ვის დარჩება ევკალიპტის ხე

ვის დარჩება ევკალიპტის ხემწვანე კონცხის დასახლებიდან ევკალიპტის ხის არგატანის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულთან – „დმანისის გადარჩენის ფონდთან“ კონტრაქტი ცალმხრივად, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე გაწყდება.

„ინტერპრესნიუსმა“ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული პირობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ შეასრულებს. როგორც ცნობილია, სწორედ აღნიშნულმა უწყებამ გამოიტანა აუქციონზე მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე ევკალიპტის ხე, რომელიც „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ შეიძინა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, ევკალიპტის ჯიშის ხის პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პრეტენდენტები, წინასწარ გახლდნენ ინფორმირებულნი იმის თაობაზე, რომ თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, სააგენტოს მიერ დადგენილ ძირითად/დამატებით ვადაში ვერ უზრუნველყოფს ქონების გატანას განთავსების ადგილიდან, ელექტრონული კონტრაქტი მოიშლება ცალმხრივად, ავტომატურად, ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების გარეშე.

კითხვაზე, თუ რატომ იყო აუქციონის პირობა ხის ტრანსპორტირება და რაში იგეგმება გამოთავისუფლებული ადგილის გამოყენება, უწყებაში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კომპეტენციას არ წარმოადგენს ევკალიპტის ადგილიდან გატანის შემთხვევაში, როგორ მოხდება გამოთავისუფლებული ადგილის გამოყენება.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ევკალიპტის ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, 27 მარტს 20.020 ლარად გაიყიდა. აღნიშნულ აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა.

ელექტორნული აუქციონის პირობების თანახმად, „მყიდველი ვალდებულია თანხის სრულად გადახდის დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან”.

თავის მხრივ, „დმანისის გადარჩენის ფონდი“ ხის ადგილიდან გატანას არ აპირებს. მისი წევრები სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ, რათა ევკალიპტის ხე იმ ადგილზე დარჩეს სადაც დგას.