ნიკოლ პაშინიანი: “ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სარგსიანმა ქვეყანა კულისებიდან მართოს”

ნიკოლ პაშინიანი: "ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სარგსიანმა ქვეყანა კულისებიდან მართოს"რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ხელისუფლების შენარჩუნების პირობებში ახალი რიგგარეშე არჩევნების შედეგი სრულიად პროგნოზირებადია, – განაცხადა მოძრაობის „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა.

განცხადება მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„ახლა უკვე ცხადია, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტია და კერძოდ, კარაპეტიანი თვლიან, რომ მოქალაქეები დაკმაყოფილდებიან სარგსიანის გადადგომით და ძალაუფლების შემდგომ გადაცემაზე ფიქრის დრო დადგა. ასეთ ვითარებაში ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, კერძოდ, ასეთი სცენარი არ იწერება რევოლუციის გეგმებში“, – განაცხადა პაშინიანმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიის მიერ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში,  მოსახლეობას ყველა საარჩევნო უბნის ბლოკირებისკენ და ტოტალური დაუმორჩილებლობისა და საპროტესტო აქციების განახლებისკენ მოუწოდებს.

„სერჟ სარგსიანი წავიდა, თუმცა სხვა რესპუბლიკელებსაც უნდა ჩამოვართვათ ძალაუფლება. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სარგსიანმა განაგრძოს ქვეყნის ფაქტობრივი მართვა კულისებიდან, მმართველი პარტიის ლიდერის სტატუსით“, – დაამატა პაშინიანმა.

მისი აზრით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ უნდა მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.