გადაუკეტა. მან ნამდვილი გმირობა ჩაიდინა.
ივაჟკაცა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც მორიგეობდა და ღამეებს ათენებდა. მათ ხელისუფლებას არ მისცეს იმის უფლება, რომ მესტიის განადგურება დაეწყოთ.
– შეძლებს მოსახლეობა ბოლომდე გაუმკლავდეს ამ ზეწოლას? ყაზბეგში ეს ვერ შეძლო და ხელისუფლებამ იქაურობა ააოხრა.
– მესტიელებმა აჩვენეს, რომ ისინი ბოლომდე აპირებენ ბრძოლას. მათ გვერდით უნდა დადგეს მთელი საქართველო. საქართველო გვერდით უნდა დაუდგეს რაჭასაც, სადაც ასევე აპირებენ ჰესების აშენებას. 7 ნოემბერს, ონში დიდი აქცია გაიმართება.
მინდა ყველამ კარგად გაიგოს, რომ დღეს საქართველოში გიგანტური ჰესების მშენებლობა აუცილებელი არ არის. ამის გარდა, არც მოსახლეობა და არც ქვეყანა ამ ჰესებიდან ხეირს ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, ძალიან დიდია ზარალი – ნადგურდება უნიკალური ბუნება.
ბუნების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განადგურებულია. ავიღოთ მდინარე თერგი, მისი ნახევარი ნაკადულად გადააქციეს. სხვა მდინარეებსაც იგივეს უპირებენ. ზოგან დატბორვის მეთოდის გამოყენებას აპირებენ. დატბორვა ცვლის კლიმატს და ნგრევის საფრთხეს შეიცავს, რამაც მოსახლეობის განადგურებამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ჩვენი მდინარეების 90% მილებში მოაქციოს.
მოსახლეობის პროტესტი სრულიად საფუძვლიანი და დასაბუთებულია. მათ არ უნდათ საკუთარი ქვეყნის აოხრება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამით საქართველო არაფერს მოიგებს.
– აბა რატომ აშენებენ ასე ისტერიულად ჰესებს?
– საქართველოს დღეისთვის დამატებითი ელექტროენერგია არ სჭირდება. რამდენიმე წელიწადში ალბათ იქნება ამის საჭიროება. ისიც ტყუილია, რომ ჩვენგან ვინმე წაიღებს ელექტროენერგიას. რუსეთს თავისი რესურსები აქვს. იგივე შეიძლება ვთქვათ სომხეთსა და თურქეთზე. აზერბაიჯანს ჩვენ რა უნდა მივაწოდოთ, როცა მათგან ვიღებთ ბუნებრივ აირს.
აქედან გამომდინარე ბუნებრივია ჩნდება კითხვა, მაშ ვისთვის ან რისთვის შენდება ამდენი ჰესი.
არ არის გამორიცხული, აქ ფულის გათეთრებასთან გვქონდეს საქმე.
მეორე ვარიანტი კი ის არის, რომ ეს ჰესები ბიტკოინების ქარხნისთვის შენდება. მოგეხსენებათ, რომ ბიტკოინებს დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება. როგორც ამბობენ, ბიტკოინების ქარხნის უკან ივანიშვილი დგას.
ხელისუფლებაში მოსვლამდე ივანიშვილი თავად ამბობდა, რომ არ დაუშვებდა გიგანტური ჰესების მშენებლობას. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა.
საქართველოს მოსახლეობა ამ ჰესებით ვერ ისარგებლებს. მათ იაფად ელექტროენერგიას არავინ მიაწვდის. სამაგიეროდ, დენს უფასოდ მიიღებენ ოკუპანტები.
ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, რომ შიდა ქართლში, მათ შორის ახმაჯში მყოფი რუსი ოკუპანტები დენს საქართველოს კონტროლირებადი ტეროტირიიდან იღებენ. მათ დენის საფასურს არავინ ართმევს, სამაგიეროდ, საქართველოს მოსახლეობას მოუწევს 2,5-ჯერ მეტის გადახდა.
ნენსკრა-ჰესის ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ თუ დენს გარეთ ვერ გაყიდიან, მაშინ საქართველომ უნდა შეიძინოს 2,5-ჯერ ძვირად.
ამ ჰესომანიამ საქართველოს შესაძლოა პოლიტიკური პრობლემებიც შეუქმნას. ჰესის აშენება გადაწყვიტეს პანკისშიც. იქ მდინარე ალაზნის მოქცევას აპირებენ მილებში. ამას ხეობაში მცხოვრები ქისტები და ქართველები ერთად აპროტესტებენ. მე ვშიშობ, რომ ამ პროტესტმა პოლიტიკური სახე არ მიიღოს.
– რატომ გგონიათ, რომ პროტესტი პოლიტიკურ სახეს მიიღებს?
– პანკისის ხეობაში ჯერ არ დავიწყებიათ გასული წლის ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაცია. რომლის დროსაც მძინარე ახალგაზრდა მოკლეს. ხალხი დღემდე ითხოვს ამ საქმის გამოძიებას. პანკისელები ძალიან გაღიზიანებულები არიან და ჰესების თემამ ეს პრობლემა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს.
ჰესები ძირითადად საზღვრისპირა რეგიონებში შენდება, ამ რეგიონების დაცლა კი საქართველოს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.
– როგორც ამბობენ, ვიღაცები შეგნებულად ცდილობენ, რომ საზღვრისპირა რეგიონები დაიცალოს. საუბარია იმ რეგიონებზე, რომლებზეც რუსებს პრეტენზია აქვთ. მაგალითად ავიღოთ თუნდაც ყაზბეგი.
– გამორიცხული არაფერი არ არის. ამ ჰესების მშენებლობის შედეგად, ამ რაიონებში ბუნება განადგურდება და იქაურობა გაუკაცრიელდება. დასახლებული რეგიონების მითვისება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დაცლილის. არ არის გამორიცხული, ამ ჰესომანიას ეს მიზანიც ჰქონდეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ჰესებით არც მოსახლეობა და არც ქვეყანა სარგებელს არ მიიღებს.
საზღვრისპირა რეგიონების დაცლაზე ვსაუბრობთ და აუცილებლად უნდა შევეხოთ ალტერნატიულ გზას, რომლის გაკეთებასაც აპირებენ. საუბარია
ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის გზაზე. ამ გზის აშენების არანაირი აუცილებლობა არ არის და თუ ვინმე ისარგებლებს ამ გზით, ეს იქნება რუსეთი.
იმ შემთხვევაში, თუ ეს გზა აშენდება, ჩათვალეთ, რომ რუსული საქმე გაკეთდება. აქამდე თუ რუსეთს ცალ-ცალკე მოუწევდა თუშეთის, ხევსურეთის და ხევის დაკავება, ამ გზით სამივეს უპრობლემოდ დაიკავებს. ჩათვალეთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ახალ როკის გვირაბს აშენებს.

 შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა