”თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ტელეფონი ეჭირა და არა – ხელყუმბარა” – ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს

”თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ტელეფონი ეჭირა და არა - ხელყუმბარა” - ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნა მიიღესთემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დღეს ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნის შედეგები მიიღეს. რამდენიმეთვიანი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის ვერც თითის ანაბეჭდი და ვერც დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს.

ბოლო ოთხი თვეა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ სპეცრაზმელმა მაჩალიკაშვილს იმის გამო ესროლა, რომ მას ხელში ხელყუმბარა ჰქონდა და სამართალდამცველების აფეთქებას აპირებდა.

– პასუხი არის შემდეგი, არის გარკვეული ნაწილაკები, თუმცა რთულია მისი იდენტიფიცირება და აქედან გამომდინარე დასკვნაა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თითის კვალი, მისი ანაბეჭდები არ ფიქსირდება წარმოდგენილ ხელყუმბარაზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული.

უმთავრესი არგუმენტი, რომ თემირლანს ეჭირა ხელყუმბარა, არ დადასტურდა, – აცხადებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილიდან ნამდვილად იქნა ამოღებული ხელყუმბარა, თუმცა, მისი თქმით, იქ ის იმ ორი საათის განმავლობაში მიიტანეს და დადეს.

– წარმოდგენილი მტკიცებულებებით დავადასტურეთ, რომ მას ხელში ეჭირა ტელეფონი. ზუსტად 5 წუთის ინტერვალშია გასროლილი, რაც მან სმს შეტყობინება გააგზავნა, – აცხადებს კუბლაშვილი.

რუსთავი 2