სენაკის მერიის 13 თანამშრომელი თანამდებობას დატოვებს

სენაკის მერიის 13 თანამშრომელი თანამდებობას დატოვებსსენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც 13 თანამშრომელი თანამდებობას დატოვებს. შესაბამისი გაფრთხილება მათ მუნიციპალიტეტის მერისგან 10 აპრილს მიიღეს.

გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართა. საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკადუას ინფორმაციით, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელმა განუმარტა, რომ მათი გათავისუფლება კანონის დარღვევით მოხდა.

– ერთიანდება მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურები. როგორც მათ გვითხრეს, ჩატარდა გასაუბრება, რომელსაც ესწრებოდა მერი. ლევან კუპრეიშვილი არ იყო კომისიის წევრი, მაგრამ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა. ამის შემდეგ კი, როგორც გვეუბნება, მიუვიდათ გაფთხილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, – უთხრა “ინტერპრესნიუსს” ჭკადუამ.

თავის მხრივ, სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი ამბობს, რომ რეორგანიზაცია კანონის დაცვით გამოცხადდა და ამის შესახებ ყველა თანამშრომელი ინფორმირებული იყო. მისი თქმით, რეორგანიზაციის მიზანი ოპტიმიზაცია და მეტი დატვირთულობაა.

– კანონის სრული დაცვით ჩატარდა რეორგანიზაცია, მათ შორის, გასაუბრებაც და თანამშრომლებს შესაბამისად გაეგზავნათ გაფრთხილებები. შეერთდა კულტურისა და სპორტის სამსახური და თანამშრომელთა რაოდენობა გახდა გადასახედი. ჩვენი მიზანია, სამსახურში დარჩნენ ის თანამშრომლები, რომელთაც აქვთ მეტი დატვირთვა და უფრო დავაფასოთ ისინი, ვისაც მეტი წვლილი აქვს მუნიციპალიტეტის განვითარებაში. სწორედ ასეთი ადამიანები დარჩებიან. ამ ეტაპზე სამსახურის გარეშე რჩება 13 ადამიანი, – აღნიშნა კუპრეიშვილმა. სენაკის მერის ინფორმაციით, რეორგანიზაცია ააიპებშიც არის დაგეგმილი.
„ინტერპრესნიუსი” ერთ-ერთ გათავისუფლებულ თანამშრომელს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მესამე კატეგორიის უკვე ყოფილ უფროს სპეციალისტს, ლევან სირიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ის მერის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა მიაჩნია, რომ კვალიფიციური კადრია და მისი ადგილი საჯარო სამსახურშია.
– ინფორმირებული ვიყავით რეორგანიზაციის შესახებ. შემდეგ დაგვირიგდა გაფრთხილებებიც. შეიქმნა დროებითი კომისია, რომელმაც დადო დასკვნა და ვინც იყო კომპეტენტური, ის დატოვეს. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ვთვლი, რომ ვარ საკმაოდ კვალიფიციური თანამშრომელი და მე უნდა ვიყო საჯარო სამსახურში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ხელმძღვანელობამ და ვნახოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. არის მობილობა და ველოდები შემოთავაზებას, – აღნიშნა ლევან სირიამ.

ინტერპრესნიუსი