ლევან ხაბეიშვილი: ივანიშვილი კვირიკაშვილს დაემუქრა – რა გაფრთხილება მისცა ყოფილმა პრემიერმა კახა კალაძეს

ლევან ხაბეიშვილი: ივანიშვილი კვირიკაშვილს დაემუქრა - რა გაფრთხილება მისცა ყოფილმა პრემიერმა კახა კალაძესრატომ გააქტიურდა მიხეილ სააკაშვილი, რაზე გაებუტა გედევან ფოფხაძე “ოცნებას”, რატომ დაიჭირეს კალაძის ახლობელი, რა შეუთვალა ივანიშვილმა ხუხაშვილის პირით კვირიკაშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
– საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა. ადრე თუ უკრაინას უკავშირდებოდა მისი პოლიტიკური გეგმები, ახლა ძირითადად საქართველოზე საუბრობს. არის მოსაზრება, რომ ის აქ დასაბრუნებლად ემზადება. დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი და მოხდება თუ არა მისი დაპატიმრება, როგორც ამით მეოცნებეები იმუქრებიან?
– მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები სრულად ასახავს იმ სიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაშია. მესამე პრეზიდენტი საუბრობს საქმიანად. ამბობს, რომ პენსია და პოლიციელის ხელფასები უნდა გაიზარდოს. ის ბანკების აღვირახსნილობის ალაგმვის აუცილებლობაზეც საუბრობს. ამბობს, რომ ივანიშვილთან დაახლოებულმა ბანკირებმა ფაქტიურად გაღლიტეს ქართველი ხალხი.
მიშას სრულიად ადეკვატურ განცხადებებს “ქართული ოცნების” მხრიდან არაადეკვატური დამოკიდებულება მოჰყვა. იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანის მიერ დასახელებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრონ, თქვეს, რომ სააკაშვილი თუ ჩამოვა, დაიჭერენ.
– დარწმუნებული ხართ, რომ მისი დამჭერები არიან?
– რისი დამჭერები არიან. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მისი დაპატიმრება თუ უნდოდათ, თებერვალში ჰქონდათ ამის შანსი, როცა პოროშენკოს ბრძანებით სააკაშვილი თვითმფრინავში ჩასვეს, რატომ რეკავდნენ კიევში და იხვეწებოდნენ, ეგ თვითმფრინავი თბილისში არ გამოუშვათო.
დარწმუნებული ვარ, რომ პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის საქართველოს დიდი სიამოვნებით გადმოსცემდა.
მიშას დაჭერა რომ არ უნდოდათ, ეს გასულ წელს პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდანაც გამოჩნდა. მაშინდელი შს მინისტრი, რომელსაც ეგონა, რომ არსენ ავაკოვს ესაუბრებოდა, იხევეწებოდა, სააკაშვილი საქართველოში არ გამოუშვათო. ეს კაცი ახლა თავისუფლად დადის, ევროპაში თავისუფლად გადაადგილდება და არაფერი ეტყობა, რომ ვინმე ეძებს.
ამ ფონზე მეოცნებეთა განცხადებები, რომ მიშას დაიჭერენ, ძალიან სასაცილოა. მიშას თუ დაიჭერენ, ამით ქვეყანა რას მიიღებს, პენსია გაიზრდება თუ პოლიციელების ხელფასი.
ასეთი სასაცილო განცხადებების გაკეთებას ურჩევნიათ, პრობლემების მოგვარების გზებზე იზრუნონ. განსაკუთრებით ახლა მეჩვენება მეოცნებეთა განცხადებები სასაცილოდ.
– ახლა რატომ არის მათი განცხადებები უფრო სასაცილო?
– თავად “ოცნებაში” ჭამენ ერთმანეთს.
– “ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ – იშლებიან მარტივ მამრავლებად?
– მანდ სულ სხვა რაღაც ხდება. თქვენ რა გგონიათ, გედი ფოფხაძე მართლა ნინია კაკაბაძის გამო მიდის საპარლამენტო უმრავლესობიდან? სულ სხვა რამეზეა ეგ გაბრაზებული.
– რაზეა გაბრაზებული?
– რამდენადაც მე ვიცი, ბორჯომის მერის მოადგილედ უნდოდა თავის ძმის დანიშვნა. ქოცებისგან უარი მიიღო და გაბრაზდა. მაგათ ყველას პირადი ამბიციები აქვთ, თორემ “ოცნებაში” ერთნაირი ღირებულებები რომ არა აქვთ, ეს ყველამ იცის.
“ქართული ოცნება” არის მილიარდერის გარშემო გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი. ისინი ქვეყანას მოაჯდნენ და ბიუჯეტს, როგორც თავის ჯიბის ფულს, ისე უყურებენ. ახლა ისინი საკმაოდ შეშინებული არიან.
– რა აშინებთ?
– ქვეყანაში “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო განწყობა ყოველდღე მატულობს. ქართველ ადამიანს ძალინ დიდი მოთმინება აქვს, მაგრამ რაღაცებს არ ჩაყლაპავს.
დარწმუნებული ვარ, რომ კვირიკაშვილის გუნდი არის დროებითი მთავრობა, რომელიც ძალიან მალე ჩამოშორდება ხელისუფლებას და პოლიტიკურ სანაგვეზე წავა. მათ არავინ და არასდროს აღარ გაიხსენებს.
ნაციონალებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს ხელისუფლებაში ყოფნისას, ამათ შემთხვევაში შეცდომებზეც არაა ლაპარაკი. “ოცნება” არის კრიმინალების ბანდა, რომელიც ხელისუფლების სათავეში ქვეყნის საძარცვავად მოვიდა.
– კორუფციის ბრალდებით არაერთი ჩინოსანია დაკავებული. ახლო წარსულში კახა კალაძის და გიორგი კვირიკაშვილის ნათესავებიც დააკავეს. ეს რისი მანიშნებელია?
– ეს იმის მანიშნებელია, რომ შიგნით აქვთ სერიოზული ბრძოლები. მიდის კლანური დაპირისპირება. ის, რომ ვიღაცას კორუფციაზე იჭერენ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კორუფციას ებრძვიან სისტემურად. აქ გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს.
როცა ასეთი გადანაწილება მიდის, სწორედ მაშინ ხდება სხვადასხვა ჩინოსნების გაწირვა, რომლებიც მცირედად არიან კორუმპირებულები. ამ დაკავებებით ერთმანეთს სიგნალებს უგზავნიან.
– კვირიკაშვილს და კალაძეს ვინ და რა მესიჯი გაუგზავნა?
– მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ კვირიკაშვილი უკვე წარსულია. ის ძალიან მალე დაგვემშვიდობება. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გახდება პრემიერი – გახარია, კალაძე, ღარიბაშვილი თუ ისევ კვირიკაშვილი. დღეს ქვეყანას მხოლოდ ერთი პატრონი ჰყავს და რა მნიშვნელობა აქვს, რომელ მოურავს დასვამს ბიძინა ივანიშვილი.
ის პრემიერებს, როგორც მარიონეტებს, ისე უყურებს და მათი გადაადგილებით ერთობა. დამჯერ ხელისბიჭებს სხვადასხვა თანამდებობებზე აგზავნის. მან კვირიკაშვილს გაუგზავნა მესიჯი, რომ მისი დრო ამოიწურა და უნდა წავიდეს.
– კვირიკაშვილი ამბობს, რომ კაი ხანი არაფერი ემუქრება.
– მაგ განცხადებაზე საინტერესო შეფასება გააკეთა გია ხუხაშვილმა. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მან თავისი პოზიცია გაახმოვანა. ტვ პირველის ეთერში ხუხაშვილი კაი პრემიერივით იმუქრებოდა, კვირიკაშვილმა რბილად წასვლა არ მოინდომა და ახლა ნახავს, როგორია ხისტად წასვლაო.
ძალიან საეჭვოდ მოიქნია მუშტები ხუხაშვილმა. ის დღემდე ივანიშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება და მისგან აქვს ინფორმაციები.
– ივანიშვილის პოზიცია გაახმოვანა ხუხაშვილმა?
– მოდით, ასე ვთქვათ, მისი ეს განცხადება იყო ბიძინა ივანიშვილისგან წამოსული ექო, რომელიც თავის მხრივ ხუხაშვილის პირით დაემუქრა კვირიკაშვილს. მას გასაგებად მიანიშნეს, რომ წყნარად თუ არ წავა, რაც ამ წლებში იშოვა, სულ ძმრად ადენენ.
კალაძესთან დაკავშირებით მთლად ასე არ არის საქმე. თბილისის მერი დიდი მაფიოზია. მთლად ივანიშვილივით ნათლიმამა არ არის, მაგრამ არც ჩამოუვარდება. ჩემი აზრით, მათ შორისაც რაღაც დაპირისპირებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში სამტრედიაში მის ახლობელს არ დაიჭერდნენ და არც თბილისის საკრებულოს დეპუტატს გაუშვებდნენ ციხეში, რომელიც მერის გუნდის წევრი იყო.
ბიძინა ივანიშვილისგან თბილისის მერმაც მიიღო მესიჯი – ჭკვიანად თუ არ იქნება და მორჩილებაში ნარმანიას არ დაემსგავსება, მასაც წასვლა მოუწევს.
აშკარაა, რომ საქმე გვაქვს მაფიოზურ-კლანურ თამაშებთან. ამ თამაშშია ჩაფლული მთელი “ქართული ოცნება”. ხალხი და ქვეყანა ყველას დაავიწყდა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა