ლაშა ჩხარტიშვილი – “თბილისი, ჭიათურა, ტყიბული, კაზრეთი და ზესტაფონი ეკოლოგიური უბედურების ზონებია”

ლაშა ჩხარტიშვილი - "თბილისი, ჭიათურა, ტყიბული, კაზრეთი და ზესტაფონი ეკოლოგიური უბედურების ზონებია"5 აპრილს მორიგი ტრაგედია დატრიალდა ტყიბულში. მინდელის სახელობის მაღაროს ერთ-ერთ გვირაბში ჭერი ჩამოინგრა, რამაც 6 მაღაროელის სიცოცხლე შეიწირა. 3 მაღაროელი მძიმედ დაშავდა.
ტრაგედიიდან რამდენიმე საათში ტყიბულში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და მწუხარე სახეებით შრომითი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. იმის გამო რომ საქართველოში შრომითი უსაფრთხოება დაცული არ არის, 5 აპრილის მსგავსი ტრაგედიები იშვიათობას არ წარმოადგენს.
არასამთავრობოების ნაწილი მომავალ კვირას შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრების მოთხოვნით, პარლამენტთან აქციას გამართავს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ შრომით და ეკოლოგიური გენოციდის შეჩერება მხოლოდ ხალხის აქტიურობას შეუძლია.
ლაშა ჩხარტიშვილი:
– რა უნდა ვთქვა ტყიბულის მაღაროში დატრიალებულ ტრაგედიაზე. ეს არის შრომითი და ეკოლოგიური გენოციდი, რომელსაც ხელისუფლება საკუთარ ხალხს უწყობს.
თებერვლის თვეში, ხელისუფლებამ კანონში შრომითი უსაფრთხოების შესახებ მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები შეიტანა. ამით კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ მისთვის ადამიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანი არ არის. მათ არ აინტერესებთ, რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს მცირე თუ დიდი ოლიგარქების ბიზნესი.
აი, ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ დღეს და, სამწუხაროდ, ეს თავად საზოგადოების დამსახურებაცაა.
– საზოგადოება რა შუაშია?
– ამ პრობლემაზე საზოგადოებაში თანმიმდევრული და სათანადო რეაქციები არ არის. ადამიანების ნაწილი თუ ცალკეული ორგანიზაციები ცდილობენ ხმის ამაღლებას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს ხმა ხელისუფლებამდე არ მიდის და შედეგიც დადგა – მაღაროში 6 ადამიანი დაიღუპა. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეულები არც მომავალში ვართ.
– რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია თავიდან იქნას აცილებული?
– პირველ რიგში ასეთ ფაქტებზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მწვავე რეაქცია. აუცილებელია კონკრეტული პირების დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში შრომითი გენოციდი გაგრძელდება.
– ვისი დასჯა მოიტანს შედეგს?
– ის ადამიანები უნდა დაისაჯონ, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. სანამ მხოლოდ მეისრეებზე გადატყდება ჯოხი, მანამ კიდევ ბევრი მსხვრპლი გვექნება. მნიშვნელობა არა აქვს, სად მოხდება ეს – ტყიბულში, ჭიათურაში, ზესტაფონსა თუ კაზრეთში.
იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას ადამიანების სიცოცხლე არ ადარდებს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახალი საპროტესტო კამპანია წამოვიწყოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ შრომითი უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები ახლა მაინც დამკვიდრდეს საქართველოში.
ამის გარდა, უნდა მოვითხოვოთ, რომ ინდუსტრიულ ქალაქებში ადამიანებს სიცოცხლის უფლება შეუნარჩუნდეს. ინდუსტრიულ ზონებში მარტო შრომითი უსაფრთხოება არ არის პრობლემა. იქ ეკოლოგიაც ძალიან მძიმე დღეშია.
ეს ინდუსტრიული ქალაქები, თბილისთან ერთად, ეკოლოგიური უბედურების ზონებს წარმოადგენენ.
დედაქალაქის შემთხვევაში ტრანსპორტით დაბინძურებული ჰაერია მთავარი მკვლელი. ინდუსტრიულ ქალაქებში კი საწარმოები იწვევს ეკოციდს. ეს საწარმოები უაღრესად მოძველებული ტექნოლოგიებით მუშაობენ. საუბარია როგორც შრომით, ასევე მომპოვებელ და გადამამუშავებელ ტექნოლოგიებზე.
ეს მოძველებული ტექნოლოგიები მხოლოდ მუშებს არ კლავს მყისიერად. ეს ძველი ტექნოლოგიები იმ ადამიანებსაც კლავს, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ამ ადამიანების სიცოცხლე რამდენიმე წლით არის შემოკლებული. ესეც ჩვეულებრივი მკვლელობაა.
– მინდელის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას დავუბრუნდეთ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე საათში გვითხრეს, რომ ნგრევა სამთო დარტყმამ გამოიწვია. ასეთ მოკლე დროში შეიძლება მიზეზის დადგენა?
– ასეთ მოკლე დროში დასკვნის გაკეთება შეუძლებელია და, შესაბამისად, ხელისუფლების პასუხი დამაჯერებელი არ არის. თანაც აქ მიზეზს მნიშვნელობა არა აქვს. რა მიზეზიც უნდა ყოფილიყო, ეს გვირაბი ანუ სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო უსაფრთხო, გამაგრებული და არ უნდა გამოეწვია ადამიანების მსხვერპლი.
შრომის ინსპექცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მას არანაირი უფლება არა აქვს. შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისით, “ქართული ოცნება” წინამორბედისაგან დიდად არ განსხვავდება.
ნაციონალური მოძრაობა პირდაპირ ამბობდა, რამდენი მუშა დაიღუპებოდა, რადგან მისთვის მთავარი ე.წ. ეკონომიკური განვითარება იყო, რაც სინამდვილეში მათთან შეზრდილი ბიზნესის განვითარებას გულისხმობდა და არა – ხალხის კეთილდღეობას.
მოქმედი ხელისუფლება ამბობს, რომ მათ აინტერესებს შრომითი უსაფრთხოება, რაღაც ღონისძიებებსაც ახორციელებს ამ მიმართულებით. ამის შედეგი სტატისტიკაშია ასახული, რაც ნაციონალების სტატისტიკაზე უარესია.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილი იყო ყაჩაღი და ყაჩაღურად კლავდა მშრომელებს, ხოლო ივანიშვილი არის მორიდებული ქურდი, რომელიც თავისი დაუდევრობით მშრომელების სიცოცხლეს იწირავს.
– ზემოთ თქვით, რომ იწყებთ კამპანიას იმისთვის, რომ ხელისუფლება აიძულოთ შრომით უსაფრთხოებას მეტი ყურადღება დაუთმოს. აქციები უნდა მოაწყოთ თუ რა ტიპის აქტიურობა იქნება?
– უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალ კვირას, 11 აპრილს, შევიკრიბებით თბილისის პარლამენტის შენობასთან, სადაც ხელისუფლებას მოვთხოვთ, რომ შრომითი უსაფრთხოება დაცულ იქნას. ამავე აქციაზე გავაპროტესტებთ დიდი ჰესების მშენებლობას. ეს აქცია 18.30 საათზე გაიმართება.
14 აპრილს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით პარლამენტის შენობის წინ, სადაც გიგანტური ჰესების მშენებლობას გავაპროტესტებთ. ამ აქციაზე შრომითი უსაფრთხოების დაცვის საკითხებსაც წამოვწევთ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა