ზაზა სარალიძე – ”მოწმემ თქვა, რომ მამამისი სცემეს”

ზაზა სარალიძე - ”მოწმემ თქვა, რომ მამამისი სცემეს”დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ერთი მოწმე დაიკითხა, რომელიც ჩხუბს უშუალოდ შეესწრო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი მოკლულის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა, მოწმემ მოსამართლეს უთხრა, რომ გამოძიების მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

– მოწმემ პირდაპირ განაცხადა, რომ წინასწარ გამოძიებაში ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა. მოწმემ ასევე თქვა, რომ გამომძიებლებმა და პოლიციის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ისიც დასძინა, რომ მამამისი სცემეს. ფაქტობრივად, ყველა ჯერზე ცრუ ჩვენება აქვს მიცემული, რადგან მასზე ზეწოლა იყო. დაჭრის ფაქტზე საერთოდ არაფერი უთქვამს, წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში კი ამბობდა, რომ დაინახა თუ როგორ უქნევდა ჩემს შვილს დანიან ხელს, დღეს კი დანა არ უხსენებია, – თქვა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ 3 აპრილს თქვა, რომ მომხდარში, სულ მცირე, კიდევ ორი ადამიანია დამნაშავე და ისინი დაკავებულები არ არიან.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში 10-ზე მეტი არასრულწლოვანი უკვე დაიკითხა.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იმედინიუსი