რა სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს საქართველოში არსებული შენობები

რა სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს საქართველოში არსებული შენობებიშენობა-ნაგებობების სეისმომედეგობის განმსაზღვრელ ორგანიზაციების თქმით, საქართველოში 8 ბალზე ნაკლები გამძლეობის სეისმომედეგობის მშენებლობა დაუშვებელია.

სპეციალისტებს ცალსახა პასუხი არ აქვთ, დაახლოებით რამდენ ბალს გაუძლებს ესა თუ ის შენობა, თუმცა, ხშირად ამბობენ, რომ ახალ აშენებული კორპუსების, დაახლოებით, 60% დასაშვებ ნორმას – 8-ბალიან მიწისძვრის ვერ გაუძლებს. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორ შეიძლება, შეფასდეს მოსალოდნელი საფრთხე, რომლის წინაშე საქართველო და განსაკუთრებით დედაქალაქი დგას? ექსპერტების თქმით, უნდა შეისწავლონ, რა ტიპის შენობა-ნაგებობებისგან შედგება თბილისი, როგორია მათი ხანდაზმულობის ვადა, რა უსაფრთხოების ნორმებია გამოყენებული და როგორ შეიძლება, ეშველოს უკვე ავარიულ შენობებს. ამ დროისთვის მხოლოდ ის ვიცით, რომ ქალაქის ერთი ნაწილი მანამდე აშენდა, ვიდრე სეისმომედეგობის საკითხი წამოიჭრებოდა, უფრო დიდი ნაწილი კი გასული საუკუნის 60-დან 80-იანი წლების ბოლომდე პერიოდში განაშენიანდა და მაქსიმალური სეისმოგამძლეობა 7 ბალზეა გათვლილი. ექსპერტების განმარტებით, საგანგებო კვლევების გარეშეც ჩანს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში აშენებულ შენობებში, ფაქტობრივად, არ გამოუყენებიათ სეისმოიზოლაცია. უსაფრთხოების ასეთი მეთოდი მხოლოდ გმირთა მოედნის ესტაკადებზეა გათვალისწინებული.

მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, რამდენად გამძლეა სახლი, რომელშიც ცხოვრობს, თუმცა, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შენობა-ნაგებობების წლოვანების ან სეისმომედეგობის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა და არც სტატისტიკა არსებობს. შესაბამისად, ამ საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს, იმის გასაგებათ, თუ როგორ სახლში ცხოვრობს, მხოლოდ კერძო ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით შეუძლიათ.

ექსპერტების განცხადებით, ბოლო საუკუნის მანძილზე საქართველოში 20-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა; მათ შორის, ნახევარი დამანგრეველი იყო. მაგალითად, 2002 წლის მიწისძვრამ მხოლოდ დედაქალაქს 24.000 ავარიული შენობა დაუტოვა. სამომავლოდ კი, ძლიერი მაგნიტუდის მიწისძვრის შემთხვევაში, შესაძლოა ეს  რიცხვი და მიწისძვრის შედეგები სავალალო აღმოჩნდეს.

ექსპერტების აზრით, პრობლემისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი გამოსავალი შენობების სეისმოიზოლაციაა.

იმედინიუსი